კიევში, ქალაქის სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს გადადგომას მოითხოვენ. მედიის შეფასებით, დემონსტრაციაში დაახლოებით 400 ადამიანი მონაწილეობს. ისინი კლიჩკოს მერის პოსტიდან გადადგომას ითხოვენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ ზამთრისთვის კიევის მზადებისა და ქალაქის ადმინისტრაციის კომუნალური პოლიტიკის გამო. გარდა ამისა, დემონსტრანტები მოითხოვენ მეტი თავშესაფრის აშენებას, კორუფციის გამოძიებასა და მწვანე ზონების განაშენიანების შეწყვეტას.
იმავე ადგილას პარალელურად კლიჩკოს მხარდამჭერთა კონტრაქციაც გაიმართა.

8 ოქტომბერს, რუსეთის გახშირებული თავდასხმების ფონზე, კლიჩკომ მოსახლეობას ქალაქიდან დროებით გასვლა შესთავაზა. მან გააფრთხილა მოქალაქეები, რომ რუსეთის დარტყმების შედეგად წყალმომარაგების სისტემის მუშაობის შეფერხების შემთხვევაში კიევში შესაძლოა „საკმაოდ მასშტაბური“ კრიზისი წარმოიშვას და ხაზი გაუსვა, რომ ახლა „საუბარია გადარჩენაზე“.
კლიჩკომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების შესახებ ზელენსკის ბრალდებები უარყო
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი ზამთრისთვის ქვეყნის სხვა რეგიონებზე, მათ შორის სასაზღვრო და ფრონტისპირა რეგიონებზე უარესად მოემზადა. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის გახშირებული თავდასხმების ფონზე ქვეყნის ხელისუფლება დედაქალაქის ენერგეტიკული ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასთან დაკავშირებულ „გადაწყვეტილებებს ამზადებს“.
უკრაინის უმაღლეს რადაში გამოსვლისას ვიტალი კლიჩკომ ეს ბრალდებები უარყო და ხაზი გაუსვა, რომ ქალაქის ადმინისტრაცია კიევის სასიცოცხლო ფუნქციების უზრუნველსაყოფად ძალისხმევას არ იშურებს, „მიუხედავად ვერაგული სილის გაწვნის მუდმივი მცდელობებისა ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან“. დედაქალაქის მერმა ქვეყნის ხელმძღვანელობა რუსეთის დარტყმებისგან კიევის არასაკმარის დაცვაშიც დაადანაშაულა.


