იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე სტრასბურგში საქართველოს სასარგებლოდ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე ეხმიანება. მისი თქმით, სასამართლომ რუსეთის მიერ ქართველების ეთნიკური წმენდა დაადასტურა.
“საქართველომ გაიმარჯვა 12-წლიან სახელმწიფოთაშორისო დავაში, საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის პერიოდში დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი, ეს გადაწყვეტილება სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო, რომელიც არ საჩივრდება, 17 მოსამართლის შემადგენლობით და დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე, მას შეერაცხება პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისათვის, შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა”,– განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია: სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.