რუსეთი კმაყოფილია–რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება

რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი ფორმატით პირდაპირი დიალოგი რეგულარული გახდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, მინსკში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსული მხარე მოლაპარაკებების შედეგებით კმაყოფილია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი იმ სფეროებში, რომლებიც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს.

„რუსულმა მხარემ წარადგინა ინფორმაცია იმ ზომების შესახებ, რომლებიც მიღებულია ჩვენი ქვეყნის ფართო ბაზარზე ქართული სასოფლო-სამეურნეო და ღვინის პროდუქტების მიწოდების შემდგომი გაზრდის მიზნით. ქართული მხარის ინიციატივით, შეთანხმება მიღწეულია საავტომობილო გადაზიდვებზე დამატებითი ნებართვების გაცემის შესახებ.ორივე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში კავშირების ეტაპობრივი აღდგენისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერებისთვის““, – აღნიშნა გალუზინმა.

მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეები მიესალმნენ სავაჭრო ბრუნვისა და ტურისტული ნაკადის სტაბილურ და დადებით დინამიკას, „რაც ორმხრივი ურთიერთობების მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს“.

გალუზინის განცხადებით, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები „იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და მათ უშუალო მეზობლებს ეკისრებათ“.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ბელარუს კოლეგებს რუსეთ-საქართველოს შეხვედრის „მაღალი დონის ორგანიზებისთვის“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი 19 ნოემბერს პირველად შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინს. შეხვედრა ახალი მომლაპარაკებლების დებიუტიც იყო და პირველი შემთხვევაც, როდესაც ქართულ-რუსული მოლაპარაკებები პრაღის ნაცვლად მინსკში გაიმართა.

ქართველმა ჟურნალისტებმა რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრის ადგილად მინსკის არჩევის შესახებ წინა დღეს შეიტყვეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები, აგრეთვე რეგიონული უსაფრთხოება განიხილეს.

„შეთანხმდნენ, რომ კონტაქტებს გააგრძელებენ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ქართული მხარის განცხადების თანახმად, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის გადაუჭრელი საკითხების მოგვარებისა და უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მთავარ ფორმატს.

მოსკოვში ორი ქვეყნის წარმომადგენლების შეხვედრას „პირდაპირი ქართულ-რუსული დიალოგის განახლებას“ უწოდებენ. ეს დიალოგი საქართველოში ხელისუფლების 2012 წლის ცვლილების შემდეგ დაიწყო.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა სწორედ ამ პირდაპირი, არაფორმალური დიალოგის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც უფრო მეტად „აბაშიძე-კარასინის ფორმატის“ სახელით არის ცნობილი.

ამ ფორმატში, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, წლების განმავლობაში ერთმანეთს ხვდებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.

თუმცა მათი შეხვედრები ძირითადად პრაღაში იმართებოდა და სავაჭრო-ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული საკითხებით შემოიფარგლებოდა.

თბილისში მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ახალი ფორმატი არ არის — ის ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში უკვე მოქმედებდა.

თუმცა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ შეხვედრის ახალი ადგილის შერჩევაც და საქართველოს წარმომადგენლად საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსნის დანიშვნაც ორმხრივი შეხვედრების ფორმატის მოსკოვისთვის სასარგებლოდ შეცვლაზე მიუთითებს.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოსგან გამოყოფილი რეგიონების — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) — დამოუკიდებლობის აღიარებიდან მალევე გაწყდა.

ორი ქვეყნის საელჩოები დაიხურა. 2009 წლიდან მათ ინტერესებს თბილისში და მოსკოვში შვეიცარიის საელჩოებთან არსებული ინტერესების სექციები წარმოადგენენ.

მას შემდეგ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომლებსაც ევროკავშირი, ეუთო და გაერო თავმჯდომარეობენ, საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენელთა შეხვედრების ერთადერთ ოფიციალურ ფორმატად რჩებოდა. იქ 2008 წლის ომის შედეგებსა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

გიორგი ზურაბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში 2026 წლის 21 ოქტომბერს დაინიშნა. ამასთან, მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაც შეინარჩუნა.

სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 2025 წლის დეკემბრიდან ვაკანტური იყო.

ზურაბაშვილის ახალ თანამდებობაზე დანიშვნის გამოცხადებისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრიორიტეტებად დაასახელა რუსეთთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შენარჩუნება და განვითარება, აგრეთვე ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგი.

მისი თქმით, სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ამ ამოცანების შესრულებაში, ჟენევის ფორმატთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ჟურნალისტებთან რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენის საკითხზე საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, რომ თბილისის პოზიცია უცვლელია.

„ამ ურთიერთობების აღდგენას ბუნებრივი ბარიერი აქვს — ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოებად აღიარება. შესაბამისად, ამ საკითხზე ჩვენი გადაწყვეტილება არ შეიცვლება და ვერც შეიცვლება“, — განაცხადა პრემიერმა.

თუმცა საქართველოს ხელისუფლების კრიტიკოსების აზრით, არც ზურაბაშვილის დანიშვნა და არც რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრის ადგილის არჩევა ყოფილა შემთხვევითი.

„ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების წარმოება რუსეთის მოკავშირე სახელმწიფოს დედაქალაქში, საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობის გარეშე, მხოლოდ ტექნიკური ან ლოგისტიკური საკითხი არ არის. ეს პოლიტიკური არჩევანია, რომელიც დიალოგის რუსეთისთვის ხელსაყრელ გარემოში და მოსკოვისთვის მისაღები ფორმატით წარმართვას ნიშნავს“, — მიიჩნევენ „საქართველოს დიპლომატთა საზოგადოებაში“, რომელიც საქართველოს ყოფილ დიპლომატებს აერთიანებს.

