ვინ, როგორ და რა გზით, რა მიზნითა და დანიშნულებით შეიტანა საწავავი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში.
ხელისუფლების ოპონენტები კითხვებზე პასუხს ითხოვენ. მათთვის არასაკმარისია ირაკლი კობახიძის განმარტება, რომ საწვავის შეტანა ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონისა და წესის სრული დაცვით მოხდა. და მითუფრო, თუ ასეა, დეტალების გასაჯაროებას ითხოვენ.
დღეს დაზუსტა მხოლოდ შეტანილი საწვავის ოდენობა – 3000 ტონა, თუმცა ისევ უცნობია ვინ შეიტანა ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
კობახიძემ გვითხრა, რომ ეს არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა გააკეთა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ ბიზნესგაერთიანების წევრ კომპანიებს ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავი არ მიუწოდებიათ. ამის შესახებ მან BM.GE-ს განუცხადა. ის ვარაუდობს, რომ 3000 ტონა საწვავი საკმაოდ დიდი რაოდენობაა და ერთი კომპანია ამას ერთჯერადად ვერ შეძლებდა. მისივე აზრით, შეტანა საზღვაო გზით მოხდა, რადგან ამ მოცულობის სხვა გზებით მიწოდება შეუძლებელი იქნებოდა.
„თან პლუს, წარმოიდგინეთ, იქ გემია საჭირო, გემის დაფრახტვა, ეს ყველაფერი დიდი ფული ჯდება… რა თქმა უნდა, ყველა გაკვირვებულია. არავინ არ იტყვის, კიდეც რომ იყოს ვინმე, მე რატომ გამიმხელენ? მაგრამ არ არის ასე. ბენზინის შეტანა, საწვავის შეტანა ეს სპეციალურ ადგილებზე ხდება. იქ აუცილებლად უნდა იყოს ტერმინალი, პორტი …3000 ტონის ასეთნაირად უბრალოდ შეტანა, გამორიცხულია. 3000 ტონა დიდი რაოდენობაა და ჩემი აზრით, ეს ალბათ მიეწოდა ზღვით. რადგან სხვა შემთხვევაში 3000 ტონის მიწოდება შეუძლებელი. ის რომ რაღაც გადამზიდებმა მდინარეები გადალახეს, შეუძლებელია ეს ყველაფერი“, – განაცხადა იობაშვილმა.
ხელისუფლების ოპონენტები ასევე ითხოვენ პასუხს, – აღნიშნული ტვირთი მოხმარდა ჰუმანიტარულ მიზნებს თუ რუსეთის სამხრეთ რეგიონების კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ომის წარმოებას.
პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ თუ საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში შესულია როგორც ეკონომიკური ტვირთი და არა როგორც ჰუმანიტარული ტვირთი, თუ მას ე.წ. საბაჟო პროცედურები აქვს გავლილი ე.წ. საზღვარზე, რომელიც რეალურად საოკუპაციო ხაზია, ეს შეიძლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოებისთვის საგანგაშო მაჩვენებელი იყოს.
„მთავარია, “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არ დაირღვეს… აქ მთავარია, რომ პროცესი ფარულად მიმდინარეობს. არ ვიცით, რა ოდენობის საწვავის მიწოდებაზეა საუბარი, რომელი ბიზნეს სუბიექტები იყვნენ ჩართული და რა პროცედურების გავლით შევიდა საწვავი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამიტომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, რომელმა ბიზნეს სუბიექტებმა განახორციელეს ტვირთის შეტანა, განხორციელდა თუ არა ტვირთის ჰუმანიტარული მიზნით შეტანა, რა ოდენობის ტვირთზეა საუბარი, რა პროცედურა გაიარა ამ ტვირთმა და რა არის მისი საბოლოო დანიშნულება. მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ გვარწმუნებდნენ, რომ „დიფ-სტეითს“ ჩვენი ომში ჩართვა სურს, შემთხვევით ირაკლი კობახიძე ხომ არ არის ის პრემიერ მინისტრი, რომელიც საქართველოს რთავს ომში, ოღონდ რუსეთის ფედერაციის მხარეს?!“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
“ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია ამბობს, რომ თუ საქმე არ გვავქს ჰუმანიტარულ აქტან, ეს უკვე ნიშნავს დანაშაულს, რადგან „კომერციული ხელშეკრულების დადება ბიზნესსა და სეპარატისტებს შორის ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაა”.
