რადიაცია თქვენს სახლში. საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც რადიაციას ასხივებს

ყველამ ვიცით იმის შესახებ რა შეიძლება იყოს რადიაციის წყარო ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია, რენდგენის აპარატი, ხშირად ჩვეულებრივ ულტრაბგერასაც ეჭვით უყურებენ. მაგრამ არსებობს რადიაციის სხვა წყაროებიც, მაგალითად ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც სახლში გვაქვს და ეჭვიც არ გვიჩნდება, რომ ისინი შეიძლება რადიაციული და ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივების წყარო იყოს.

პანიკაში ნუ ჩავარდებით, უმეტეს შემთხვევაში ისინი სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მაინც სასურველია იმის ცოდნა, რომელი საყოფაცხოვრებო ნივთები ან დეკორაცია შეიძლება შეიცავდეს საფრთხეს, რათა ფრთხილად იყოთ და თავიდან აიცილოთ კონცენტრაცია დასაშვებ ზღვარს მიღმა.


ჭურჭელი

გაგიკვირდებათ, მაგრამ ბევრისთვის საყვარელი ბროლი, რომელიც კარადებში ხშირად იწონებს თავს, რადიაციის წყაროა, თუ მასში ტყვიის შემცველობაა. ეს ნივთიერება ტოქსიკური და საშიშია. მართალია ბროლის ჭურჭლის ხანმოკლე გამოყენებით დიდი უბედურება არ მოხდება და არც მისი კარადაში, მინის მიღმა შენახვა დაგვიშავებს რამეს. მაგრამ ასეთ ჭურჭელში საკვების – მაგალითად შაქრის, კანფეტების ან ტკბილეულის შენახვა არარეკომენდირებულია.


ცალკე ყურადღებას იმსახურებს ძველი კერამიკა, შუშის და თიხის ჭურჭელი. განსაკუთრებით 1960 წლამდე დამზადებული, და განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ყვითელი ან ნარინჯისფერია, რადგან სწორედ სარკალში ურანის დამატებით ღებულობენ ასეთი ფერის მინანქარს. ის ურანის რადიოაქტიურ მარილებს შეიცავს. ადრე ასეთ ჭურჭელს ინტენსიურად ქმნიდნენ ამერიკულ ქარხნებშიც . მოგვიანებით მისი წარმოება აიკრძალა, თუმცა თავის დროზე იმდენად დიდი რაოდენობით მოხდა წარმოება და მთელ მსოფლიოში იმდენად გავრცელებულია ამგვარი ჭურჭელი, რომ მისი გაკონტროლება შეუძლებელია. ურანის შემცველი შეიძლება იყოს მომწვანო შეფერილობის ძველი შუშის ანტიკვარიც. ურანის გარდა ტყვიასაც შეიძლება შეიცავდეს ძველი ფაიფურის ჭურჭელი. ასეთი ჭურჭლიდან წყლის დალევა არ ღირს.



აბაზანა–ტუალეტი

პერიოდული შემოწმება დოზიმეტრით ბინებში აჩვენებს, რომ რადიოაქტიური გამოსხივება მცირე რაოდენობით აბაზანა–ტუალეტშიც გვხვდება. მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია აქ შეიძლება იმის ხარჯზეც იყოს მომატებული, რომ ძირითადად სახლის ეს ნაწილი უფანჯრებოა და არ ნიავდება. ფონი შესაძლოა კედლების კერამიკულმა ფილამ ან გრანიტმა შექმნას, ასევე თიხით დამუშავებულმა ადგილებმა. თუ ის არასაიმედო მადნიდან არის აღებული, მაგალითად ისეთი საბადოდან, რომელიც რადიაციით არის დაბინძურებული.


საყოფაცხოვრებო ტექნიკა


ძნელია ისეთი ბინის წარმოდგენა, სადაც თანამედროვე ტექნიკის რამდენიმე ნიმუში მაინც არ გვხვდება. როგორც ირკვევა, თითქმის ყოველ მათგანს ელექტრომაგნიტური გამოსხივება აქვს. სპეციალისტთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ სუსტი ელექტრომაგნიტური გამოსხივებაც კი საშიშია. დაღლილობა, თავის ტკივილი, თვითშეგრძნების ზოგადი გაუარესება და ძილის პრობლემები – ეს მხოლოდ ნაწილია იმ შედეგებისა, რასაც საყოფაცხოვრვებო ტექნიკასთან ხშირი კონტაქტი იწვევს.

გაზომვების შედეგად დადგინდა, რომ NO FROST–ის სისტემის მაცივრები კარიდან ერთი მეტრის რადიუსში დასაშვებ ნორმაზე მეტ გამოსხივებას გამოყოფს, ასე რომ ჯობს მაცივრის წინ დიდხანს არ დადგეთ, დროზე აიღოთ რაც გსურთ და მოშორდეთ. ელექტრომაგნიტური ველის ინტენსივობა შეინიშნება ელექტროქურის სიახლოვესაც. საკვების მომზადებისას ჯობს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ელექტროქურის წინა პანელისგან მინიმუმ 25 სანტიმეტრის დაშორებით იდგეთ. გაზომვები აჩვენებს, რომ მაგნიტური ველის ინტენსივობა ამაზე ახლო მანძილზე 1–3 მიკროტესლაა.

