აღმოსავლეთ ლიბიის მთავრობამ დაადასტურა, რომ ქალაქ ბენღაზის მახლობლად მდებარე პორტში რუსულ სამხედრო ხომალდზე აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, მიზეზი დრონებით თავდასხმა იყო.
სპეციალიზებული გამოცემა Naval News-ის ცნობით, საუბარია რუსულ კორვეტ „მერკურიზე“, რომელიც, სავარაუდოდ, ინციდენტის შედეგად სრულად განადგურდა.
ეს ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით დადასტურებული არ არის. რუსეთის ხელისუფლებას ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია.
Naval News-ის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ „მერკური“ ბენღაზის პორტში რამდენიმე დღე იმყოფებოდა.
აღმოსავლეთ ლიბიის მთავრობა წერს, რომ რუსული სამხედრო ხომალდი ბენღაზიში საწვავის შესავსებად და მარაგების ასაღებად გაჩერდა, ვიდრე რუსეთში დაბრუნდებოდა.
Reuters-ი სამედიცინო წრეებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინციდენტს არავინ დაღუპულა, თუმცა არიან დაშავებულები. მათი რაოდენობა და მოქალაქეობა დაზუსტებული არ არის.
უკრაინული მედიის ცნობით, კორვეტი თან ახლდა იარაღის ტვირთით დატვირთულ კოლონას, რომელიც ლიბიის ეროვნულ არმიას გადაჰქონდა. ამ არმიას გენერალი ხალიფა ჰაფთარი ხელმძღვანელობს — აღმოსავლეთ ლიბიის მთავრობის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს.
„თითქმის უეჭველად განადგურებულია“
ბენღაზიში რუსულ ხომალდზე აფეთქებები თითქმის იმავდროულად მოხდა, როცა ფინეთის ყურეში, ფინეთის სანაპიროსთან ახლოს, რუსულ მშრალტვირთმზიდ Sparta II-ს დრონებით დაესხნენ თავს. ფინეთის ხელისუფლების ცნობით, ხომალდზე ხანძარი კვლავ გრძელდება და თავდასხმა შესაძლოა უკრაინასთან იყოს დაკავშირებული.
ბენღაზის ხელისუფლებამ თავდასხმა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად დაგმო. „ლიბიის მთავრობა არ დაუშვებს, რომ ლიბიის პორტები, ტერიტორია ან ტერიტორიული წყლები ანგარიშსწორების ან საერთაშორისო კონფლიქტების გატანის ადგილად იქცეს“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც Reuters-ი ციტირებს.
Naval News წერს, რომ „მერკური“, რომელიც ფორმალურად რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ეკუთვნის, ამჟამად არქტიკაში, რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ბაზებიდან მოქმედებს.
პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ ის „ხომალდების კოლონას აცილებდა“. ეს ხომალდები რუსეთის ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებული და, Sparta II-ის მსგავსად, იარაღის ექსპორტში მონაწილეობდნენ.
Naval News-ის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ შეისწავლეს რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, რომლებზეც ცეცხლმოკიდებული რუსული კორვეტი ჩანს.
„ლიბიის პორტ ბენღაზიდან გავრცელებული ცნობები ძლიერი აფეთქებების შესახებ იმაზე მიუთითებს, რომ რუსული სარაკეტო კორვეტი თითქმის უეჭველად განადგურდა, — წერს Naval News. — ხომალდი ცეცხლშია გახვეული, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, ნაპირთან ჩაიძირა თუ მთლიანად დაიწვა“.
პუბლიკაციის ავტორები იხსენებენ, რომ უკრაინას ხმელთაშუა ზღვაში რუსულ ხომალდებზე რამდენიმე წარმატებულ თავდასხმაში მონაწილეობას მიაწერდნენ. 2024 წლის 23 დეკემბერს რეგიონში ჩაიძირა ხომალდი „ურსა მაიორი“, რომელსაც სირიაში რუსი სამხედროებისთვის მარაგები გადაჰქონდა, ხოლო 2026 წლის 3 მარტს სირიის სანაპიროსთან რუსული გაზმზიდი „არკტიკ მეტაგაზი“ გაანადგურეს.
ლიბიაში უკვე დაახლოებით ათი წელია, ორი მთავრობა არსებობს — ქვეყნის აღმოსავლეთსა და დასავლეთში. აღმოსავლეთს გენერალ ჰაფთართან დაკავშირებული კაბინეტი აკონტროლებს, ხოლო საერთაშორისო დონეზე აღიარებული და გაეროს მიერ მხარდაჭერილი ეროვნული ერთიანობის მთავრობა ტრიპოლიშია განთავსებული.



