ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძეს ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობა დაატოვებინეს.
ამ ფაქტს პარლამენტში სხდომაზე ხმაური მოჰყვა, ბესელია შურისძიებად აფასებს მათი ჩანაცვლების ფაქტს.
“პარლამენტს ნუ დავამსგავსებთ რაღაც პერსონალური შურისძიების ადგილს,” – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ, ყოფილი თანაგუნდელების მისამართით გააკეთა.
“ეს არ არის პარლამენტის ნორმალური საქციელი და ნუ დავამსგავსებთ რაღაც პერსონალური შურისძიების ადგილს. ეს არის საქართველოს პარლამენტი და კეთილი უნდა ინებოს ყველამ, შენც, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, როგორც ამ დელეგაციის წევრმა, სხვამაც, კეთილი უნდა ინებოს და წესებს პატივი უნდა ვცეთ და ჩვენი პერსონალური განწყობები დამტოვოთ სადმე გარეთ,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელია განმარტავს, რომ ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობის ცვლილება იანვრამდე შეუძლებელია და მისთვის გაუგებარია, როგორ ხდება სხვა გვარებით მათი ჩანაცვლება.
“ჰგავს ეს პროცესი სადამსჯელო გადაწყვეტილებას და პერსონალურ გადაწყვეტილებებს. ჩემი კითხვა არის შემდეგში, აქ ვნახე, რომ არის შეცვლილი დელეგაციის შემადგენლობა. შენ პირადად, როგორც ამ დელეგაციის წევრი და საპარლამენტო ასამბლეის წევრი, მიგაჩნია, თუ არა, რომ სწორია ის, რომ ახლა, შუალედში, არ ვიცი რის გამო მოხდა ეს და ვისი გადაწყვეტილებაა, ესეც უნდა გვითხრა, რომ ვინ გადაწყვიტა, რომ შეიცვალოს დელეგაციის შემადგენლობა ეროვნულ დონეზე, მაშინ, როდესაც ეს ცვლილება მაინც ვერ აისახება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში,” – განაცხადა ბესელიამ.
მომხდარზე განმარტებებს ბესელია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მოითხოვს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე დელეგაციაში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყვნენ წარმოდგენილი და რადგან მათ ოცნება დატოვეს, მმართველ პარტიას სურს, რომ დელეგაციის წევრთა შორის “ქართული ოცნების” წევრები იყვნენ წარმოდგენილი.