გორის მერიამ ბოლო ორ წელში წვეულებებში და სატელეფონო მომსახურებაში 139 ათასი ლარი დახარჯა

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში გორის მერიამ წვეულებებში და სატელეფონო მომსახურებაში 139 ათას ლარამდე დახარჯა.

2018-2019 წლებში მერიამ 59,361 ლარი გადაიხადა წარმომადგენლობით ხარჯებში, საკომუნიკაციო მომსახურება კი 79,228 ლარი დაუჯდა.

ძირითადად თანხები წვეულებების მოწყობაში, სტუმრების მიღება-გამასპინძლებასა და სუვენირებზე იხარჯებოდა. 2018 წელს გორის მერიამ წვეულებისა და ღონისძიების დასაფინანსებლად 14-ჯერ გამოყო თანხები ბიუჯეტიდან, 2019 წელს კი 27-ჯერ.

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, საჯარო მოხელეები კორპორაციული ნომრებით სარგებლობენ, რომელთა ტარიფიც ქვეყნის შიგნით, ნებისმიერ ქსელთან ზარის განხორციელება და 30 წუთით საუბარი 5 თეთრი ღირს. შესაბამისად, ორ წელში დახარჯული თანხით მერია შეძლებდა 15,845 ზარის განხორციელებას და ყოველ სამუშაო დღეს 13 საათის განმავლობაში ტელეფონზე საუბარს.

გორის მერიამ 2 წლის განმავლობაში საკომუნიკაციო და წარმომადგენლობით ხარჯებისათვის საერთო ჯამში 138,589 ლარი დახარჯა, მაშინ, როცა:

  • განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამაში – 94,500 ლარი;
  • უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფაში – 117,000 ლარი;
  • სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში ფულად დახმარებაში – 0 ლარი.