პატიმრობაში მყოფი „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს.ხოშტარია საავადმყოფოში გეგმური შემოწმებისთვის ეტლით შეიყვანეს.
„როგორც შეთანხმდნენ, დაახლოებით თვეში ერთხელ, გადაჰყავთ კლინიკაში შემოწმებაზე, თვეში ერთხელ უწევს კონკრეტული პრეპარატის გაკეთება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად ნორმალურია, რომ ვთქვა, გამოჯანმრთელდა, ასე არ არის. ამ დროისთვისაც თოდუას კლინიკაშია“, – აცხადებენ „დროას“ პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, „დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია სამართალდამცველებმა კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ხოშტარია მოსამართლე გიორგი არევაძემ კალაძის ბანერის დაზიანების საქმეში დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა შეუფარდა.


