Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრი სახლი ყველა ღონეს ხმარობს, რათა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება 2027 წლის დასაწყისამდე გაფორმდეს — მანამდე, სანამ დემოკრატები აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლს მოიპოვებენ.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება 2026 წლის ბოლომდე მოასწროს. ამის მიზეზი ის არის, რომ შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, 2027 წლის იანვრის დასაწყისში აშშ-ის დემოკრატიული პარტია კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლს მოიპოვებს, რაც ტრამპის რესპუბლიკელების გავლენას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times (FT) ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
„ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელ და უკრაინელ ოფიციალურ პირებს საკუთარი სურვილის შესახებ აცნობა“, — ნათქვამია გამოცემის პუბლიკაციაში.
გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი ევროპელი ოფიციალური პირი ამბობს, რომ ამერიკელები „ძლიერ ზეწოლას ახორციელებენ“ და არსებობს შიში, რომ უკრაინას „სერიოზულ დათმობებზე წასვლა მოუწევს“.
ამასთან, კიდევ ერთი წყაროს შეფასებით, „ამერიკელები ჩქარობენ, პუტინი კი — არა“.
თავის მხრივ, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა Starshield-ის — Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო სისტემის სამხედრო ვერსიის სიჩქარის შეზღუდვების ახალი ტალღა, ისევე როგორც Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების მიწოდების აშკარა შეფერხებები, ვაშინგტონის მხრიდან კიევის პოზიციების შესუსტებისა და მასზე ზეწოლის გაძლიერების მცდელობის ნაწილად აღიქვეს. მათი შეფასებით, ამგვარი ნაბიჯების მიზანია, უკრაინა აიძულონ, რუსეთის სასარგებლოდ ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს.
კერძოდ, უკრაინის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებებს „აშკარა არჩევანი“ უწოდა, რომელიც ე.წ. „სამშვიდობო მოლაპარაკებებზე“ რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობების მიღწევის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
Financial Times-ის კიდევ ერთმა წყარომ განაცხადა: „ტრამპს პუტინი მოსწონს და მას სურს, ყველაფერი იანვრამდე დაასრულოს“.
ტრამპი: პუტინს ომის დიპლომატიური გზით დასრულება სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში კრემლის ლიდერთან გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ მისთვის ნათელი გახდა, რომ პუტინს, თითქოსდა, უკრაინის წინააღმდეგ ომის მოლაპარაკებების გზით დასრულება სურს.
„მე გავმართე ორმხრივი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა სურვილი, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დიპლომატიური გზით დასრულდეს“, — განაცხადა ტრამპმა 20 ნოემბერს, სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მის სიტყვებს ტელეკომპანია CNN ციტირებს.
თეთრი სახლის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მთავარი დაბრკოლება პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის არსებული „უზარმაზარი სიძულვილია“.
ამასთან, ტრამპი კრემლის ლიდერთან საკუთარ ურთიერთობას „ფანტასტიკურად“ აფასებს.
„მას ომის დასრულება სურს. გულწრფელად რომ ვთქვა, ამის გაკეთება ძალიან რთულია“, — განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.
ჩინეთში გამართულ შეხვედრაზე ტრამპმა პუტინს „თავისი მეგობარი“ უწოდა.
სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინეთში გამართული სამიტის შემდეგ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა საპრეზიდენტო თვითმფრინავიდან დაურეკა ევროპელ ლიდერებს, რომლებიც ბერლინში, ზელენსკისთან ერთად, „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე იყვნენ შეკრებილი.
ტრამპმა მათ განუცხადა, რომ პუტინს, თითქოსდა, ომის დასრულება სურს.
მოსკოვში არ იზიარებენ ტრამპის ოპტიმიზმს კიევთან შეთანხმების სწრაფად მიღწევის თაობაზე
მოსკოვის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, პუტინის გარემოცვა კვლავ არ არის მზად პრინციპულ დათმობებზე წასასვლელად.
კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა ცოტა ხნის წინ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია როგორც უკრაინის ნატოში გაწევრიანება, ისე კიევისთვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება, რასაც აშშ უკრაინას სთავაზობს. მოსკოვისთვის ეს მიუღებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა დონბასზე სრულად იტყვის უარს.
თავის მხრივ, თავად პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინასთან ომის ფარგლებში ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის შესაძლებლობას განიხილავდა, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ყირიმის ხიდზე განხორციელებული წარმატებული თავდასხმების შემდეგ ამ იდეაზე უარი თქვა.
„ყირიმის ხიდზე დარტყმების შემდეგ შეთანხმებას არ მივაღწევთ“, — განაცხადა მან.
გამოცემა The Kyiv Independent-ის წყაროების მტკიცებით, ტრამპის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებებში, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, ბერლინში გამართულ ბოლო შეხვედრაზე რუსეთისა და უკრაინის ოფიციალურ პირებს განუცხადეს, რომ მოლაპარაკებების ამჟამინდელი რაუნდი შესაძლოა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის უკანასკნელი რეალური შესაძლებლობა აღმოჩნდეს, ვიდრე ვაშინგტონში პოლიტიკური ვითარება შეიცვლება.
არსებული ინფორმაციით, დემოკრატები იანვრიდან კიევისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავენ.


