მარნეულში მომხდარ ინციდენტზე “ენმ”-ს წევრი ლაშა ქველაძე დააკავეს

მარნეულში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლაშა ქველაძე დააკავეს.

ადვოკატის განცხადებით, მისი დაკავება 162-ე პრიმა მუხლით მოხდა, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნოდ აგიტაციის ან კამპანიის დროს ძალადობას, ძალადობის მუქარას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

“გამოძიება არის პოლიტიზირებული, “ქართული ოცნება” ოპონენტების დაკავებას ცდილობს, ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავე პირები დააკავოს, რომლებმაც ლაშა ქველაძეზე თავდასხმა და ძალადობა განახორციელეს”,- აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის მერიის თანამშრომელი, გიგა ჯალაღონია და “ოცნების” აქტივისტი, გიორგი შალამბერიძე გუშინ დააკავა.