დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა ორშაბათს საიმიგრაციო კანონმდებლობის რეფორმის გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, ლეგალური იმიგრანტების უმრავლესობას მუდმივი ბინადრობის ნებართვის — ILR-ის — მისაღებად განაცხადის შეტანამდე ქვეყანაში მინიმუმ ათი წლის განმავლობაში ცხოვრება მოუწევს. არალეგალურ იმიგრანტებსა და ლტოლვილებს კი ოცი ან სულაც ოცდაათი წლის ლოდინი დასჭირდებათ.
ამჟამად ბრიტანეთში იმიგრანტებს, უმეტეს შემთხვევაში, ILR-ის მისაღებად განაცხადის შეტანა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების ხუთი წლის შემდეგ შეუძლიათ.
ბრიტანეთის მუდმივი ბინადრობის ნებართვა (ILR, indefinite leave to remain) პირს ქვეყანაში უვადოდ ცხოვრების, მუშაობის ან სწავლის, ნებისმიერი სოციალური დახმარების მიღებისა და სოციალურ საცხოვრებელზე განაცხადის შეტანის უფლებას აძლევს.
ახალი წესების თანახმად, რომელთა შესახებაც შაბანა მაჰმუდმა ორშაბათს პარლამენტში ისაუბრა, უახლოეს მომავალში — ზუსტი ვადა ჯერ არ დასახელებულა — ILR-ზე განაცხადის შესატანად ათწლიანი საბაზისო ვადა დაწესდება. ეს ვადა შესაძლოა შემცირდეს ან გაიზარდოს იმის მიხედვით, თუ რა სარგებელი მოაქვს იმიგრანტს ბრიტანეთისთვის და რამდენად არის ის ინტეგრირებული ბრიტანულ საზოგადოებაში.
მაგალითად, ადამიანები, რომლებიც წელიწადში 50 ათას გირვანქა სტერლინგზე მეტს გამოიმუშავებენ (გადასახადების შემდეგ თვეში 3293 გირვანქას, ანუ 4419 დოლარს), კვლავ შეძლებენ ILR-ზე განაცხადის შეტანას ბრიტანეთში ხუთი წლის ცხოვრების შემდეგ.
მათ, ვინც წელიწადში 125 ათას გირვანქაზე მეტს გამოიმუშავებს (გადასახადების შემდეგ თვეში თითქმის შვიდ ათას გირვანქას), მუდმივი ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადის შეტანის უფლება უკვე სამი წლის შემდეგ ექნებათ.
მეორე მხრივ, თუ იმიგრანტი გარკვეული სახის სოციალურ დახმარებას იღებს ან სავიზო წესები დაარღვია, მისთვის ლოდინის ვადა შესაძლოა ოც წლამდე გაიზარდოს.
იგივე ვადა დაწესდება არალეგალური იმიგრანტებისთვისაც (რეფორმის შესახებ სამთავრობო დოკუმენტში ისინი ლტოლვილებად არიან მოხსენიებული), რომლებიც ბრიტანეთში ზღვით, ნავებით ჩავიდნენ, თუმცა შემდეგ დასაქმდნენ ან სწავლა დაიწყეს.
იმ იმიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად ჩავიდნენ, არ მუშაობენ და არც სწავლობენ, ILR-ზე განაცხადის შეტანის უფლების მოსაპოვებლად მთელი ოცდაათი წლის ლოდინი მოუწევთ.
გარდა ამისა, ILR-ის მიღების მსურველს არ უნდა ჰქონდეს ნასამართლობა ან ბრიტანეთის სახელმწიფოს წინაშე დავალიანება. მას ბოლო სულ მცირე სამი წლის განმავლობაში გადასახადები უნდა ჰქონდეს გადახდილი, ასევე უნდა ჩააბაროს ინგლისური ენის გამოცდა და უკვე არსებული გამოცდა ბრიტანეთის კანონმდებლობის, ისტორიისა და კულტურის ცოდნაში — „Life in the UK“.
მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა ორშაბათს პარლამენტში განაცხადა, რომ ახალი წესები ბრიტანეთის სახელმწიფოს იმიგრანტებისთვის განკუთვნილ სოციალურ დახმარებებზე მილიარდობით გირვანქის დაზოგვის საშუალებას მისცემს.

