ახალგაზრდა გოგოს, რომელიც ფეისბუქზე კოვიდინფიცირებული მშობლების გადარჩენის თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავდა, ambebi.ge–ს ინფორმაციით, დედა გუშინ, მამა კი დღეს დილით გარდაეცვალა.
მარიამ კაკაურიძე წერდა, რომ მის მშობლებს მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში სჭირდებოდათ, თუმცა ადგილების არარსებობის გამო მათი იქ მოთავსება ვერ მოხერხდა.
მისი თქმით, გამოძახებაზე სასწრაფო დაგვიანებით მივიდა, რის შემდეგაც მამამისი კლინიკა გორმედში გადაიყვანეს, თუმცა მას არც დამამაშვიდებელი გაუკეთეს და არც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
“ჩემი მშობლები სახლში მკურნალობდნენ! გახდნენ შეუძლოდ მამას გაუკეთეს პსრ ტესტი და დააწვინეს კლინიკა ბომონდში. 3 დღის შემდეგ მოვიდა უარყოფითი პასუხი და გამოწერეს სახლში! თბილისიდან ჩასულს მამა დამხვდა ცუდად, ვრეკავ 112-ში და ველოდები მათ 2 საათი არავინ მოდის, ჩემით მიმყავს გორმედის კლინიკაში, გზაში გამიხდა უფრო ცუდად… ვიძახებ გორის სასწრაფოს და მოდიან 30 წუთში დაახლოებით, მამასთან არავინ ჯდება მედპერსონალი და მე დავუჯექი! გორმედში მისულები 1 საათი დაახლოებით დერეფანში ვიყავით, არავინ გაუკეთა დამამშვიდებელი სანამ არ ვიყვირეთ. გამოჩნდა 2 ღვთისნიერი ექიმი და იმათ მიმიხედეს და მომიყვანეს დღემდე! ახლა, მამას სჭირდება სასწრაფო რეანიმაცია 2 დღეა და არაფერია ! 1505 112 ს მიმართეო, 112-მა ექიმები აგვარებენო, ექიმმა შენ იპოვე ექიმიო ! მამას აქვს კოვიდი და ინსულტი”,– წერდა კიკაურიძე.
ის დედამისის შესახებაც ყვებოდა, რომ 2 დღის განმავლობაში საავადმყოფოს მიმღებში იყო, მესამე დღეს კი დამძიმდა და რეანიმაცია დასჭირდება. გოგონა წერდა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსია.
“დედა, დედას არ გაუკეთეს ტესტი, რადგან ფეხზე იდგა და უფრო უკეთ იყო! “ბომონდში” თხოვნით ერთი გადასხმა გაუკეთეს და გაუშვეს სახლში! მეორე დღეს ცუდად გახდა, გამოვიძახე სასწრაფო და წაიყვანეს “უნიქალმედში”! იყო მიმღებში 2 დღე და არა პალატაში! პირველ დღეს გაუკეთეს გადასხმები, მეორე დღეს არაფერი და მესამე დღეს დამძიმდა. მადლობა მის ექიმს ვასო ფარცხალაძეს, შეუძლებელს აკეთებს დედასთვის! დედასაც ესაჭიროება რეანიმაცია! ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ! თქვენი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის და არასწორი ტესტის პასუხის გამო ვართ ასეთ დღეში! პირველივე სიმპტომიდან დაიწყეს მკურნალობა სახლში, თავისი ხარჯებით!” – წერდა მარიამ კაკაურიძე.
Ambebi.ge–ს ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვლილი ცოლ–ქმარი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კონტუათში ცხოვრობდნენ.