რუსეთში პატიმრების ექსტრადირება უნდა შეწყდეს: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება რუსეთში საქართველოდან ექსტრადირებული პატიმრის, 43 წლის დმიტრი პუშკარევის მკვლელობის ფაქტს და საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში პატიმრების ექსტრადირების განახლებას ადამიანის უფლებებთან მკაცრად შეუსაბამოდ მიიჩნევს.

„4 ოქტომბერს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოდან რუსეთში ექსტრადირებული დმიტრი პუშკარევის მკვლელობის შესახებ. რუსული მედიის თქმით, ის ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე მოძრავ ვლადიკავკავი-ადლერის მატარებელში მოკლეს მას შემდეგ, რაც მან სასჯელაღსრულების სამსახურის ერთი თანამშრომელი მოკლა, სამი კი დაჭრა. 24 სექტემბერს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა ინფორმაცია მისი და კორნეი ფედუნოვის გადაცემის შესახებ, რომელთაც რუსეთის პროკურატურა რუსეთში დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნას/მონაწილეობას და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ რამდენიმე დანაშაულს ედავებოდა. საქართველოს პროკურატურას რუსეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით განცხადება არ გამოუქვეყნებია.

აქვე ნიშანდობლივია, რომ რუსეთის გენერალური პროკურატურის ამ წლის, 2 თებერვლის განცხადებით, საქართველომ რუსეთს გადასცა ნიკიტა პოდსტავინი, რომელიც იძებნებოდა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რასაც მოჰყვა მსხვერპლის სიკვდილი). რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მსგავსი შინაარსის განცხადება ასევე გამოაქვეყნა 2026 წლის 3 ივლისს, სადაც საქართველოდან ექსტრადირებულ მაქსიმ ჩერბაკოვის შესახებ იუწყებოდა, ხოლო 17 ივლისს საქართველოდან მოხდა დაღესტნელი რასულ კაიტმაზოვის ექსტრადირება. 2026 წლის სექტემბერში ასევე განიხილებოდა მიხაილ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადირება, თუმცა ეს პროცესი გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად შეჩერდა და ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. კომიტეტმა საქართველოს ექსტრადიცია და დეპორტაცია კომიტეტში საქმის განხილვის დამთავრებამდე აუკრძალა. მისი დაკავების საქმეს კი ევროპული სასამართლო განიხილავს.

საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2022 წელს მიიღო, რის შესახებაც ქართულმა მხარემ სუმბაევი საქართველოს წინააღმდეგ საქმის განხილვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო იღებდა ვალდებულებას რომ არ მოახდენდა პატიმრების ექსტრადირებას რუსეთში, მანამ სანამ ევროპული სასამართლო ამ საკითხზე ევროპის საბჭო მიდგომას არ ჩამოაყალიბებდა. აქვე საქართველოს მხარემ წარადგინა სტატისტიკა, რომლითაც ამტკიცებდა რომ 2022 წლის მარტის შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაცია გაირიცხა ევროპის საბჭოდან, არც ერთი პატიმარი არ იყო გადაცემული საქართველოდან.[1] აქვე აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან 2022 წლამდე რუსეთის ფედერაციამ მათი მოქალაქეების საქართველოდან ექსტრადიციის შუამდგომლობით საქართველოს 33-ჯერ მომართა, 29 შემთხვევაში საქართველომ მოთხოვნა დააკმაყოფილა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთის მოთხოვნების პრაქტიკულად 90% შემთხვევაში აკმაყოფილებს.

როგორც ჩანს ამ საქმეში გამოცხადებული მორატორიუმი საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია, ისე რომ ამის შესახებ გენერალურ პროკურატურას განცხადება არ გაუკეთებია და როგორც მინიმუმ 2026 წლის თებერვლიდან აქვს დაწყებული პატიმრების გადაცემის პრაქტიკა.

