ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა 8 ივლისს „ჰააგის დეკლარაციას“ მიიღებს, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს, – ინფორმაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ჰააგაში 4-8 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიური სესია გაიმართება. რეზოლუციის სახელწოდებით „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია. დოკუმენტის პროექტის თანახმად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ასამბლეა ასევე შეშფოთებულია 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე გამოვლენილი გაყალბების ნიშნების, ხმებით მანიპულირების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ე.წ. „კარუსელებისა“ და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის შესახებ არსებული ცნობებით.
რეზოლუციის პროექტი საქართველოს შესახებ:
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა:გმობს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, ასევე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს გაერთიანების, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს. შეშფოთებულია ადმინისტრაციული რესურსების სისტემატური გამოყენებისა და ინსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდაციის გამო, რაც არათანაბარ გარემოს ქმნის, არყევს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის მიმართ და ქმნის დე ფაქტო ერთპარტიულ მმართველობას. გმობს პოლიტიკური ოპოზიციის წევრების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურ დაკავებებსა და შევიწროებას, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს მხარს უჭერენ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის მექანიზმებისთვის ძირის გამოთხრა და ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებებიდან გადახვევა საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ პირდაპირ საფრთხეს უქმნის. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საარჩევნო შედეგის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების დაცვაზე.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, გაათავისუფლოს ყველა ის ქართველი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ, და გააუქმოს ყველა ის საკანონმდებლო აქტი, რომელიც ფუნდამენტურ თავისუფლებებს ზღუდავს.
რეზოლუციის პროექტი საქართველოს შესახებ ამბობს:
“ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს: გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ვალდებულებებს; დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს ყველა საარჩევნო დარღვევის ცნობების შესახებ და პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს; დაიწყოს ნამდვილი რეფორმების პროცესი სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად, ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან კონსულტაციებით; უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რათა მათ ანგარიშსწორების შიშის გარეშე იმუშაონ.“
რეზოლუციის პროექტის თანახმად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის წევრებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, უარი თქვან საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი იმ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ არის მიჩნეული თავისუფლად, სამართლიანად და დემოკრატიულად. ამასთანავე, ასამბლეა მოუწოდებს მათ, ყურადღებით დააკვირდნენ საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას და კვლავაც განაგრძონ ქართველი ხალხის მხარდაჭერა დემოკრატიული ღირებულებებისკენ სწრაფვაში.















