აშშ-ის სენატში თავისუფალი პრესის დაცვის შესახებ რეზოლუცია წარადგინეს, რომელშიც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები

აშშ-ის სენატში რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირდა, რომელიც მსოფლიოში პრესის თავისუფლების მიმართ არსებულ საფრთხეებს მიემართება და რომელშიც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები.

რეზოლუცია ოთხ ნაწილად იყოფა: პრესის თავისუფლების მნიშვნელობა; სტატისტიკა; კონკრეტული ჟურნალისტები და მოთხოვნები და მოწოდებები. პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების სიაში ნახსენებია საქართველო მზია ამაღლობელის მაგალითზე და ის არის ჩინეთის, რუსეთის, კუბის და სხვა ავტორიტარული ქვეყნების გვერდით.

რას მოიცავს აშშ-ის სენატში რეგისტრირებული რეზოლუციის პროექტი?

პრესის თავისუფლების მნიშვნელობა – ტექსტი იწყება იმის ხაზგასმით, რომ დამოუკიდებელი მედია არ არის მხოლოდ დემოკრატიის ნაწილი, არამედ ის არის მთავარი იარაღი ავტორიტარიზმის წინააღმდეგ; სტატისტიკა – ეყრდნობა რა საერთაშორისო ორგანიზაციების (Freedom House, Reporters Without Borders, CPJ) მონაცემებს, რეზოლუცია აცხადებს, რომ პრესისა და ინტერნეტის თავისუფლება მსოფლიოში ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო ქვეყნების ნახევარზე მეტში მედიისთვის „რთული ან სერიოზული“ მდგომარეობაა; კონკრეტული ჟურნალისტები – დოკუმენტში კონკრეტულად არიან ჩამოთვლილი მოკლული, გატაცებული და დაპატიმრებული ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან. აქცენტი კეთდება ღაზისა და უკრაინის ომებზე, სადაც ჟურნალისტთა სიკვდილიანობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების სიაში ნახსენებია საქართველოც (მზია ამაღლობელი) ჩინეთის, რუსეთის, კუბის და სხვა ავტორიტარული ქვეყნების გვერდით; მოთხოვნები და მოწოდებები – სენატი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს, გამოიყენონ თავიანთი ძალაუფლება დამნაშავეების დასასჯელად, უკანონოდ დაკავებულების გასათავისუფლებლად და პრესის თავისუფლების დასაცავად გლობალურ დონეზე.

რეზოლუციის პროექტს 8 თანასპონსორი ჰყავს დემოკრატიული პარტიიდან. რეზოლუცია ჯერჯერობით დამტკიცებული არ არის. ამჟამინდელი სტატუსით ის მხოლოდ ინიცირებულია სენატში და შემდგომი განხილვისთვის გადაცემულია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. იმისათვის, რომ ის ოფიციალურად მიღებულად ჩაითვალოს, ჯერ კომიტეტმა უნდა დაამტკიცოს, შემდეგ კი სენატის სრულმა შემადგენლობამ უყაროს კენჭი.