როგორც ზემოთ აღნიშნა, რუსეთი ევროპის საბჭოდან 2022 წლის 16 მარტს გაირიცხა, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარე 2022 წლის 16 სექტემბრიდან აღარ არის; სასამართლოს კვლავ აქვს იურისდიქცია მხოლოდ რუსეთის იმ მოქმედებებზე, რომლებიც 2022 წლის 16 სექტემბრამდე მოხდა. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტმა (CPT) 2024 წელს განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება ფაქტობრივად აღარ უზრუნველყოფდა დაკავების ადგილების დამოუკიდებელი მონიტორინგისთვის აუცილებელ თანამშრომლობას და მიუთითა პატიმართა მოპყრობასა და მძიმე საპატიმრო პირობებთან დაკავშირებულ სერიოზულ შეშფოთებაზე.[2] გაეროს ორგანოებმა ასევე მიუთითეს წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, მათ შორის განსაკუთრებით უკრაინელ დაკავებულთა და სხვა მაღალი რისკის ჯგუფების მიმართ.

ექსტრადიციასთან დაკავშირებული სისხლის სამართლებრივი თანამშრომლობის თანმდევი ერთ-ერთი აუცილებელი სამართლებრივი ვალდებულება, რაც სახელმწიფომ უნდა დაიცვას წამების აკრძალვის იმპერატიული ნორმაა. სახელმწიფო ვალდებულია არ განახორციელოს ექსტრადიცია, თუკი არსებობს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის რეალური საფრთხე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე, პირის ისეთ სახელმწიფოში გადაცემა, სადაც მის მიმართ ასეთი მოპყრობის რეალური რისკია, აკრძალულია. ანალოგიური non-refoulement-ის (არდაბრუნების) პრინციპი გათვალისწინებულია გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლითაც: შეფასება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტული პირისთვის არსებულ, წინასწარ განჭვრეტად, რეალურ და პირად რისკს.

ამასთან, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვის ვალდებულება საქართველოსთვის მხოლოდ საერთაშორისო სამართლიდან არ გამომდინარეობს. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი პირდაპირ კრძალავს პირის ექსტრადიციას, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოში იგი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს. ამავე კანონის თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას იუსტიციის მინისტრმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ექსტრადიციაზე უარი სახელმწიფოს დისკრეციული პოლიტიკური არჩევანი კი არა, ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე სამართლებრივი ვალდებულებაა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვა აბსოლუტურია. თუ არსებობს არსებითი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ექსტრადირების შემთხვევაში პირი წამების ან არაადამიანური მოპყრობის რეალური რისკის წინაშე აღმოჩნდება, პასუხისმგებლობა სწორედ გადამცემ სახელმწიფოს ეკისრება, რადგან მისი გადაწყვეტილება უშუალოდ აყენებს პირს ასეთი მოპყრობის საფრთხის ქვეშ. ამ შეფასებისას მნიშვნელობა ვერ მიენიჭება პირისთვის წარდგენილი ბრალდების სიმძიმეს ან სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ინტერესს.

ამასთან, რისკის შეფასება უნდა იყოს არა ფორმალური, არამედ ინდივიდუალური, სრულყოფილი და მიმდინარე მდგომარეობაზე – ex nunc – დაფუძნებული. სახელმწიფომ უნდა შეაფასოს როგორც დანიშნულების ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობა, ისე კონკრეტული ჯგუფების მიმართ არსებული საფრთხეები და უშუალოდ საექსტრადიციო პირის ინდივიდუალური გარემოებები. გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლი პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს, გაითვალისწინოს დანიშნულების ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მძიმე, აშკარა ან მასობრივი დარღვევების მდგრადი პრაქტიკაც. მართალია, ქვეყანაში მძიმე ზოგადი ვითარება თავისთავად ყველა კონკრეტული პირის ექსტრადიციას ავტომატურად არ გამორიცხავს, თუმცა იგი სახელმწიფოსგან გაცილებით მკაცრ, დასაბუთებულ და ინდივიდუალიზებულ შემოწმებას მოითხოვს.

