უკრაინაში ომი შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივი იყოს, ამიტომ დასავლეთმა თავდაცვის ხარჯები უნდა გაზარდოს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, წერს Spiegel.
“ომების უმეტესობა მოსალოდნელზე მეტხანს გაგრძელდა. ჩვენ ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა. ამავე დროს, უნდა ვაღიაროთ, რომ თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები შეწყვეტენ ბრძოლას, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი იარაღს დაყრიან, ჩვენ გვექნება მშვიდობა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა ასევე მოუწოდა გერმანიას, მნიშვნელოვნად გაზარდოს თავდაცვის ხარჯები. კერძოდ, მან გაიხსენა ნატოს ივლისის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ალიანსის ქვეყნებმა მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ ორი პროცენტი უნდა გამოყონ სამხედრო საჭიროებებზე.
„ცივი ომის დროს, როდესაც [კანცლერი] კონრად ადენაუერი ან ვილი ბრანდტი მართავდნენ, თავდაცვის ხარჯები შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის სამიდან ოთხ პროცენტს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.