ორგანიზაციამ მანამდე გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის დანიშვნაც.

ყოფილი დიპლომატების აზრით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის მანდატში რუსეთთან კონფლიქტის „მშვიდობიანი მოგვარების“ ამოცანის შეტანა საფრთხეს უქმნის ჟენევის ფორმატს, მის პირდაპირ ალტერნატივად იქცევა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივებს აზიანებს.

„ქართული დიპლომატიის მიზანი ყოველთვის იყო, ქართულ-რუსული კონფლიქტი საერთაშორისო ფორმატში განხილვის საგანი გამხდარიყო და საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთთან პირისპირ არ დარჩენილიყო“, — ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 68-ე რაუნდი 2026 წლის 10-11 ნოემბერს გაიმართა.

მისი შედეგების მიხედვით, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების მომდევნო, 69-ე რაუნდი 2027 წლის მარტში ჟენევაში ჩატარდება.

რუსეთი უკვე რამდენიმე წელია მოითხოვს საერთაშორისო დისკუსიების ჟენევიდან გადატანას. ის შვეიცარიას ნეიტრალური შუამავლის სტატუსის დაკარგვაში ადანაშაულებს — ანტირუსული სანქციებისა და უკრაინაში ომის მიმართ მისი პოზიციის გამო.

მიხეილ გალუზინისა და გიორგი ზურაბაშვილის მომდევნო შეხვედრის თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა.

თუმცა ორივე მხარემ უკვე განაცხადა, რომ კონტაქტების გაგრძელებისთვის მზად არის.

პოპულარული

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა...

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელის, გია ბიბილაშვილის თქმით,...

ანა ყურაშვილი „ოლე ოლას“ სიმღერისთვის 3 ათასი ლარით დაჯარიმდა – ვიდეომტკიცებულებები ძირითადად უხმოა

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, ანა ყურაშვილი,  საქალაქო...

ღამით მანქანის ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა – შსს

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს,...

დაუსჯელი არავინ დარჩება – კალაძე 41 მილიონის მითვისების საქმეზე

საქმე გვაქვს სავარაუდო საბუთების გაყალბებასთან. დაველოდოთ გამოძიებას, დაუსჯელი არავინ...

ყველა ამბავი

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყეს

პრორუსმა ჰაკერებმა ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ფიშინგის ახალი კამპანია წამოიწყეს. ამის შესახებ შაბათს, 21 ნოემბერს, გაზეთმა Le Monde-მ გაავრცელა...

დანია ევროკავშირს რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის შეწყვეტას სთავაზობს

დანიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის დამატებითი შეზღუდვები დააწესონ. კოპენჰაგენი წინადადებებს ბრიუსელში 23 ნოემბერს წარადგენს. დანია...

ტატიანა კიმმა ევროკავშირის სანქციების დაწესების შემდეგ Wildberries-ის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

ტატიანა კიმმა Wildberries-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც ევროკავშირმა ის სანქციების სიაში შეიყვანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კიმი...

FT: ტრამპი ცდილობს, უკრაინის საკითხზე „სამშვიდობო შეთანხმებას“ წლის ბოლომდე მიაღწიოს

Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრი სახლი ყველა ღონეს ხმარობს, რათა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება 2027 წლის დასაწყისამდე...

ქუთაისში მრავალბინიან კორპუსში აფეთქება მოხდა

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვებაა.აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის მეხუთე სართულიდან...

ზელენსკი:პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი ვერ გადარჩება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის ხიდი განადგურდება და რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ეს უნდა გაიგოს.ამერიკულ ტელეკომპანია NBC-სთან...

CNN: SpaceX შეიძლება მილიარდობით დოლარის ზარალის წინაშე აღმოჩნდეს Starshield-ის შეზღუდვების გამო, რომლებიც უკრაინას რუსული დრონების ჩამოგდებაში უშლიდა ხელს

აშშ-ის კონგრესში დემოკრატები SpaceX-ის პროექტების დაფინანსების შეზღუდვით იმუქრებიან, თუ არ გაირკვევა, ვინ და რატომ ზღუდავდა სამხედრო სატელიტური სისტემის Starshield-ის...

თაია ჩამონგრეული სამი სართულის ბეტონის ქვეშ, სავარძელსა და კედელს შორის იყო მოყოლილი – მაშველი

თაია იმყოფებოდა შენობის პირველ სართულზე, სამი სართულის შენობა - ნაგებობა ჩამოშლილი იყო და თაია ქვეშ იყო მოყოლილი, იყო ხის...

28 ოჯახი დარჩა სახლის გარეშე, შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს – ივანიშვილები ფონიჭალაში აფეთქებაზე

"28 ოჯახი დარჩა სახლის გარეშე, შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს" - ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების სამძიმრის წერილს ავრცელებენ."ღრმა მწუხარებას...

რუსული რაკეტების აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა Patriot-ის სარაკეტო კომპლექსები საბრძოლო მზად ყოფნაში მოიყვანა

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ რუსული რაკეტების აფეთქების შემდეგ პოლონეთმა Patriot-ის სარაკეტო კომპლექსები საბრძოლო მზადყოფნაში...

მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ. დიდია ჩვენი მწუხარება – შიო III

"მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის – ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა. დიდია ჩვენი მწუხარება! "...

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელის, გია ბიბილაშვილის თქმით, ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული  ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია....