მოსკოვში ქართველი რესტორატორის, მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე, 53 წლის ელენა წერეთელი და მათი 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს. ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ელენას პარტნიორი, 47 წლის თეიმურაზ გოგიაშვილია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ის ვორონეჟის ოლქში დააკავეს. რუსული მედიის ცნობით, დაკავებულმა დანაშაული აღიარა.
ელენა წერეთლის სხეულის ნაწილები 3 ოქტომბერს, მოსკოვში, ჟულებინოს ბულვარზე მდებარე ბინაში აღმოაჩინეს. მედიის ინფორმაციით, ქალის ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მისმა დამ განგაში ატეხა — ელენა რამდენიმე დღის განმავლობაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.
ბინის დათვალიერებისას გამომძიებლებმა დანაშაულის სავარაუდო იარაღები, სისხლის მსგავსი ნივთიერების კვალი და იარაღისა და საბრძოლო მასალის სამალავი იპოვეს.
მოგვიანებით, ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხში, რომლითაც გოგიაშვილი სარგებლობდა, ელენას ქალიშვილის ცხედარიც აღმოაჩინეს. საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, იქ იარაღის კიდევ ერთი სამალავი იყო.
რა არის ცნობილი დაკავებულის შესახებ
გამომძიებლებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით გოგიაშვილის გადაადგილების მარშრუტი აღადგინეს. ის ვორონეჟის ოლქში, 1986 წელს დაბადებულ ქალთან ერთად დააკავეს და მოსკოვში გადაიყვანეს. ქალის დანაშაულთან შესაძლო კავშირს ამოწმებენ.
ТАСС-ის ინფორმაციით, გოგიაშვილმა დაკითხვისას განაცხადა, რომ ჯერ ქალიშვილი მოკლა ავტოფარეხში, შემდეგ კი — მისი დედა. სამართალდამცავ ორგანოებში სააგენტოს უთხრეს, რომ მკვლელობის მოტივი შესაძლოა საყოფაცხოვრებო კონფლიქტი ყოფილიყო. გამოძიებას დანაშაულის სრული გარემოებები ჯერ არ გაუხმაურებია.
რუსული მედია გოგიაშვილის ბიოგრაფიის შესახებ განსხვავებულ ცნობებს ავრცელებს. ТАСС-ის წყაროსა და Telegram-არხ Mash-ის ინფორმაციით, ის საქართველოში დაიბადა. Baza კი წერს, რომ გოგიაშვილი დონეცკიდანაა, ლუგანსკში სწავლობდა და მუშაობდა, მოგვიანებით კი რუსეთში გადავიდა.
Telegram-არხ „112“-ის ცნობით, გოგიაშვილი 2014 წლიდან დონბასში ბრძოლებში მონაწილეობდა და „სპარტას“ დანაყოფში მსახურობდა. ამავე წყაროს ინფორმაციით, მის ყოფილ მეუღლეს, ეკატერინას, 2014 წელს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის თანამდებობა ეკავა.
ეკატერინამ РЕН ТВ-ს უთხრა, რომ მას და გოგიაშვილს ორი შვილი ჰყავთ. მისი თქმით, გოგიაშვილი თავდაპირველად ელენა წერეთელთან წავიდა, მოგვიანებით სხვა ქალზე დაქორწინდა, მასთან განქორწინების შემდეგ კი ელენასთან დაბრუნდა. ყოფილმა მეუღლემ განაცხადა, რომ მანამდე მისთვის აგრესიისკენ მიდრეკილება არ შეუმჩნევია.
მედიის ცნობით, გოგიაშვილი სხვადასხვა დროს ბიზნესითა და ფიტნესმწვრთნელობით იყო დაკავებული. Baza-ს ინფორმაციით, 2023 წელს ის მოსკოვში ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა, საქმიანობის ძირითად მიმართულებად კი ავტომობილის კომპონენტების წარმოება მიუთითა.
42 მილიონ რუბლზე მეტი დავალიანება
ТАСС-ის ხელთ არსებული სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, გოგიაშვილს ტულაში მდებარე „აკადემიკოს ა. გ. შიპუნოვის სახელობის ხელსაწყოთმშენებლობის საკონსტრუქტორო ბიუროსთვის“ ხელშეკრულებით მიღებული ავანსის დაბრუნება დაეკისრა.
საქმის მასალებში მითითებულია 42 110 000 რუბლი — თანხა, რომლის შესაბამისი სამუშაოც არ შესრულდა. დამატებით, მას საარბიტრაჟო მოსაკრებლის ხარჯის, 570 000 რუბლის გადახდაც დაევალა. გოგიაშვილი განხილვაზე არ გამოცხადდა და საქმე მის გარეშე განიხილეს. გავრცელებულ ცნობებში ამ დავისა და მკვლელობის შესაძლო კავშირი მითითებული არ არის.
ელენა და მამუკა წერეთლების ბიზნესი
ელენა წერეთელი მეწარმე იყო. გამოცემა MSK1-ის ინფორმაციით, მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის უმაღლესი სკოლა მენეჯმენტის სპეციალობით დაამთავრა და სილამაზის სალონ „ვაშ ობლიკს“ ფლობდა.
ის ყოფილ მეუღლესთან, მამუკა წერეთელთან ერთად კომპანია „დანიკის“ დამფუძნებელიც იყო. კომპანია 1992 წლიდან უძრავი ქონების გაქირავებასა და მართვას ეწევა. MSK1-ის ცნობით, 2025 წელს მისი შემოსავალი 33,7 მილიონი რუბლი იყო, აქტივების ღირებულება კი — 304,2 მილიონი რუბლი.
მამუკა წერეთელი მოსკოვში სარესტორნო ბიზნესით იყო დაკავებული. მისი კომპანია Subway-ის ქსელს ავითარებდა და 2010 წლისთვის შვიდ ობიექტს მართავდა. მოგვიანებით მან საკუთარი პროექტები წამოიწყო, მათ შორის გასტროპაბი Beer Pairing.
მედიის ინფორმაციით, ელენა და მამუკა წერეთლები რამდენიმე წლის წინ განქორწინდნენ და ერთად აღარ ცხოვრობდნენ. მოკლული 19 წლის გოგო მათი საერთო ქალიშვილი იყო.
ორმაგი მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება.


