სადეზინფექციო სამუშაოები დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ეკლესია დამოუკიდებლად ვერ ჩაატარებს- მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ეკლესიას სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაეხმაროს, რადგან ის დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. დახმარების შემთხვევაში, მეუფის თქმით, ეკლესია უარს არ იტყვის.

“ეს არის დაკავშირებული დიდ თანხებთან, გამოცდილებასთან, ცოდნასთან. ეკლესია ამას დამოუკიდებლად ვერ ჩაატარებს. ეკლესიამ რომ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატაროს მას აუცილებლად უნდა დაეხმაროს ჯანდაცვის სამინისტრო. შეიძლება დაგვეხმაროს და გვეხმარება ჯანდაცვის სამინისტრო. ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა მოგვმართოს და ჩვენ უარს არ ვიტყვით”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობა საშიში და უსიამოვნოა, ერთმანეთს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ და საღ აზროვნებაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ. 

,,ვირუსის დამარცხება, ავადმყოფობის მკურნალობა დაკავშირებული არიან თანხებთან და პრევენცია, თავის დაზღვევა, რომ ავადმყოფობა არ დაგემართოს, უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. პანიკასთან ბრძოლა კიდევ უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, ნუ შეგვეპარება ეჭვი ერთმანეთის ადეკვატურობაში. ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა იმაში, რომ შევაჩეროთ ეს პანიკა. რა თქმა უნდა, საშიშია ავადმყოფობა, არასასიამოვნოა რომ დაგემართოს და ის შიში, რაც ადამიანს გააჩნია, რომ შეიძლება დაემართოს ყოველ დაცემინებაზე, რა თქმა უნდა, ძალიან უსიამოვნო პროცესია. მაგრამ იმის გამო, რომ საფრთხე არსებობს, ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას და ერთმანეთის საღ აზროვნებაში ნუ შეგვეპარება ეჭვი”,- თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

მან კიდევ ერთხელ უპასუხა ზიარების წესის ცვლილებასთან დაკავშირებულ კითხვებს და ჟურნალისტებს მოუწოდა, ინტერნეტში ნახონ, რას ნიშნავს ანტისეპტიკი, მისი გამოგონების და განვითარების ისტორია. 

შეგახსენებთ, რომ მეუფე ნიკოლოზმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ,,ღვინო ანტისეპტიკია და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია”.

ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას და ერთმანეთის საღ აზროვნებაში ნუ შეგვეპარება ეჭვი