„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საქართველოს 5 თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი) ბიუჯეტებიდან საახალწლო და საშობაო ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები შეისწავლა.
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები, როგორც წესი, გამოირჩევა იმით, რომ მაღალია უტენდერო, პირდაპირი შესყიდვების წილი. პირდაპირი შესყიდვის საფუძვლად კი ძირითადად გადაუდებელი აუცილებლობა ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი ყოველთვის 1 იანვარს არის, მუნიციპალიტეტები ვერ ახერხებენ დროულად დაიწყონ ახალი წლის ღონისძიებებისთვის მზადება და წლის ბოლოს დაჩქარებულად და მითუმეტეს, პირდაპირი შესყიდვებით არ დახარჯონ ბიუჯეტის ფული.
საერთაშორისო გამჭირვალობის დასკვნით ეს მიანიშნებს ტენდერების დაგეგმვის არასათანადო პრაქტიკაზე, რაც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.
2019 წლის საახალწლო და საშობაო ღონისძიებებზე საქართველოს 5-მა თვითმმართველმა ქალაქმა: თბილისმა, ბათუმმა, ქუთაისმა, რუსთავმა და ფოთმა ჯამში დაახლოებით 6.5 მილიონი ლარი დახარჯა ბიუჯეტიდან. ამ თანხის 82% თბილისზე მოდიოდა. ტენდერების კუთხით მთავარი პრობლემა კონკურენციის დაბალი დონე იყო. მაგალითად, თბილისის მერიის 2 მილიონ ლარიანი ტენდერი იტალიურმა კომპანიამ „IDO SRL“-მა კონკურენციის გარეშე მოიგო. ბათუმის მერიის 428 ათას ლარიან ტენდერში „აჭარგანათებამ“ ასევე უკონკურენტოდ მოიგო, ხოლო რუსთავის მერიის გამოცხადებულ 208 ათას ლარიან ტენდერში მხოლოდ 2 კომპანია მონაწილეობდა, საიდანაც ერთმა დისკვალიფიკაცია მიიღო.
რაც შეეხება პირდაპირ შესყიდვებს, მაგალითად ფოთის მერიამ, რომელმაც საახალწლო ღონისძიებებზე ყველაზე ცოტა გაიღო, მთლიანი თანხა პირდაპირი შესყიდვის გზით დახარჯა. ქუთაისის მერიის შემთხვევაში თანხის 68% დაიხარჯა პირდაპირ შესყიდვაზე.
თბილისი
თბილისის მერიამ (მათ შორის შპს „თბილსერვის ჯგუფმა”) საახალწლო ღონისძიებებისთვის ჯამში დაახლოებით 5.3 მილიონი ლარი გაიღო, საიდანაც 36% უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის გზით დაიხარჯა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მთავრობის განკარგულებით შპს „თბილსერვის ჯგუფს“ საახალწლო ღონისძიებების განსახორციელებლად 4 მილიონი ლარი გამოეყო. 2019 წლის 5 თებერვლისთვის ამ თანხიდან 3 560 735 ლარი იყო დახარჯული. გარდა ამისა, ილუმინაციების მონტაჟისთვის შრომის ანაზღაურების სახით გაიცა 63 567 ლარი.
„თბილსერვის ჯგუფმა“ ახალი 2019 წლის დღესასწაულისთვის გასანათებელი მოწყობილობების შესაძენად ორი მსხვილი შესყიდვა ელექტრონული ტენდერით განახორციელა. ტენდერებში შპს „ალპა+“-მ (578 000 ლარის შესყიდვა) და იტალიურმა კომპანიამ „IDO SRL“-მა (2 123 000 ლარის შესყიდვა) გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანიამ კონკურენტის გარეშე მოიგო ტენდერი. „თბილსერვის ჯგუფმა“ გამარტივებული შესყიდვის წესით 160 300 ლარი დახარჯა.
უშუალოდ თბილისის მერიის ადმინისტრაციამ 2019 წლის შობა-ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიებებისთვის პირდაპირი შესყიდვის წესით სხვადასხვა კომპანიებისგან 1 720 974 ლარის საქონელი და მომსახურება შეისყიდა. პირდაპირი შესყიდვის საფუძველი გადაუდებელი აუცილებლობა ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება იყო. მათ შორის, შპს „თბილისი პარკ”-თან გააფორმა 52 140 ლარის ხელშეკრულება, რომლის დირექტორმაც, გელა დიღმელაშვილმა 2018 წლის 18 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდს 20 000 ლარი შესწირა; ასევე, შპს „ლუმა დეველოპმენტთან“ გააფორმა 6 752 ლარის ხელშეკრულება, რომლის მფლობელმა ოთარ თედორაძემ 2017 წლის ნოემბერში „ქართულ ოცნებას“ 30 000 ლარი შესწირა.
ბათუმი
საშობაო-საახალწლოდ ბათუმის მერიამ ჯამში 788 623 ლარი დახარჯა და ყველა შესყიდვა ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განახორციელა.
ქალაქს ამჯერად ახალი საახალწლო აქსესუარები არ შეუსყიდია. საშობაო-საახალწლოდ ქალაქის გაფორმების სამუშაოები ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ შეისყიდა ელექტრონული ტენდერის მეშვეობით. შესყიდვის ღირებულებამ 428 423 ლარი შეადგინა. ტენდერი კონკურენტის გარეშე შპს „აჭარგანათებამ“ მოიგო. კომპანიამ საახალწლო ნაძვის ხის და აქსესუარების მონტაჟისა და დემონტაჟის სამუშაოები განახორციელა.