ბრიტანელი პოლიტიკური მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ იმიგრაციის შემცირება მმართველი ლეიბორისტული პარტიისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ და არა იმდენად სავარაუდო ეკონომიის გამო, რამდენადაც იმ საფრთხის გამო, რომელსაც ლეიბორისტებს მემარჯვენე პოპულისტური პარტია Reform UK უქმნის. ამ პარტიისთვის იმიგრაცია ერთ-ერთი უმთავრესი თემაა.
როგორც BBC-ის პოლიტიკური მიმომხილველი კრის მეისონი იხსენებს, გასულ წელს შაბანა მაჰმუდმა განაცხადა, რომ იმიგრაციის საკითხზე ზომების მიღების დრო დადგა, რადგან 2021–2024 წლებში ქვეყნის მოსახლეობა იმიგრაციის — ძირითადად ლეგალურის — ხარჯზე 2,6 მილიონი ადამიანით გაიზარდა.
„ჩვენი ქვეყნის დაახლოებით ყოველი ოცდამეათე მცხოვრები სწორედ ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩამოვიდა“, — განაცხადა მინისტრმა მაჰმუდმა. ამიტომ, მისი აზრით, საჭიროა სწრაფი მოქმედება, რადგან ძალიან მალე ახალჩამოსულთა დიდი ნაწილი მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე — ILR-ზე — განაცხადის შეტანის უფლებას მოიპოვებს.
„დაბალანაზღაურებადი მიგრანტები, რომლებსაც თან ჩამოჰყავთ ოჯახის უმუშევარი წევრები და ბავშვები, დიდი ალბათობით, გაერთიანებული სამეფოსგან მნიშვნელოვან საბიუჯეტო ხარჯებს მოითხოვენ, — ამბობდა მაშინ მაჰმუდი. — ამიტომ სწორი იქნება, თუ ამ კატეგორიისთვის უფრო მკაცრ მოთხოვნებს დავაწესებთ მანამდე, სანამ ისინი მუდმივი ბინადრობის უფლებას მოიპოვებენ. მოქმედი წესებით, მათ სოციალური დახმარებისა და სოციალური საცხოვრებლის მიღების უფლება, ჩვეულებრივ, ჩამოსვლიდან ხუთი წლის შემდეგ უჩნდებათ“.
„ვინაიდან ამ კატეგორიის წარმომადგენელთა ძირითადი ნაწილის ჩამოსვლა 2022 წლიდან დაიწყო, ეს პერიოდი 2027 წლიდან დადგება“, — აღნიშნა მაჰმუდმა.
ამ წინადადებებს მაჰმუდის ცნობილი თანაპარტიელებიც აკრიტიკებდნენ. მაგალითად, როგორც კრის მეისონი იხსენებს, საბინაო საკითხების მაშინდელმა მინისტრმა ანჯელა რეინერმა განაცხადა, რომ „არაბრიტანული“ იქნებოდა ახალი წესების დაწესება იმ იმიგრანტებისთვის, რომლებიც ბრიტანეთში სხვა წესების მოქმედების დროს ჩავიდნენ.
ოფიციალური მონაცემებით, ბრიტანეთში იმიგრაციამ პიკს — თითქმის მილიონ ადამიანს — 2023 წელს მიაღწია. ეს კონსერვატორი და ბრექსიტის მხარდამჭერი ბორის ჯონსონის მთავრობის პოლიტიკის შედეგი იყო: ევროკავშირიდან გასვლის პროცესის დასრულებით მთავრობამ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის ბრიტანეთში თავისუფლად დასახლების შესაძლებლობაც გააუქმა, თუმცა პარალელურად დანარჩენი მსოფლიოსთვის სავიზო წესები გაამარტივა.
ამჟამად, დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (ONS) შეფასებით, ქვეყანაში მიგრაციის სალდო — სხვაობა ჩამოსულთა და წასულთა რაოდენობას შორის — განუწყვეტლივ და სწრაფად მცირდება: 2025 წელს ის 2024 წელთან შედარებით განახევრდა და მხოლოდ 117 ათასი ადამიანი შეადგინა.
დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა ამჟამად დაახლოებით 70 მილიონია. 2004 წლიდან, როდესაც ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაწევრიანებით მნიშვნელოვნად გაფართოვდა, ქვეყნის მოსახლეობა — ძირითადად იმიგრაციის ხარჯზე — თითქმის 11 მილიონით გაიზარდა.