რუსეთის შემთხვევაში ამ შეფასებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ის 2022 წლის 16 სექტებრიდან აღარ არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე და ევროპული სასამართლო აღარ არის უფლებრივი დაცვის მექანიზმი რუსეთის მიერ ამ თარიღის შემდეგ ჩადენილ შესაძლო დარღვევებთან მიმართებით. პარალელურად, CPT-ის მიერ რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ფაქტობრივი შეწყვეტა მნიშვნელოვნად ზღუდავს თავისუფლების აღკვეთის ადგილების დამოუკიდებელი საერთაშორისო მონიტორინგის შესაძლებლობას. ასეთ პირობებში რუსეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ზოგადი დიპლომატიური გარანტიები ვერ ჩაითვლება თავისთავად საკმარის საფუძვლად ექსტრადიციისთვის. გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტიც ხაზგასმით მიუთითებს, რომ დიპლომატიური გარანტიები არ შეიძლება იქცეს non-refoulement-ის (არდაბრუნების) პრინციპის გვერდის ავლის საშუალებად და მათი შეფასებისას გადამწყვეტია გარანტიების კონკრეტულობა, სანდოობა და მათი შესრულების ეფექტიანი და დამოუკიდებელი მონიტორინგის შესაძლებლობა.

განსაკუთრებული სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მიერ საქმეში Sumbayev v. Georgia ევროპული სასამართლოს წინაშე დაფიქსირებულ ზემოთაღნიშნულ პოზიციასაც. შესაბამისად, თუ 2026 წელს საქართველომ მართლაც განაახლა რუსეთის ფედერაციაში პირთა ექსტრადიცია, ეს პრაქტიკა აშკარად განსხვავდება იმ ოფიციალური პოზიციისა და ფაქტობრივი მდგომარეობისგან, რომელიც საქართველოს მთავრობამ ევროპული სასამართლოს წინაშე დააფიქსირა და რომელსაც თავად სასამართლო დაეყრდნო. ხელისუფლებამ საზოგადოებას უნდა განუმარტოს, როდის, რა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დასრულდა გამოცხადებული მორატორიუმი, რა შეიცვალა 2022-2025 წლებთან შედარებით და რა დამატებითი გარანტიები არსებობს დღეს, რომლებიც რუსეთში გადაცემული პირების წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან ეფექტიან დაცვას უზრუნველყოფს. ამ საკითხებზე საჯარო და დასაბუთებული პასუხის არარსებობა განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც რუსეთის საპატიმრო სისტემის დამოუკიდებელი საერთაშორისო მონიტორინგის შესაძლებლობები, პირიქით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

დმიტრი პუშკარევის მკვლელობის ფაქტი თავისთავად არ იძლევა შესაძლებლობას დავასკვნათ, რომ საქართველოს მიერ მისი ექსტრადირება კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა იყო, მაგრამ მისი სიკვდილი კიდევ უფრო მწვავედ აყენებს კითხვას, რამდენად სრულყოფილად შეაფასეს საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა რუსეთში მის მიმართ მოსალოდნელი საფრთხეები, რა გარანტიები მიიღეს რუსეთისგან, არსებობდა თუ არა ამ გარანტიების შესრულების დამოუკიდებელი მონიტორინგის მექანიზმი და ახორციელებდა თუ არა ქართული მხარე პირის მდგომარეობის შემდგომ კონტროლს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა პირდაპირ მიუთითებს, რომ გადაცემის შემდეგ გამოვლენილი ინფორმაცია შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს იმის შესაფასებლადაც, რამდენად საფუძვლიანი იყო სახელმწიფოს მიერ რისკის წინასწარი შეფასება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის არსებული პრაქტიკის გაგრძელება, მით უფრო, სათანადო საჯარო დასაბუთების, განსაკუთრებით მკაცრი ინდივიდუალური რისკის შეფასებისა და რეალურად მოქმედი დამოუკიდებელი მონიტორინგის გარანტიების გარეშე, ქმნის საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლითა და გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის სერიოზულ რისკს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:

საქართველოს მთავრობას, იუსტიციის სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას დაუყოვნებლივ შეაჩერონ რუსეთის ფედერაციაში პირთა ექსტრადირება მანამ სანამ არსებითად არ შეიცვლება რეალობა რუსეთის ფედერაციაში და ამაზე არ იარსებებს კონსენსუსი საერთაშორისო საზოგადოებაში;

გენერალურ პროკურატურას გაასაჯაროონ 2022 წლის 16 მარტის შემდეგ რუსეთის ფედერაციიდან მიღებული საექსტრადიციო მოთხოვნების, მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული ექსტრადიციების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია;

იუსტიციის სამინისტროს განმარტოს სუმბაევი საქართველოს წინააღმდეგ საქმეში ევროპული სასამართლოს წინაშე დაფიქსირებული მორატორიუმის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი; ასევე მიუთითონ, რა სახის ინდივიდუალური გარანტიები და შემდგომი მონიტორინგის მექანიზმები იქნა გამოყენებული უკვე განხორციელებულ ექსტრადიციებთან დაკავშირებით“ – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

პოპულარული

აშშ-ში 2 საუკუნის მანძილზე პირველი ქალის სიკვდილით დასჯა განაჩენის აღსრულებამდე 2 საათით ადრე შეაჩერეს

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ ოთხშაბათს ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი ქრისტა პაიკის...

