„ეს ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა“- რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობაზე თანხმობა არ გაუცია

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვს უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებში ევროპული ქვეყნების მონაწილეობაზე თანხმობა არ გაუცია. ოთხი დღის წინ თეთრი სახლის ხელმძღვანელის წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებში ევროპელების ჩართვას არ ეწინააღმდეგება. ამავდროულად, უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ მასთან განიხილავდა დონბასის დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ნატოში გაწევრიანების იდეას.

„ვიღაც საუბრობს [მოლაპარაკებების] ფორმატის გაფართოებაზე, მაგრამ ეს ჩვენთან შეთანხმებული არ ყოფილა“, — ასე უპასუხა უშაკოვმა კითხვას, მიიღებენ თუ არა ევროპის წარმომადგენლები მონაწილეობას მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში. მის სიტყვებს რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ ციტირებს.

„ამის შესათანხმებლად ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი, — დასძინა უშაკოვმა, — და, კერძოდ, ალბათ, შესაძლოა, საჭირო გახდეს სამმხრივი მოლაპარაკებების კიდევ ერთი და, შესაძლოა, ერთზე მეტი რაუნდის გამართვა“.

10 და 11 ნოემბერს აბუ-დაბიში უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ომის დასრულების გარდა, მხარეები ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვასაც აპირებდნენ. ამ კონსულტაციების ერთადერთი შედეგი, ისევე როგორც წინა შემთხვევებში, სამხედრო ტყვეების გაცვლის შესახებ წინასწარი შეთანხმებები იყო.

აბუ-დაბიში ვიზიტის შემდეგ უიტკოფი და კუშნერი პუტინთან მოსალაპარაკებლად მოსკოვში გაემგზავრნენ, შემდეგ კი ირლანდიაში ზელენსკის ესაუბრნენ.

12 ნოემბერს, მოსკოვში პუტინთან შეხვედრის დასრულებისთანავე, სტივ უიტკოფმა ჟურნალისტებს უთხრა: „მომდევნო შეხვედრაზე ევროპელები შემოგვიერთდებიან, რასაც დიდ მიღწევად მივიჩნევთ, რადგან ეს მნიშვნელოვანია: ისინი ჩვენი პარტნიორები არიან და მათთვის [მოლაპარაკებებში] მონაწილეობა მნიშვნელოვანია“.

13 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ის და უიტკოფი ზელენსკის შეხვდნენ, ჯარედ კუშნერმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ორივე მხარის შეშფოთების მიზეზების გაგებაში, შესაძლო გამოსავლებისა და შემდგომი გზის განსაზღვრაში. ორივე მხარე დათანხმდა, რომ მომდევნო რაუნდში მოლაპარაკებები გაფართოვდეს და მათში ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც ჩაერთონ“.

თუმცა ორშაბათს პუტინის თანაშემწემ განაცხადა, რომ ევროპას მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით მკაფიო და შინაარსიანი წინადადებები არ აქვს.

„როდესაც ევროპელებისგან მივიღებთ მკაფიო სიგნალებს იმის შესახებ, თუ რა სურთ მათ სინამდვილეში და რისი შეთავაზება შეუძლიათ კონსტრუქციულისა და შინაარსიანის უკრაინაში კონფლიქტის წარმატებით მოსაგვარებლად, მაშინ, ალბათ, დადგება მათი მონაწილეობის საკითხი“, — უთხრა უშაკოვმა ჟურნალისტებს „ინტერფაქსის“ კითხვაზე პასუხისას.

კვლავ სამმხრივი მოლაპარაკებები, ოღონდ ამჯერად ევროპის, აშშ-ისა და უკრაინის მონაწილეობით

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ, იმავე დღეს განაცხადა, რომ, რამდენადაც რუსეთის საგარეო უწყებისთვის არის ცნობილი, უიტკოფისა და კუშნერის პუტინთან შეხვედრაზე ევროპელების ჩართვის საკითხი არ განხილულა.

ევროკავშირის წარმომადგენელთა უმეტესობასა და ევროპის ცალკეული ქვეყნების ლიდერებს მოსკოვისა და მის მიერ გაჩაღებული ომის მიმართ გაცილებით მკაცრი პოზიცია აქვთ, ვიდრე დონალდ ტრამპსა და მის სპეციალურ წარმომადგენლებს. ამიტომ მოსკოვი ევროპას ნაკლებად ხელსაყრელ თანამოსაუბრედ მიიჩნევს მოლაპარაკებების ამჟამინდელ, სრულიად წინასწარ, „ტექნიკურ“ ეტაპზეც კი.

