ირანის უზენაესი ლიდერის წარმომადგენელმა, აბდულ-ნაბი მუსავი ფარდმა, პარასკევის ლოცვის დროს განაცხადა, რომ ირანი საკუთარი რაკეტების მოქმედების სიშორის 15 000 კილომეტრამდე გაზრდას გეგმავს — ეს მანძილი საკმარისი იქნებოდა შეერთებული შტატების კონტინენტური ნაწილის მისაღწევად. ამის შესახებ The Times of India იუწყება.
მუსავი ფარდმა ასევე „შურისძიებისკენ“ და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განადგურებისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ირანულ რაკეტებს იერუსალიმამდე მიღწევა უკვე შეუძლიათ.
ირანს უკვე აქვს ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი სარაკეტო არსენალი — საუბარია ათასობით ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტაზე. თეირანმა ასევე შექმნა მიწისქვეშა „სარაკეტო ქალაქების“ ფართო ქსელი.
ამასთან, ირანი აქტიურად ავითარებს უპილოტო საფრენ აპარატებს, ჰიპერბგერით სისტემებსა და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს.
ამავე დროს, Defense Express-ის ექსპერტების აზრით, ირანელ ინჟინრებს გაუჭირდებათ საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტებიდან სრულფასოვან კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტაზე პირდაპირ გადასვლა.
„ლოგიკური იქნებოდა გვესმინა პირველი ირანული კონტინენტთაშორისი რაკეტის შექმნის შესახებ, რომლის მოქმედების სიშორე მხოლოდ ოდნავ გადააჭარბებდა ამ კატეგორიაში მოსახვედრ მინიმალურ ზღვარს — 5 500 კილომეტრს“, — წერენ ექსპერტები.
აღსანიშნავია, რომ 15 000 კილომეტრის სიშორე გარკვეულწილად გადაჭარბებულიც კი ჩანს, რადგან ირანისთვის 12 000–13 000 კილომეტრიც სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ რაკეტებით აშშ-ის მთელი ტერიტორია დაეფარა.
15 000 კილომეტრის ხსენება შესაძლოა მიუთითებდეს თეირანის განზრახვაზე, გაიმეოროს გზა, რომელიც მანამდე „ხორამშაჰრის“ რაკეტის შექმნისას გაიარა. იგულისხმება სხვა იზოლირებული სახელმწიფოს უკვე მზა ტექნოლოგიური გადაწყვეტის გამოყენება — „ხორამშაჰრი“ ჩრდილოკორეული „ჰვასონ-10“-ის ბაზაზე შეიქმნა.
ბოლო წლებში ჩრდილოეთ კორეამ ერთბაშად სამი რაკეტა გამოცადა, რომელთა გამოცხადებული მოქმედების სიშორე 15 000 კილომეტრი ან მეტია.
მათ შორისაა „ჰვასონ-18“, რომლის 15 000-კილომეტრიანი მოქმედების სიშორე 2023 წლის 12 ივლისის გაშვების შემდეგ, ტრაექტორიის გადათვლის საფუძველზე დადასტურდა. ასევე არსებობს მისი უფრო მძლავრი ვერსია — „ჰვასონ-19“, რომელსაც შეფასებების მიხედვით 17 000 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა შეუძლია.
მესამე ვარიანტია თხევადსაწვავიანი ბალისტიკური რაკეტა „ჰვასონ-17“, რომლის მოქმედების სიშორე დაახლოებით 15 000 კილომეტრად ფასდება.
ყველა ეს რაკეტა ჩრდილოეთ კორეაში საკმაოდ მოკლე პერიოდში გამოჩნდა და მათი გამოცდები გასაოცრად წარმატებული იყო. ეს შესაძლოა დამატებით მიუთითებდეს იმაზე, რომ მათი შექმნისას გამოყენებული იყო უკვე გამოცდილი ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც შესაძლოა რუსეთს გადაეცა.