“მოზარდებს ინტიმური ფოტო-ვიდეოს გაგზავნას აიძულებდა” – კაცს ბრალი წარუდგინეს

პროკბრალი წარუდგინეს კაცს, რომელიც 8 და 11 წლის მოზარდებს...

1.2 მილიონი ლარი თბილისის სანაცვლოდ: კომპანია იბეროილის და ყოფილი მინისტრის საიდუმლო გარიგება

„ამხილე კორუფცია. გააზიარე ფაქტები“ -ს კაპანიის ფარგლებში საერტაშორისო გამჭვირვალობა...

რუსული ჭურვი მოლდოვის საზღვარზე ჩამოვარდა და სამგზავრო ავტობუსი დააზიანა

დღეს დილით, მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უკრაინის სამოქალაქო...

ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის – იოსელიანი პატიმარ დავითაძეზე

"ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა....

ყველა ამბავი

განადგურდა შავ ბაზარზე 553კგ ნარკოტიკული საშუალებები – შსს

შისაქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს. მათი საერთო ღირებულება ე.წ....

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა – ხანძარი გაჩნდა რეგიონის უდიდესი ნავთობობიექტი

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა.დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. ამის შესახებ მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი...

1.2 მილიონი ლარი თბილისის სანაცვლოდ: კომპანია იბეროილის და ყოფილი მინისტრის საიდუმლო გარიგება

„ამხილე კორუფცია. გააზიარე ფაქტები“ -ს კაპანიის ფარგლებში საერტაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ყოფილი შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძისა და კომპანია „იბეროილის“...

ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის – იოსელიანი პატიმარ დავითაძეზე

"ითხოვენ ჩემგან, რომ ვთქვა ის, რაც იმ კადრებში არ არის" -  ამის შესახებ, სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა   ტვ პირველის...

მე-6 ციხეში ვითარება დაძაბულია. პატიმარმა ვენები გადაიჭრა. პატიმრების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას – საბა სხვიტარიძე

"მე-6 ციხეში ვითარება დაძაბულია. პატიმარმა ვენები გადაიჭრა. პატიმრების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, ითხოვენ გავრცელებულ კადრებში მყოფი თანამშრომლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას" -...

რუსული დრონი თურქულ გემს მოხვდა – არის მსხვერპლი

რუსული დრონი, შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან თურქულ გემს მოხვდა - შედეგადაც ეკიპაჟის 2 წევრი დაიღუპა, მათ შორის გემის კაპიტანი.  ინფორმაცია...

აშშ ყურადღებით აკვირდება რუსულ ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების ცნობებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ციმბირში მდებარე რუსულ სამეცნიერო ლაბორატორიაში შავი ჭირის შესაძლო...

სოფელ ინგირში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის...

პროკურატურის განცხადებით,ზოდელავამ და ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს

პროკურატურა აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის...

პენიტენციური სამსახური პატიმარ დავითაძის ოჯახს პასუხობს და კიდევ ერთ ვიდეოს ასაჯაროებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დედის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მე-6 დაწესებულების მსჯავრდებულთა დეესკალაციის საკნებში გადაყვანა არ...

რუსული ჭურვი მოლდოვის საზღვარზე ჩამოვარდა და სამგზავრო ავტობუსი დააზიანა

დღეს დილით, მოლდოვა-უკრაინის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მორიგი საჰაერო იერიშის დროს, ჭურვი მოლდოვის საზღვართან მდებარე...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა – კავკასიის უნივერსიტეტი

"რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა"-კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება."კავკასიის უნივერსიტეტი ეხმაურება...