„არ ვიცი, ამჟამინდელი [ევროპელი] ლიდერებიდან ვინ შეიძლება იყოს საღად მოაზროვნე თანამოსაუბრე“, — განაცხადა ორშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 ნოემბერს თქვა, რომ ამ კვირაში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ჩამოყალიბდება „მოლაპარაკებებისთვის ძლიერი ევროპული პოზიცია“.

„სამმხრივი ფორმატი – უკრაინა, ამერიკა, რუსეთი – უბრალოდ ოთხმხრივ ფორმატად კი არ უნდა იქცეს, არამედ ბევრად უფრო ძლიერიც უნდა გახდეს“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ, როგორც უიტკოფმა და კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ აცნობეს, ყველა მხარე დათანხმდა მოლაპარაკებების პროცესში ევროპელების ჩართვას. ზელენსკის თქმით, მან ევროპელებს სთხოვა, ნოემბრის ბოლომდე გადაეწყვიტათ, ვის შეიყვანდნენ დელეგაციაში.

12–13 ნოემბერს დუბლინში გამართულ ევროკავშირის არაფორმალურ გაფართოებულ სამიტზე ევროპის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რომ მოლაპარაკებებზე კონტინენტს წარმოადგენდნენ ევროკავშირისა და მისი ოთხი წევრი ქვეყნის — გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და პოლონეთის  ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლები, ასევე ევროკავშირის არაწევრი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ორშაბათს ზელენსკიმ სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ტექნიკურ“ მოლაპარაკებებში მონაწილე სამმა მხარემ – უკრაინულმა, ამერიკულმა და ევროპულმა – საუბარი გამართა.

„ამ საუბარში ევროპას პირველად, სრული შემადგენლობით, სწორედ ისინი წარმოადგენდნენ, ვინც მას რუსებთან მოლაპარაკებებზე წარადგენს. ესენი არიან საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი, იტალია, პოლონეთი, ევროკავშირის, ანუ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები, ასევე ნატოს წარმომადგენელი“, — თქვა ზელენსკიმ.

„საუბარი რთული იყო, მაგრამ შედეგი არის: ბერლინში, მსურველთა კოალიციის ფარგლებში, შევხვდებით და მოლაპარაკებების პროცესში კონკრეტულ ერთობლივ ნაბიჯებს შევიმუშავებთ“, — დასძინა ზელენსკიმ, თუმცა არ განუმარტავს, რატომ აღმოჩნდა საუბარი რთული.

ნატო დონბასის სანაცვლოდ?

მოლაპარაკებების მრავალი რაუნდის მიუხედავად, რუსეთი და უკრაინა ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ვერ უახლოვდებიან. მრავალი პუბლიკაციის მიხედვით, მთავარ დაბრკოლებად რჩება მოსკოვის მოთხოვნა, რომ უკრაინული ჯარები დონბასის მთელი ტერიტორიიდან გავიდნენ, მათ შორის იმ რაიონებიდანაც, რომლებიც რუსეთის ჯარებს არ აქვთ ოკუპირებული. უკრაინა ამას არ ეთანხმება და უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოითხოვს, რომლებიც ახალი სრულმასშტაბიანი ომის თავიდან აცილებას შეძლებდა.

შაბათს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-მა ცოტა ხნის წინ პირველად ახსენა დონბასიდან გასვლის სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა.

„ამერიკელებმა დასვეს კითხვა: „თუ უკრაინა ნატოში იქნება, გავა უკრაინა დონბასიდან?“ ეს პირველად მოხდა. პარტნიორებთან განვიხილავთ უსაფრთხოების მთლიან პაკეტს, რომელიც მოლაპარაკებების დროს შეიძლება შემოგვთავაზონ: უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებს ნატოსა და ევროკავშირისგან, ძლიერ უკრაინულ არმიას“, — ზელენსკის სიტყვებს სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინა“ ციტირებს.

