ვინ ჩააკითხავს სააკაშვილს რომში.შალვა რამიშვილი უკვე იქ არის. შედგება თუ არა სკანდალი ემიგრანტების მორიგ შეხვედრაზე

3 მარტს სააკაშვილი ემიგრანტებს რომში, Piazza Della republica 47 – ში შეხვდება. “საქართველოს მომავლის ფორუმი“ – ასე ქვია მოძრაობა “ერთად სახლში“ – ს ღონისძიებას. ღონისძიების გვერდზე მისი შინაარსი ასეა აღწერილი:
“ამ შეკრებაზე იტალიაში ჩვენ გვექნება საპანელო დისკუსიები , ინტერაქცია , ცოცხალი განხილვა და მსჯელობა საქართველოს მომავალზე. ის რისი საშუალებაც სამთავრობო ზომბებმა არ მოგვცეს ლიეჟში. ერთად ვანახებთ რომში , რომ ჩვენი შეჩერება შეუძლებელია და ჩვენს მისიას აუცილებლად შევასრულებთ . ყველ გზა რომში მიდის . შევხვდებით 3 მარტს.“
ღონისძიების ორგანიზატორები მონაწილეებს მოუწოდებენ შეხვედრაზე იმ ქვეყნის დროშები მიიტანონ, საიდანაც რომში ჩადიან. ღონისძიებაზე რეგისტრაცია 11 საათზე დაიწყება. მონაწილეებზე როგორც ჩანს საშვი გაიცემა, რომელსაც წინასწარ დარეგისტრირებულ მონაწილეებს მისცემენ.
მოძრაობის გვერდზე პარასკევს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 3 მარტის შეკრებაზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო დარბაზი ყველას ვერ დაიტევს და დამსწრეთა რეგისტარაცია პარასკევს საღამოს 23:59 საათზე შეწყდა.
როგორც ჩანს შეხვედრაზე დამსწრეთა ვინაობა ლიეჟის გამოცდილებიდან გამომდინარე მკაცრად გაკონტროლდება. 10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟში სააკაშვილის შეხვედრა ემიგრანტებთან სკანდალური დაპირისპირების ფონზე წარიმართა. სააკაშვილთან დაპირისპირებულმა ჯგუფებმა დარბაზში შესვლა სცადეს, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.
ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას მხარდამჭერების მობილიზაციასა და ლიეჟში ჩაყვანაში ადანაშაულებდა.

ხელისუფლების გეგმების შესახებ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ გვერზე რომის შეხვედრის წინაც გაავრცელა.

“ თურმე,მხოლოდ 30€ იხდიან რომში,კონტრაქციაში მონაწილეობისთვის…ხო მაგრამ,ივანიშვილს 100€აქვს თითოეულ ადამიანზე გამოყოფილი…
ბიძო,შუამავლები 70€ გიტეხავენ და ქენი რამე თორემ 30€ რომში პიცას თუ შეჭამენ და მადლიერიც არ დაგრჩება… და კალა,რომელმაც უკვე მოაგვარა ყველა თბილისელის პრობლემა,ბოლო რამდენიმე დღე გაატარა იტალიაში და ვითარება მოამზადა ჩემი ჩასვლისთვის“ – დაწერა სააკაშვილმა ფეისბუქ გვერდზე.
თბილისის მერი, კახა კალაძე იტალიაში ამ კვირაში  მართლაც იმყოფებოდა, თუმცა უცნობია რამდენად უკავშირდებოდა მისი ვიზიტი რომის შეხვედრას.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩავა ნაციონალური მოძრაობის წევრებიდან რომის შეხვედრაზე.
ასევე უცნობია, კონკრეტულად რა სამობილიზაციო ზომები მიიღო ხელისუფლებამ კონტრაქციის ორგანიზებისთვის. ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ რომში ჩავიდა შალვა რამიშვილი – სახელისუფლო ინტერნეტ ტელევიზიის თანამშრომელი, რომელიც ლიეჟის შეხვედრაზეც იყო ჩასული.