დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის დამატებითი შეზღუდვები დააწესონ. კოპენჰაგენი წინადადებებს ბრიუსელში 23 ნოემბერს წარადგენს. დანია ევროკავშირის ქვეყნებს სთავაზობს, რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების გაცემა შეწყვიტონ და შენგენის ზონაში რუსული არაბიომეტრიული პასპორტები აღარ აღიარონ. ამის შესახებ Reuters-მა შაბათს, 21 ნოემბერს, ევროკავშირის მთავრობებისთვის გაგზავნილ დოკუმენტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია. სააგენტოს ორმა დიპლომატმა ეს ცნობები დაუდასტურა. კოპენჰაგენი წინადადებებს, სავარაუდოდ, 23 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე წარადგენს.
„ახლა გადამწყვეტი მოქმედებისთვის ხელსაყრელი პირობებია და ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ, რათა არსებული, ერთმანეთთან შეუთანხმებელი ეროვნული ზომები მართლაც ერთიანი, ევროკავშირის მასშტაბით მოქმედი მიდგომით ჩავანაცვლოთ“, — ნათქვამია დოკუმენტში. „კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომლებიც ევროპის ძლიერებასა და მტკიცე გადაწყვეტილებას წარმოაჩენს.“
დანია ასევე მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, უფრო ხშირად გასცენ ისეთი ვიზები, რომლებიც მფლობელს შენგენის ზონის დანარჩენ ტერიტორიაზე მოგზაურობის უფლებას არ აძლევს, და რუსეთის მოქმედი და ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ქვეყანაში შესვლის უფრო მკაცრი შეზღუდვები შემოიღონ.
მომღერალ Kyivstoner-ზე თავდასხმის მცდელობა
რუსებისთვის სავიზო პოლიტიკის გამკაცრების მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დანიის დაზვერვამ 20 ნოემბერს განაცხადა, რომ უკრაინული წარმოშობის ამერიკელ რეპერ Kyivstoner-ზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთა. დაზვერვის სამსახურის ცნობით, ადგილობრივი კრიმინალური ჯგუფი სექტემბერში, კოპენჰაგენში გამართული კონცერტის დროს, მის მკვლელობას გეგმავდა, ხოლო თავდასხმის უკან რუსეთი იდგა.
ამ ფონზე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლიოკე რასმუსენმა, რუსი სამხედრო ატაშეს გაძევების გადაწყვეტილება გამოაცხადა. გამოცემა The Insider-მა ის რუსეთის დაზვერვასთან დააკავშირა. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა კი განაცხადა, რომ ქვეყანა შეამცირებდა რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ვიზების რაოდენობას.
კოპენჰაგენში რუსეთის საელჩომ იმავე დღეს განაცხადა, რომ Kyivstoner-ის საქმეზე დანიის ბრალდებებს მტკიცებულებები არ ამყარებს.
ევროკავშირი უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას ამზადებს
21 ნოემბერს ევროკომისიამაც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს დააკისრა პასუხისმგებლობა უკრაინელ რეპერზე თავდასხმის მცდელობისთვის. „მკაცრად ვგმობ რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ ორგანიზებულ თავდასხმის მცდელობას დანიის ტერიტორიაზე მყოფ ამერიკისა და უკრაინის მოქალაქეზე. ეს ევროკავშირის ტერიტორიაზე თავდასხმა იყო და ასეთი რამ დაუშვებელია“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, ევროკავშირი მალე წარადგენს უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას, რომელიც გააძლიერებს ევროპის მზადყოფნასა და შეკავების შესაძლებლობებს.
ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს დანიას და ყველა წევრ სახელმწიფოს, რომლებიც რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნე გახდნენ. ევროკომისია ასევე გეგმავს, მალე წარადგინოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი, რომელიც უკრაინის ომს უკავშირდება. Reuters-ის ცნობით, განსახილველ ზომებს შორის სავიზო შეზღუდვებიცაა.
უკრაინის არმიის მხარდამჭერმა რეპერმა Kyivstoner-მა მანამდე Instagram-ზე გამოაცხადა, რომ დანიაში კონცერტს აუქმებდა. მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურებმა გამოსვლა აუკრძალეს. აგვისტოში გავრცელდა ცნობაც, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმას პოლონეთში გეგმავდნენ.


