ფლანგვის დეტექტორმა მოსამართლე ლევან მურუსიძეს მოსამართლედ მუშაობის მანძილზე აღებული ხელფასი დაუთვალა და სტატუსი მიუძღვნა. ლევან მურუსიძის მიერ შევსებული დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ 2006 -დან 2018 წლამდე, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურების სახით 877 850 ლარი აქვს მიღებული.
ფლანგვის დეტექტორის სტატუსი ლევან მურუსიძის შესახებ:
• ლევან მურუსიძის სახელს უკავშირდება სულხან მოლაშვილის, სანდრო გირგვლიანის, გიორგი მიქიაშვილის და რუსთავი2-ის პრობლემური საქმეები.
• გაოგნებულნი ვართ იმ შეთანხმებული ქმედებით (…) რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“. – ევროსასამართლო გირგვლიანის საქმის შესახებ.
• მურუსიძის თქმით, ის აბსოლუტურად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, რაც უვადო მოსამართლედ გამწესებისათვის აუცილებელი იყო.
• მურუსიძის უსამართლო ვერდიქტებს ქართველი ხალხი აფინანსებს.
ლევან მურუსიძე 2006-2015 წლებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო. 2013 წელს აირჩიეს იუსტიციის საბჭოს წევრად.
შემდეგ კი, იუსტიციის საბჭოს მდივნად. 2015 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე. სააპელაციო სასამართლოში იგი იყო უვადოდ გამწესებისთვის განკუთვნილ გამოსაცდელ ვადაზე სამი წლის განმავლობაში. 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის საბჭომ იგი უვადო მოსამართლედ დანიშნა. საბჭოში მის უვადოდ გამწესებას 14-დან 11-მა წევრმა მხარი დაუჭირა. მურუსიძის პოზიციით, ის აბსოლუტურად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, რაც უვადოდ გამწესებისთვის აუცილებელი იყო.
ლევან მურუსიძე მონაწილეობდა სხვადასხვა გახმაურებული საქმეების განხილვაში, მათ შორისაა სულხან მოლაშვილისა, სანდრო გირგვლიანის, გიორგი მიქიაშვილის, რუსთავი2-ის საქმეები.
მის სახელს უკავშირდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მსჯავრდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქება, რაზეც ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ „გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებით,რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები მოქმედებდნენ, რათა ამ საშინელ მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.
ამ და სხვა სკანდალური საქმეების მიუხედავად, ლევან მურუსიძე 2018 წლის 27 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა, შესაბამისად უსამართლო გადაწყვეტილებების გამოტანაში ბიუჯეტის ფულის აღებას კვლავ გააგრძელებს.
ლევან მურუსიძის და მისი ე.წ „კლანის“ დამსახურებით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე კორუფციულ და უსამართლო სისტემად რჩება, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. Freedom House-ის ერთ-ერთ უკანასკნელ ანგარიშში ნათქვამია, რომ „სასამართლოებში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ჩარევა არსებით პრობლემად რჩება, ისევე, როგორც კორუფცია და გამჭივალობისა და პროფესიონალიზმის ნაკლებობა.“
სასამართლო სისტემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციით ლევან მურუსიძე სასამართლო ხელისუფლებაში პრივილეგიებით სარგებლობს და სისტემაში ერთგვარი „შეფია“.
მურუსიძის სასამართლო და პოლიტიკური აღმავლობის დასანახად მისი ხელფასის დინამიკა გამოგვადგება. 2006 წელს 11 848 ლარი ჰქონა დარიცხული, ხოლო 2016 წელს სახელმწიფოსგან მიღებული შემოსავალი 99 965 ლარს უდრიდა.
ლევან მურუსიძის მიერ შევსებული დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ 2006 -დან 2018 წლამდე, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურების სახით 877 850 ლარი აქვს მიღებული.