„თუ ასეთი წინადადება იქნება, მე, როგორც პრეზიდენტი, საზოგადოებასთან ღია დიალოგს დავიწყებ და ვიტყვი: „ნახეთ, აი, სად ვართ, აი, როგორ გაერთიანდა ყველა პარტნიორი და აი, როგორ ხედავენ ისინი მოვლენების შემდგომ განვითარებას“. რა თქმა უნდა, ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად რაიმე ფორმით აღიარების გარეშე“, — განაგრძო უკრაინის პრეზიდენტმა.

აშშ-ის წარმომადგენლებს ზელენსკის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და მის განზრახვას, შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, ომის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებს.

გამოცემა Axios-ის ცნობით, ამერიკელმა შუამავლებმა მოსკოვს სთხოვეს, განახლებული წინადადებები წარედგინა და არა ის მოთხოვნები, რომლებიც 2021 წლის ბოლოს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე ჟღერდებოდა.

ევროპელი ლიდერების მსგავსად, ზელენსკიმაც უარყო რუსეთის წინადადება „უსაფრთხოების არქიტექტურის“ შესახებ ფართომასშტაბიანი შეთანხმების დადებაზე მანამდე, სანამ უკრაინაში ომის შეწყვეტის კონკრეტული პირობები შეთანხმდება.

„მოქმედებების თანმიმდევრობა ასეთი უნდა იყოს: ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინაში ომის დასრულება, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები. არ შეიძლება ყველაფრის თავდაყირა დაყენება და ჯერ მსოფლიოში ან მთლიანად კონტინენტზე უსაფრთხოების სტრუქტურის შეცვლაზე საუბარი, მხოლოდ ამის შემდეგ კი — ამ ომის დასრულებასა და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე. ჯერ ეს ომი უნდა დასრულდეს“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მოსკოვს ევროპაში ნატოს უკან დახევა სურს?

14 ნოემბერს New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უიტკოფისა და კუშნერის კრემლში ვიზიტამდე ორი დღით ადრე რუსულმა მხარემ აშშ-ს თავისი მოთხოვნები წაუყენა. ისინი ითვალისწინებს დასავლეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე უარის თქმას არა მხოლოდ უკრაინის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის მრავალი სხვა ქვეყნის მხრიდანაც, რომლებიც წარსულში სსრკ-ის ან მისი აღმოსავლეთის ბლოკის შემადგენლობაში შედიოდნენ.

მოთხოვნები გადმოცემული იყო ხელმოუწერელ დოკუმენტში, რომელიც 10 ნოემბრით თარიღდება. New York Times წერს, რომ მისი ტექსტი მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილისგან მიიღო, ხოლო მეორე წყარომ მისი ნამდვილობა დაადასტურა. დიპლომატიურ პრაქტიკაში, მათ შორის რუსულშიც, ასეთ დოკუმენტებს ინგლისური ტერმინით non-paper მოიხსენიებენ: მათში სახელმწიფოს პოზიციაა წარმოდგენილი, თუმცა მისთვის რაიმე ვალდებულების დაკისრების გარეშე.

მთლიანობაში, 10 ნოემბრის დოკუმენტი მცირედ განსხვავდება ხელშეკრულების პროექტისგან, რომელიც რუსეთმა 2021 წლის დეკემბერში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა. მასში გათვალისწინებული იყო, რომ ნატოს მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურა უნდა დაბრუნებულიყო იქ, სადაც 1997 წლამდე იმყოფებოდა — ანუ ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების საზღვრებს მიღმა. რუსი დიპლომატები დოკუმენტის ყველა დებულების განხილვის გარეშე მიღებას მოითხოვდნენ.

როგორც New York Times აღნიშნავს, ახალი დოკუმენტი 2021 წლის დეკემბრის ვერსიისგან მხოლოდ რამდენიმე დეტალით განსხვავდება: თუ 2021 წელს რუსეთი აშშ-სგან მოითხოვდა, ევროპელი მოკავშირეებისთვის თავისი ბირთვული შესაძლებლობები არ გაეზიარებინა, ახლა ანალოგიური მოთხოვნა ნატოს კიდევ ორ ბირთვულ სახელმწიფოს — დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთსაც — წაუყენეს.

ცალკე არის გაწერილი, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას არანაირი სამხედრო დანიშნულების პროდუქცია არ უნდა მიაწოდონ. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დასაშვებად არის მიჩნეული, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ის მის თავდაცვით კომპონენტში მონაწილეობას არ მიიღებს.

