პუტინისტური, ძალადობრივი პლატფორმის, ალტ-ინფოს დამფუძნებლები შსს–მ გამოკითხა. განყოფილების დატოვების შემდეგაც მათ ძალადობრივი მოწოდებები გააკეთეს.
კონსტანტინე მორგოშია ქუჩაში ხალხის გამოყვანით დაიმუქრა.
“არასდროს საქართველოში გეი პრაიდი არ ჩატარდება. ძალიან მალე იმაზე მეტ ხალხს ნახავთ, ვიდრე ოდესმე გინახავთ და ნებისმიერ მთავრობას, მათ შორის ამასაც, მოუწევს იმ კანონპროექტის მიღება, სადაც გეი პრაიდი კი არა, ჰეტეროსექსუალები ვერ გამოვლენ და ვერანაირი სექსუალური ორიენტაციის ადამიანი ვერ გამოვა. ჩვენ შევაგროვებთ 100 000-ს ხელმოწერას და იმას თქვენ არითმეთიკულად განახებთ,” – აცხადებს “ალტ-ინფოს” დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია.
“ალტ-ინფო” პრორუსული პლატფორმაა, რომელიც ადამიანებს ძალადობისკენ მოუწოდებს და ჰომოფობიურ გზავნილებს ავრცელებს.
ცნობისთვის, 5 ივლისს თბილისი პრაიდის ოფისის დარბევისთვისა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმისთვის 21 პირია დაკავებული.