ზაზა სარალიძე:მკვლელობის საქმის ერთ-ერთი პროკურორი დააწინაურეს

{{ARTICLEIMAGE}}
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ, ხმაური იყო. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე აღნიშნული საქმის პროკურორის იმედა გუგუშვილის დაწინაურების შესახებ არსებულმა ინფორმაციამ გააღიზიანა. როგორც ზაზა სარალიძე ამბობს, მას აქვს ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი პროკურორი იმედა გუგუშვილი კარიერულად დაწინაურდა მთავარ პროკურატურაში, რაც მისთვის მიუღებელია. თავის მხრივ, მთავარმა პროკურატურამ დღეს უარყო ზაზა სარალიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი იმედა გუგუშვილი დააწინაურეს.

რაც შეეხება პროცესს, ზაზა სარალიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქმის მოქმედ პროკურორს თორნიკე ნადირაძეს, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურმა მას შენობა დაატოვებინა.

“მე არაფრის აღარ მჯერა. იმედა გუგუშვილი ზვიად ფხაკაძესთან ერთად აყალბებდა საქმეს და ახლა გავიგე, რომ ის დააწინაურეს. სად არის საერთოდ მთავარი პროკურორი? მე მივმართე შსს-ს და პროკურატურას შეხვედრის შესახებ, თუმცა მხოლოდ შსს-მ გამოთქვა მზაობა შეხვედრისთვის“,  განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დღეს სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს განიხილავენ. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.