ტატიანა კიმმა Wildberries-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ევროკავშირმა ის სანქციების სიაში შეიყვანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კიმი ჯგუფის სტრატეგიულ განვითარებაზე მუშაობას გააგრძელებს.
ტატიანა კიმმა რუსეთის უმსხვილესი ონლაინსავაჭრო პლატფორმის, Wildberries-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ შაბათს, 21 ნოემბერს, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია.
იურიდიულ პირთა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის (ЕГРЮЛ) მონაცემებით, 19 ნოემბრიდან აღნიშნულ თანამდებობას კომპანიის ერთ-ერთი მაღალი რანგის მენეჯერი ალექსეი კულიკოვი იკავებს.
ამასთან, Wildberries-ის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ კიმი Wildberries-ისა და Russ-ის გაერთიანებული ჯგუფის (RWB) სტრატეგიულ განვითარებაზე მუშაობას გააგრძელებს. კომპანიის განმარტებით, გენერალური დირექტორის შეცვლა მის ყოველდღიურ საქმიანობაზე გავლენას არ მოახდენს.
ტატიანა კიმი ევროკავშირის სანქციების სიაში შეიყვანეს
ონლაინსავაჭრო პლატფორმის ხელმძღვანელობაში ცვლილებები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ევროკავშირმა 16 ნოემბერს ტატიანა კიმი სანქციების სიაში შეიყვანა.
ევროკავშირის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ Wildberries რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი გადასახადის გადამხდელია და ამავდროულად, „რუსეთის შეიარაღებული ძალების მომარაგების ქსელის ფუნქციას ასრულებს, რაც ხელს უწყობს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლის გაყიდვას“.
უკრაინის ხელისუფლებასაც არაერთხელ განუცხადებია, რომ კომპანიის საწყობები ორმაგი დანიშნულების კომპონენტების მიწოდებისა და შენახვისთვის გამოიყენება.
2026 წლის ივლისიდან უკრაინის შეიარაღებული ძალები Wildberries-ის ობიექტებზე დარტყმებს ახორციელებენ.
აგვისტოში რუსული Forbes-ი იუწყებოდა, რომ ტატიანა კიმის, რომელიც რუსეთის უმდიდრეს ქალად მიიჩნევა, ქონება ერთი წლის განმავლობაში 2,1 მილიარდი დოლარით შემცირდა და დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი შეადგინა.


