კონტრშეტევა ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით – უკრაინელები საზღვარს უახლოვდებიან

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვადიმ დენისენკო ამბობს, რომ უკრაინის ჯარები ხარკოვის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით უკვე ახლოს არიან სახელმწიფო საზღვართან.

“ხარკოვის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით უკრაინელმა ჯარებმა მართლაც წამოიწყეს კონტრშეტევა. ჩვენ უკვე ახლოს ვართ საზღვართან. იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს დღეებში შევძლებთ უკრაინის საზღვართან მისვლას”, – აცხადებს დენისენკო Unian-ის ცნობით.

მისივე განმარტებით, ოკუპანტების მიერ სამი ხიდის დანგრევამ შეიძლება გარკვეულწილად შეანელოს უკრაინის კონტრშეტევა.

რაც შეეხება რეგიონის სამხრეთს, დენისენკოს ინფორმაციით, ვითარება უფრო რთულია.

“თუ ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონის სამხრეთზე, ისინი [ოკუპანტები] ჯერ კიდევ კონცენტრირებულნი არიან, ფიქრობენ, კიდევ ერთი დარტყმა მიაყენონ სლავიანსკს, კრამატორსკის. ჯერჯერობით. ეს წარუმატებელი იყო, მაგრამ მათ აქვთ საკმაოდ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და აღჭურვილობა”,– აღნიშნა მინისტრის მრჩეველმა.