ბათუმის კულტურის ცენტრმა საახალწლო ღონისძიებებზე 360 200 ლარი დახარჯა. აქედან ღონისძიებების საორგანიზაციო ნაწილზე 177 700 ლარი, ხოლო მოწვეული მომღერლების და მუსიკოსების ანაზღაურებაზე 182 500 ლარი დაიხარჯა.
ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის მერიის ინფორმაციით, 2019 წლის აღსანიშნავი ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 229 485 ლარი დაიხარჯა. ამ თანხის 68% ანუ 156 610 ლარი პირდაპირ შესყიდვებზე მოდის, მათ შორის, 99 485 ლარი საახალწლო განათებებზე დაიხარჯა.
საახალწლო განათებების შესასყიდად ქუთაისის მერიამ 97 141 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე 2018 წლის 11 ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობა შპს „გერასკამ“ და შპს „დანდიმ“ მიიღო. შპს „დანდიმ“ 94 804 ლარის შეთავაზებით ტენდერი მოიგო, თუმცა შპს „გერასკამ“ ტენდერი გაასაჩივრა და შპს „დანდის“ დისკვალიფიკაცია მიეცა ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. მერიამ ხელშეკრულება შპს „გერასკასთან“ გააფორმა. 28 დეკემბერს მერიამ „გერასკასთან“ ხელშეკრულება შეწყვიტა, მიზეზად კი შესაბამის ვადაში სამუშაოების შეუსრულებლობა დასახელდა.
2018 წლის 26 დეკემბერს ქუთაისის მერიამ პირდაპირი შესყიდვის წესის გამოყენებით და გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით) გასანათებელი მოწყობილობები, საბოლოოდ, შპს „დანდისგან“ 99 485 ლარად შეიძინა, რაც თავდაპირველ ფასზე (ელექტრონული ტენდერის ღირებულებაზე) 2 300 ლარით მეტია.
აღსანიშნავია, რომ შპს „დანდი“ საახალწლო განათებების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისთვის. 2019 წლის საახალწლო გაფორმებისთვის განათებები მისგან შეიძინეს ლანჩხუთის, ლაგოდეხის, წყალტუბოს, ტყიბულის, ყაზბეგის, ახალციხის, გორის, ბორჯომის, ხონის, სამტრედიის, მარტვილის, ქარელის, გარდაბნის, კასპის, სიღნაღის, ფოთის და სხვა მუნიციპალიტეტებმა, ძირითადად პირდაპირი შესყიდვის გზით.
ტენდერის გზით ქუთაისის მერიამ 42 955 ლარი საახალწლო ღონისძიების ორგანიზებაზე დახარჯა, ხოლო 19 900 ლარი საახალწლო კონცერტის სცენითა და გახმოვანებით უზრუნველყოფაზე. ნაძვის ხის გაფორმებაზე 10 000 ლარი დაიხარჯა.
რუსთავი
ქალაქ რუსთავის მერიამ საახალწლო ღონისძიებებზე 208 000 ლარი დახარჯა. მან საჭირო საქონელი და მომსახურება აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა: შპს „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი“ და შპს „ჯეოტურისტ+“. „ჯეოტურისტის+“-ის შეთავაზებული ფასი 198 041 ლარი იყო, ხოლო „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრის“ 205 900 ლარი. ფასის მიხედვით ტენდერში „ჯეოტურისტ+“-მა გაიმარჯვა და მერიამ მასთან 19 დეკემბერს 198 041 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა, 5 დღეში, 24 დეკემბერს ხელშეკრულება შეიცვალა და კონტრაქტის ღირებულება 208 000 ლარამდე გაიზარდა. შეცვლილ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ შეიცვალა სატენდერო დოკუმენტაციაში ატვირთული „შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პირობები“. საბოლოო ჯამში, „ჯეოტურისტ+“-მა უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე მის კონკურენტს ჰქონდა მითითებული ფასის შეთავაზების დროს.
208 000 ლარიდან მომსახურების შესყიდვაზე (კონცერტის ჩატარება, საბავშვო პროგრამა, საახალწლო განათება, საახალწლო დეკორაციები და ა.შ.) 176 959 ლარი დაიხარჯა, ხოლო საქონელზე (საჩუქრები და საახალწლო აქსესუარები) 31 041 ლარი.
ფოთი
ქალაქ ფოთის მერიის ინფორმაციით, 2019 წლის შობა-ახალი წლის ღონისძიებების დასაფინანსებლად 19 600 ლარი გამოიყო. 2018 წლის 4 დეკემბერს მერიამ ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების მომსახურების შესყიდვაზე 16 610 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, თუმცა პრეტენდენტების არ არსებობის გამო ტენდერი არ შედგა და საბოლოოდ, პირდაპირი შესყიდვის წესით ინდივიდუალურ მეწარმე ნანა ჭითანავასგან შეისყიდა 16 610 ლარის მომსახურება.
საქონელი და მომსახურების შესყიდვის მიზნით (საახალწლო ინვენტარი), პირდაპირი შესყიდვის საშუალებით ფოთის მერიამ შპს „დანდისგან“ 4 862 ლარის ქალაქის გასაფორმებელი ინვენტარი შეიძინა.
ჯამში, საახალწლო ღონისძიებებზე ფოთის მერიამ 21 472 ლარი დახარჯა. ეს თანხა სრულად პირდაპირი შესყიდვის გზით დაიხარჯა.