უკრაინულმა დრონებმა ხუთ სატვირთო გემს შეუტიეს, რომლებიც რუსეთის ნოვოროსიისკისა და ტუაფსეს პორტებიდან შავი ზღვის გავლით მარცვლეულის გატანას ცდილობდნენ. ამის შესახებ ოთხშაბათს, 19 აგვისტოს, Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გასულ კვირას დრონებით რამდენიმე დარტყმის შემდეგ ნოვოროსიისკის პორტში სამი მარცვლეულის ტერმინალი შეჩერდა. ეს ტერმინალები რუსეთის მარცვლეულის საერთო ექსპორტის 40%-ზე მეტს უზრუნველყოფენ.
Bloomberg-ის ცნობით, ორშაბათსა და სამშაბათს თავდასხმის სამიზნე გახდა ხუთი სატვირთო გემი, რომლებიც მარცვლეულის ჩასატვირთად იყვნენ მისული. ისინი ლიბერიის, მალტის, მარშალის კუნძულების, რუსეთისა და სან-მარინოს დროშებით დაცურავდნენ.
კერძოდ, 17 აგვისტოს დრონის დარტყმის შემდეგ ხანძარი გაუჩნდა ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ბერძნულ ბალკერს Anna S, რის გამოც მან ნოვოროსიისკის პორტისკენ მოძრაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო. 18 აგვისტოს ორ გემს, რომლებიც მარცვლეულის ჩატვირთვის შემდეგ გახდნენ თავდასხმის სამიზნე, რეისის გაგრძელება შეეძლოთ. კიდევ ორ გემს — ერთს ნოვოროსიისკთან, მეორეს ტუაფსესთან — ჩატვირთვამდე შეუტიეს.
ამასთან, უკრაინა შავ ზღვაში ნავთობის ტანკერებზე თავდასხმებსაც აგრძელებს. 16 აგვისტოს უკრაინულმა დრონმა დაარტყა ბერძნულ გემ Skiros-ს, რომელსაც რუსეთის ნავთობი გადაჰქონდა კასპიის მილსადენის კონსორციუმის ტერმინალიდან ჩატვირთვის შემდეგ.
ექსპერტი: თუ რუსული და უკრაინული ხორბალი მსოფლიო ბაზარზე ვერ მოხვდება, შესაძლოა კრიზისი გაღრმავდეს
შავ ზღვაში სატვირთო გემებზე უკრაინის დარტყმები პასუხი იყო რუსეთის თავდასხმებზე ოდესის პორტებსა და სავაჭრო გემებზე, რის გამოც აგვისტოში უკრაინის საზღვაო ექსპორტი პრაქტიკულად გაჩერდა. თუ ივლისის დასაწყისში ოდესის პორტებში დღეში დაახლოებით 15 გემი შედიოდა, თვის ბოლოს მათი რაოდენობა ერთი-ორამდე შემცირდა, წერს Bloomberg.
რუსეთსა და უკრაინაზე მსოფლიო ხორბლის ექსპორტის დაახლოებით 27% მოდის. პორტებსა და გემებზე თავდასხმები მოსავლის აღების სეზონის პიკს დაემთხვა.
კარნეგის ბერლინის რუსეთისა და ევრაზიის კვლევის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრ გაბუევის შეფასებით, რუსეთის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტმა 2025 წელს დაახლოებით 41 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის საერთო საექსპორტო შემოსავლების დაახლოებით 10%-ია. უკრაინაში კი აგრარული ექსპორტი სავალუტო შემოსავლების თითქმის ნახევარს უზრუნველყოფს.
ევროპაში ანომალიური სიცხისა და აშშ-ისა და ისრაელის ირანთან ომის გამო საწვავისა და სასუქების გაძვირების ფონზე ხორბლის ფასი უკვე 25%-ით გაიზარდა 2025 წელთან შედარებით. გაეროს შეფასებით, მხოლოდ კლიმატური ფაქტორები 50 მილიონ ადამიანს გაურთულებს საკვებზე წვდომას.
გაბუევის თქმით, თუ რუსული და უკრაინული ხორბალი მსოფლიო ბაზარზე ვერ მოხვდება, ამან შესაძლოა სასურსათო უსაფრთხოების კიდევ უფრო მძიმე კრიზისი გამოიწვიოს.