გამოსხივების მცირე დოზას ელექტროჩაიდნებიც კი გამოყოფს. 20 სანტიმეტრის რადიუსში გამოსხივების ინტენსივობა 0.6 მკ. ტესლაა. მაგნიტური ველი აქვს უთოების დიდ ნაწილსაც. სახელურიდან 25 სანტიმეტრის რადიუსში ჩართულ უთოს 0.2 მკ. ტესლას ინტენსივობის მაგნიტური ველი აქვს.გამოსხივების წყაროა სარეცხი მანქანაც. ამიტომაც არ ღირს ჩართული სარეცხი მანქანის გვერდით დიდხანს ყოფნა.


განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს მიკროტალღური ღუმელები. მის მავნებლობაზე დიდი ხანია კამათობენ. 30 სანტიმეტრის მანძილზე ის 0.3–0.8 მიკროტესლას ინტენსივობის ველს ქმნის. ეს კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის შესაძლოა ძალიან საშიში იყოს. თუმცა, თანამედროთვე მიკროტალღურ ღუმელებს დაცვის საიმედო დონეები აქვს. ამიტომაც ელექტრომაგნიტური ველი სამუშაო მოცულობის მიღმა ძირითადად არ გადის. თუმცა, ამის გარანტიას მაინც ვერავინ მოგვცემს. არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ მისი ნაწილი გარეთ მაინც ხვდება . და ეს ძირითადად კარის ქვედა მარჯვენა კუთხესთან ხდება. თუ კარის გარშემო რაიმე ღრიჭო ჩნდება, დაცვის დონე საერთოდ იკლებს. ამიტომაც ყურადღება მიაქციეთ მიკროტალღური ღუმელის ხარისხს და მდგომარეობას.

პრიალა ჟურნალები



საშიში გამოსხივების წყარო სახლში შესაძლოა ფერად–ფერადი პრიალა ჟურნალებიც გახდეს, რომლებიც თაროებზე და ტუალეტებში გროვდება. ბევრს მათი სუნიც მოსწონს. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ტოპოგრაფიული საღებავის წარმოებაში კაოლინი გამოიყენება. ეს თეთრი თიხის ნაირსახეობაა, რომელიც იმით გამოირჩევა, რომ ურანის და თორიუმის რადიოაქტიური იზოტოპების შეწოვის და დაგროვების უნარი აქვს. გასაგებია, რომ ერთი ჟურნალი არ მოგკლავთ, მაგრამ თუ მუდმივად სახლში ასეთი ჟურნალების გროვა გაქვთ, უნდა დაფიქრდეთ.

კატის ტუალეტი


კიდევ ერთი, თითქოს უწყინარი ნივთი კატის ტუალეტის სპეციალური ქვიშაა. ის კატის მოვლას და ჰიგიენის დაცვას აადვილებს და სუნსაც იწოვს. თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, ის ბეტონიტს შეიცავს. სწორედ ამის ხარჯზე ხდება სუნის შეწოვა და განეიტრალება. ეს ნივთიერება კი თორიუმის და ურანის შემცველი შეიძლება იყოს, რომლებსაც კანალიზაციაში მოხვედრის შემთხვევაში გარშემო ყველაფრის მოწამვლა შეუძლიათ. მართალია მწარმოებელი შეფუთვაზე მიუთითებს, რომ არ შეიძლება ამ მასალის უნიტაზში გადაყრა, მაგრამ ბევრი ამას ყურადღებას არ აქცევს.

და ბოლოს: ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც სავსეა მაიონიზირებელი და არამაიონიზირებელი გამოსხივებით. ეს გამოსხივება ორგანიზმის უჯრედებს აზიანებს. რაღაც ზღვრამდე ჩვენი იმუნური სისტემა ამ ზემოქმედებას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, აუცილებელია სახლში დაიცვათ ზღვარი, რომ მავნე გამოსხივებამ დასაშვებ ნორმას არ გადააჭარბოს.
ამიტომაც უნდა იცოდეთ, როგორ დაიცვათ თავი გამოსხივებისგან:

* დისტანციით (მაგალითად, ელექტროჩაიდანი 20 სანტიმეტრის მანძილზე უკვე უსაფრთხოა)

* ეკრანით (მაგალითად მიკროტალღურ ღუმელებში ასეთი ეკრანები უკვე ჩამონტაჟებულია)
* დროით (თუნდაც კერამიკული ფილები აბაზანაში მომეტებულ გამა ფონს ქმნიდეს, პანიკაში ნუ ჩავარდებით. რადგან აბაზანაში ცოტა დროს ატარებთ)


შეგიძლიათ გამოსხივების წყაროდან გამოსხივების დონე შეამციროთ ( მაგალითად დამიწება, რაც ელექტროუსაფრთხოების გარდა ბევრად ამცირებს ელექტრო და მაგნიტური ველის პარამეტრებს)