ევროპელი ლიდერების ულიტიმატუმს ვენესუელას პრეზიდენტი უარით პასუხობს

ვენესუელას პრეზიდენტმა უარყო ევროპის წამყვანი ქვეყნების ულტიმატუმი და ისინი ქედმაღლობაში დაადანაშაულა. გუშინ ესპანეთმა, გემანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ვენესუელას პრეზიდენტი გააფრთხილეს, რომ რვა დღის განმავლობაში არჩევნები უნდა დანიშნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ოფიციალურად აღიარებენ ოპოზიციურ მთავრობას.
“ევროპა კვლავ შეცდომას უშვებს ვენესუელასთან ურთიერთობაში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 200 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ისინი ჩვენს ისტორიას იგნორირებას უწევენ. ვერავინ წამოგვიყენებს ულტიმატუმს“ –განაცხადა მადურომ CNN Turk– თან ინტერვიუში.
მადურო ამბობს, რომ ვენესუელას ევროპაში ბევრი კარგი მეგობარი ყავს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა პოზიცია ხალხის აზრს არ გამოხატავს და ისინი ტრამპის ჭკუაზე დადიან.
ვენესუელაში კვლავ პოლიტიკური კრიზისია, რომელიც მას შემდეგ გამწვავდა, რაც 23 იანვარს ვენესუელას ნაციონალური ასამბლეის ლიდერმა, 35 წლის ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის აშშ–მ გუაიდოს მაშინვე მხარი დაუჭირა.
საპასუხოდ პრეზიდენტმა მადურომ გადატრიალების მცდელობის შესახებ გამოაცხადა, აშშ–სთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა.
მადურო მეორე ვადით პრეზიდენტი იანვრის დასაწყისში გახდა. ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და მადურო არჩევნების ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა.
ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმა ტვიტერში დაწერა:“ესპანეთს აქვს პასუხისმგებლობა ლათინური ამერიკის წინაშე… ჩვენ არ ვცდილობთ მთავრობის შეცვლას ან დამხობას, ჩვენ გვინდა დემოკრატია და თავისუფალი არჩევნები ვენესუელაში.“

მსგავსი განცხადებები გააკეთეს საფრანგეთმა და გერმანიამ. როგორც ჩანს, ეს მოთხოვნა ქვეყნებს შორის შეთანხმებული იყო.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რომ არჩევნები ვენესუელაში სერიოზული პრობლემებით ჩატარდა და მანაც გაიმეორა, რომ მადურო ლეგიტიმური ლიდერი არ არის.
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა 26 იანვარს აშშ– სინიციატივით კენჭი უყარეს ვენესუელას საკითხის განსახილველად გამოტანას. აშშ–ს იმედი აქვს რომ გაიტანს რეზოლუციას გუაიდოს მხარდასაჭერად. თუმცა რუსეთი მას სავარაუდოდ ვეტოს დაადებს.
ეს ქვეყანა ვენესუელელი უზურპატორის მხარდამჭერად რჩება. გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა, ვასილი ნებეზნიამ განაცხადა: „ჩვენ მკაცრად ვგმობთ მათ, ვინც ვენესუელას საზოგადოებას უფსკრულისკენ და სისხლისღვრისკენ უბიძგებს. ვენესუელას ლეგიტიმური ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა მადუროს დამხობის მცდელობისას მარცხი განიცადეს და ახლა ცდილობენ მაქსიმალური კონფრონტაციის გზა აირჩიონ.“
რუსეთის გარდა მადუროს მხარს უჭერს ჩინეთი, თურქეთი, მექსიკა, ირანი, სირია, კუბა, ნიკარაგუა,ბოლივია და სალვადორი.
რატომ დგას ეჭვქვეშ მადუროს ლეგიტიმურობა

მადურო მეორე ვადით გასული წლის ბოლოს აირჩიეს, თუმცა არჩევნებს მშვიდად არ ჩაუვლია. ბევრი ოპოზიციური კანდიდატი ციხეში აღმოჩნდა ან არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა.
ნაციონალური ასამბლეა ამტკიცებს, რომ პრაქტიკულად პრეზიდენტის პოსტი თავისუფალია, რადგან არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. კონსტიტუციის შესაბამისად კი ეს ნიშნავს, რომ გუაიდო, როგორც ნაციონალური ასამბლეის მეთაური უფლებამოსილია პრეოზიდენტის მოვალეობის შესრულება საკუთარ თავზე აიღოს.

პარალელურად ვენესუელაში კვლავ გრძელდება საპროტესტო აქციები და შეტაკებები პოლიციასა და მომიტინგეებს შორის. მოსახლეობა ბოლო პერიოდში ქუჩაში მუდმივმა ეკონომიკურმა კრიზისმა და მილიონ პროცენტიანმა ინფლაციამ გამოიყვანა. ისინი მადუროს გადადგომას მოითხოვენ.

მადურო ჯერჯერობით შეიარაღებული ძალების მახრდაჭერას ინარჩუნებს, თუმცა გუაიდომ სამხედროებს მოუწოდა ვენესუელელი ხალხის მხარეს გადავიდნენ და მას დაუჭირონ მხარი