New York Times-ის თანამოსაუბრეები ვარაუდობენ, რომ ასეთი მაქსიმალისტური პოზიცია პუტინის საწყისი ტაქტიკური სვლაა „ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის“ შესახებ მოლაპარაკებებში, რომელთა მსვლელობისას ის შესაძლოა გარკვეულ დათმობებზე წავიდეს.

პოპულარული

თელავში შვილმა დედა დაჭრა — ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის...

“ოცნების” წარმომადგენლებს სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე – კოსი

"ოცნების" წარმომადგენლებს სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ...

გურამ როგავაზე თავდამსხმელ სპეცრაზმელს 5 წელი მიესაჯა

ჟურნალისტ, გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელ გურამ (გოგა) კირკიტაძეს...

ირანის მუქარის გამო, ამერიკამ ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან ავიაციის ნაწილი გაიყვანა

აშშ-მ ინგლისში, RAF Mildenhall-ის ბაზაზე განთავსებული თვითმფრინავების ნაწილი სხვა...

მერცი მოითხოვს ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უკრაინის მხარდაჭერაში ფინანსური წვლილი შეიტანოს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასადმი...

“კაწრო” ახალ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს – ადვოკატი

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, მისი...

დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას – კობახიძე

"დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა...

აბუ-დაბიში ბუდანოვი იმ რუს გენერალს შეხვდა, რომელიც მის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი აბუ-დაბიში გამართული სამშვიდობო...

ყველა ამბავი

შეუძლებელია ვინმეს მოეპარა 41 მილიონი ისე, რომ კახი კალაძესთან ეს არ ყოფილიყო შეთანხმებული – ფილფანი

თქვენ გგონიათ, აქამდე არ იცოდნენ, რომ 41 მილიონი იყო მოპარული და თქვენ გგონიათ, რომ ამ 41 მილიონიდან კახა კალაძესთან...

კალასი: სირიასთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაფიო პირობები უნდა გვქონდეს, მათ შორის არის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე...

პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო – ვფიქრობ, ცოტათი უკან იხევს – ტრამპი

ვფიქრობ, პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო, - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა.„ვფიქრობ, ცოტათი უკან...

ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს – პროკურატურა

პროკურატურა აცხადებს, რომ 16 ნოემბერს გამომძიებელი მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაში მითითებული გარემოებების დაზუსტება...

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

მეტროს ვაგონების ნაწილების ხელოვნურად გაძვირებული იმპორტი, ყალბი დოკუმენტები და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ სამმაგ ფასად მიწოდებული დეტალები - პროკურატურა აცხადებს,...

“ოცნების” წარმომადგენლებს სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე – კოსი

"ოცნების" წარმომადგენლებს სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე"- გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა დაკავშირებადობის სამიტზე...

ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს, სიმართლე არ დაინახოს – მათიკაშვილი

კომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს, სიმართლე არ დაინახოს, გეოგრაფია და გეოპოლიტიკა უარყოს და მსოფლიოს გეოგრაფიის...

ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა ბოლოს იყო ალბათ საბჭოთა პერიოდში – კობახიძე მშენებლობებზე

მშენებლობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი. ამასთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა ვთქვა - პოლიტიკური ოპონენტები არსებითად ცდილობენ, მშენებლობა...

ესტონეთი რუსეთთან საზღვარს კეტავს და ГРУ-ს დივერსიის ორგანიზებაში ადანაშაულებს

ტალინი აცხადებს, რომ დრონების მწარმოებელი საწარმოს, Threod Systems-ის, გადაწვის მცდელობა რუსეთის სამხედრო დაზვერვის მიერ იყო ორგანიზებული. ესტონეთმა გამოაცხადა, რომ...

უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ რუსეთის ქალაქ აზოვში ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული შეტევის შემდეგ, საწარმოო ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმების...

უკრაინამ ახტუბინსკის სამხედრო აეროდრომს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია

უკრაინამ იერიში მიიტანა ახტუბინსკის სამხედრო აეროდრომზე, სადაც ახალი და მოდერნიზებული საავიაციო ტექნიკის, მათ შორის Су-34 ტიპის გამანადგურებლების, გამოცდა მიმდინარეობს....

მაიამის საერთაშორისო აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

შაბათს ღამით მაიამის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა მოხდა ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-ში ფრენების ქვეყნის...