საახალწლოდ თბილისის ცენტრალური ნაძვის ხის მორთვისთვის საჭირო ახალი ფიგურებისა და ნაძვის ხის ძირის კონსტრუქციის შესყიდვას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გამარტივებული წესით გეგმავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 343 026 ლარს შეადგენს. bpn.ge სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე დაყრდნობით წერს.
დაგეგმილია სულ 5 დასახელების დეკორაციისა და კონსტრუქციის შეძენა.
კერძოდ: 46 ცალი მანათობელი სათამაშო – ერთეულის ფასი 3 100 ლარი (ჯამში 142 600 ლარი); 12 ცალი ნაძვის ხის ძირის ფიგურა – ერთეულის ფასი 5 700 ლარი (ჯამში 68 400 ლარი); 1 ცალი ნაძვის ხის ძირის ოქროსფერი პოდიუმი – 23 000 ლარი; 25 ცალი მანათობელი ვარსკვლავი – ერთეულის ფასი 1 260 ლარი (ჯამში 31 500 ლარი); 60 ცალი მანათობელი ფიფქი – ერთეულის ფასი 420 ლარი (ჯამში 25 200 ლარი). ჩამოთვლილი ხუთი პოზიციის ჯამური ღირებულება ცხრილში 290 700 ლარს შეადგენს, რასაც დღგ-ს გადასახადი ემატება და საბოლოო ღირებულება 343 026 ლარს უტოლდება.
როგორც შემსყიდველი ორგანიზაცია განმარტავს, თბილისის მერიის დავალებით, ნაძვის ხის მორთვა მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.