„ეს უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავრობის საკითხი – ჰუმანუტარული დახმარების გაწევა. რაც შეეხება კერძო ბიზნესს, კერძო ბიზნესი ვერ აწარმოებს ჰუმანიტარულ დახმარებას, თუ საქართველოს მთავრობის დადგენილება არ არის. ნათლად გააკეთა თავის განცხადებაში აფხაზეთის სეპარატისტულმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ ეს იყო მოძიებული გზები, ბენზინის შემოსატანად აფხაზეთში. საუბარია კომერციულ ხელშეკრულებაზე. აქ უკვე იკვეთება დანაშაულებრივი ელემენტები, იმიტომ, რომ კომერციული ხელშეკრულების დადება ბიზნესსა და სეპარატისტებს შორის დარღვევაა სისხლის სამართლის კოდექსის კანონის ოკუპაციის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის დადგენილებაა ამისთვის საჭირო. მაგრამ, აქ იბადება კითხვა – რა ხელშეკრულებით, როგორ მოხდა თანხების გადარიცხვა. ეს არის პირველი მერცხალი (ჯერ საუბარია ძალიან მცირე რაოდენობით ავტოპროდუქტებზე) მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ამ საფარქვეშ შემდგომში რამდენი შეიძლება მათ მიეწოდოთ ავტოპროდუქტები, გამოყენებული იქნება ეს თუ არა რუსული ჯარის მიერ? – აი ეს კითხვის ნიშნებია, ამიტომაც არის კატეგორიულად მიუღებელი”, – ამბობს პაატა დავითაია tv პირველთან საუბარში.
ეკონომისტი რომან გოცირიძე მოითხოვს გასაჯაროვდეს ოკუპირებული აფხაზეთისთვის საწვავის მიმწოდებელი კომპანიის სახელი. კომპანია, რომელმაც ეს გააკეთა, მისი თქმით, ხელისუფლებასთან დაკავშირებული რომელიმე ნავთობიმპორტიორი იქნება და ის ძალიან სერიოზული სამართლებრივი და მორალური პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. „მორალურად მას მოღალატე ჰქვია“ – ამბობს რომან გოცირიძე. ის საუბრობს როგორც ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის, ასევე რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების დარღვევაზე.
“ოცნების ხელისუფლებამ აფხაზეთში საწვავის შეტანა იმით გაამართლა, რომ არ ირღვევა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მან გასცა ნებართვა რომელიმე ქართულ კომპანიაზე, რომ შეეტანა საწვავი აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუმცა არავინ იცის ეს სქემა როგორ იქნება გამოყენებული და არ არის გამორიცხული, რომ საქართველომ ხელი გაუმართა, ასე ვთქვათ, მეგობარ სახელმწიფოს ამ მძიმე დროს. ვიცით რა ჩრდილოეთ კავკასიაში საწვავის როგორი დეფიციტია, განსაკუთრებით კრასნოდარის მხარეში და არავინ იცის ეს ნავთობი აფხაზეთში დარჩა და იქ გამოიყენეს თუ რუსეთში გადავიდა. მაგრამ მთლიანად აფხაზეთშიც რომ ყოფილიყო გამოყენებული ეს არღვევს ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და საერთაშორისო სანქციებს.
აფხაზეთში ბენზინგასამართ სადგურების ქსელის უდიდესი ნაწილი ეკუთვნის ორ რუსულ კომპანიას, ერთია – “როსნეფტი”, მეორე ასევე “როსნეფტის” ყოფილი დირექტორის მიერ დაფუძნებული კერძო კომპანია, რომლებიც არღვევენ კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ვინაიდან ისინი აფხაზეთში, ამ კანონის დარღვევით მრავალი წელია მუშაობენ და თავად როსნეფტი, რომელიც 100%-ით ამარაგებს აფხაზეთს, დასანქცირებული კომპანიაა. სხვა ბენზინგასამართ სადგურებს აფხაზეთში უმნიშვნელო როლი აქვთ, ისევე როგორც ნავთობბაზები აფხაზეთში მთლიანად რუსეთის კონტროლის ქვეშაა. ეს იმას ნიშნავს რომ ორი კანონი დაირღვა – ერთი საერთაშორისო სანქციების, როდესაც ქართულმა კომპანიამ რუსულ კომპანიას მიაწოდა საწვავი და მათ შორის სანქცირებული “როსნეფტს” და მასთან აფილირებულ კომპანიას, მეორე მხრივ დაირღვა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რადგან ეს კომპანიები მოქმედებენ უნებართვოდ, საქართველოს ხელისუფლების კანონის დარღვევით.
რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, საწვავი ომის დროს იარაღია და აფხაზეთი არის მოკავშირე აგრესორი რუსეთისა, რომელიც ეწევა ომს უკრაინის წინააღმდეგ. აფხაზეთი მეომრები, ისევე როგორც აფხაზეთში განლაგებული სამხედრო ტექნიკა ემსახურებიან რუსეთის სისხლიან სამხედრო მანქანას, ამიტომ გამართლება რომ ეს სოციალური, ჰუმანური აქტია, ტყუილია. ვინაიდან ნავთობის კრიზისის პირობებში, მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე რუსეთში, რომელიც ნელ-ნელა ღვივდება და ამიტომ ხორციელდება დარტყმა იმ სავაჭრო ობიექტებზე „ვაილდბერიზი“ იქნება თუ სხვა საწყობები, საიდანაც ხდება საქონლის განაწილება, აზიანებს რუსეთის ეკონომიკას და სოციალურ განწყობებს ქმნის. ამ განწყობების ხელისუფლების სასარგებლოდ შენარჩუნება საწვავის კრიზისის გადაჭრაში საქართველოს მონაწილეობით ეს ფაქტობრივად რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერაა უკრაინაში გამართული სისხლიანი ომის პირობებში.
კომპანია, რომელმაც ეს ჩაიდინა, და ეს იქნება ხელისუფლებასთან დაკავშირებული რომელიმე ნავთობიმპორტიორი, ძალიან სერიოზული სამართლებრივი და მორალური პრობლემის წინაშე აღმოჩნდება. მორალურად მას მოღალატე ჰქვია. ის უკრაინის მტერია. რატომ არ შეაქვს რუსეთს საწვავი აზერბაიჯანიდან, პირდაპირ ესაზღვრება, რატომ არ აკეთებს ამას აზერბაიჯანი და რატომ აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლება ჰუმანური? იმიტომ რომ ეს არის საბურველი თითქოსდა აფხაზეთის მოსახლეობის დახმარების მიზნით რუსეთში არსებული კრიზისში გადაჭრისა. საერთოდ რუსეთში რომ არ შევიდეს ეს საწვავი, რუსეთი იძულებულია აფხაზეთი, როგორც თავისი სატელიტი მოამარაგოს. ის საწვავი, რომელიც აფხაზეთში მან დაზოგა, სწორედ საქართველოდან შესული სხვათა შორის ევროპული საწვავით, ის გამოყენებული იქნება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო საჭიროებისთვის.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა ტიპის საწვავი შევიდა. თუ ეს დიზელის საწვავია, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზების მხარდაჭერა ხდება. საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ უღალატა ქართველ ხალხს. ხოლო ფულზე დახარბებული ეს უზნეო ბიზნესმენები აგებენ პასუხს, ჯერ საერთაშორისო სასანქციო პირობებში, მომავალში კი სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ აიცილებენ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ირაკლი კობახიძის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავის შეტანაზე მოულოდნელი აღმოჩნდა თავად აფხაზეთის მოსახლეობისთვისაც. ხოლო მას შემდეგ, რაც აფხაზურ სააგენტო „აფსნიპრესს“ ე.წ. მთავრობაში უთხრეს, რომ „მიიღეს გადაწყვეტილება კრიზისის ფონზე ხელი არ შეეშალათ საქართველოდან საწვავის შეტანაზე“, ადგილობრივები ამ საკითხს აქტიურად განიხილავენ. სოციალურ ქსელებში ამ ფაქტზე აღშფოთებას, ასევე გაკვირვებას გამოხატავენ, არიან ისეთებიც, ვისთვისაც სულერთია საიდან შევა საწვავი, ოღონდ მათი ბიზნესი არ დაზარალდეს. აკრიტიკებენ რუსეთს, რომელიც მათ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს, ერთ-ერთი აქტიურად განხილვადია კორუფციული ეჭვებიც – „ჩინოვნიკებისა და ოლიგარქების ერთობლივი მაფია“, რომელიც ორმხრივად აკეთებს ფულს გადაზიდვებზე, საბაჟო გადასახადების გვერდის ავლით“ – წერენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები სოციალურ ქსელებში.



