დონალდ ტრამპი უნგრეთის ყოფილ პრემიერს, ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტისთვის ბრძოლაში ჩართვას სთავაზობს. იდეა გაჩნდა იმ დროს, როდესაც გენმდივნის შესარჩევი პროცესი ჩიხშია: რამდენიმე ოფიციალური კანდიდატი უკვე მონაწილეობს კონკურსში, მაგრამ უშიშროების საბჭოს მთავარი სახელმწიფოები ვერც ერთზე ვერ თანხმდებიან. სწორედ ამიტომ შეიძლება ორბანი მოულოდნელად რეალურ კანდიდატად იქცეს, თუ ვაშინგტონი მის გარშემო მოსკოვისა და პეკინის მხარდაჭერასაც შეკრებს და პარიზი ან ლონდონი მის დაბლოკვას არ გადაწყვეტენ.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უნგრეთის ყოფილ პრემიერ ვიქტორ ორბანს გაეროს გენერალური მდივნის პოსტისთვის ბრძოლაზე დაფიქრება შესთავაზეს. ორბანი ამ ეტაპზე ოფიციალურად არ არის წარდგენილი და გაეროს კანდიდატთა სიაშიც არ ფიგურირებს. კანდიდატად გახდომისთვის ის ჯერ რომელიმე წევრმა სახელმწიფომ უნდა წარადგინოს.
გაერო ჯერ ვერ თანხმდება, ვინ უნდა შეცვალოს გუტერეში
ანტონიუ გუტერეშის მეორე ვადა 31 დეკემბერს სრულდება და ახალი გენერალური მდივანი თანამდებობაზე მუშაობას 2027 წლის 1 იანვარს უნდა შეუდგეს. შერჩევის პროცესი უკვე თვეებია მიმდინარეობს: მონაწილეობს რამდენიმე ოფიციალური კანდიდატი, მათ შორის გამოცდილი დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. კანდიდატების უმრავლესობა ქალია, ამიტომ პირველად გაეროს ისტორიაში საკმაოდ რეალურია შესაძლებლობა, რომ ორგანიზაციას ქალი უხელმძღვანელოს.
პრობლემა კანდიდატების სიმცირე არ არის.
პრობლემა ისაა, რომ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო უშიშროების საბჭოს გავლენიანი სახელმწიფოებისთვის მისაღებ კომპრომისულ ფიგურად ქცევა.
საბჭომ კანდიდატებზე უკვე რამდენიმე დახურული, არაფორმალური კენჭისყრა ჩაატარა. ზოგიერთ მათგანს ფართო მხარდაჭერა აქვს, მაგრამ მუდმივი წევრების ნაწილი ეწინააღმდეგება. შედეგად, წინ წამოწეული კანდიდატიც კი შემდეგ ეტაპზე ვერ გადადის. Reuters-ის ცნობით, ბოლო მნიშვნელოვანი კენჭისყრის შემდეგაც ვერ გამოიკვეთა ადამიანი, რომლის გარშემოც შეთანხმება შეიძლებოდა.
სწორედ ამ ფონზე დაიწყო საუბარი ორბანის კანდიდატურაზე.
როგორ ირჩევენ გაეროს გენერალურ მდივანს
ფორმალურად გენერალურ მდივანს გაეროს გენერალური ასამბლეა ნიშნავს, სადაც ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოა წარმოდგენილი.
მაგრამ რეალური პოლიტიკური გადაწყვეტილება მანამდე, უშიშროების საბჭოში მიიღება.
საბჭოში 15 ქვეყანაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხუთი მუდმივი წევრია — აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. თითოეულ მათგანს კანდიდატის შეჩერება შეუძლია. საბჭოში კენჭისყრაზე კანდიდატისთვის 9 ხმაც საკმარისია, თუმცა, მთავარია კანდიდატი საბჭოს 5 მუდმივი წევრიდან რომელიმემ არ დაბლოკოს.
ამიტომ გენერალური მდივნის არჩევისთვის მხოლოდ ბევრი მხარდამჭერის მოგროვება საკმარისი არ არის. აუცილებელია ისეთი კანდიდატის პოვნა, რომლის წინააღმდეგაც ამ ხუთი ქვეყნის მთავრობიდან არცერთი არ წავა.
როდესაც უშიშროების საბჭო ასეთ კანდიდატზე შეთანხმდება, მას გენერალურ ასამბლეას წარუდგენს. ისტორიულად ეს უკვე პროცესის გაცილებით ნაკლებად სადავო ეტაპია.
ზუსტად ამიტომ ჭიანურდება დღევანდელი კონკურსიც: სხვადასხვა სახელმწიფოს სხვადასხვა კანდიდატი მოსწონს, მაგრამ ყველასთვის მისაღები ფიგურა ჯერ ვერ მოიძებნა.
და სწორედ აქ ჩნდება ტრამპის ორბანის გეგმა
ორბანს ერთი თვისება აქვს, რომელიც ამ კონკრეტულ პროცესში განსაკუთრებით ღირებულია: მას კარგი პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა ერთმანეთის კონკურენტ სამ დიდ ძალასთან.
ტრამპთან მისი სიახლოვე დიდი ხანია ცნობილია. ამავე დროს, უნგრეთის პრემიერობისას ორბანი დასავლეთ ევროპის ლიდერების უმეტესობაზე გაცილებით ახლო ურთიერთობას ინარჩუნებდა ვლადიმირ პუტინთან და აქტიურად ავითარებდა ურთიერთობას ჩინეთთან.
ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ ორბანის მხარდაჭერა შესაძლოა არა მხოლოდ ვაშინგტონისთვის, არამედ მოსკოვისა და პეკინისთვისაც მისაღები იყოს. გავრცელებული ცნობებით, ამერიკულ მხარეს სწორედ ამ სამი ქვეყნს ერთობლივად მხარდაჭერილი კანდიდატის შექმნის იდეა აქვს. საბოლოო შეთანხმება საჯაროდ დადასტურებული ჯერ არ არის.
თუ ეს მოხდება, ორბანს ძალიან ძლიერი საწყისი პოზიცია ექნება, თუმცა ეს გამარჯვებას არ ნიშნავს.
ყველაფერი შეიძლება საფრანგეთმა ან ბრიტანეთმა შეაჩერონ
ორბანის ყველაზე რთული პრობლემა დასავლეთ ევროპაა.
უნგრეთის პრემიერობის წლებში მას ევროკავშირთან მძიმე კონფლიქტები ჰქონდა კანონის უზენაესობის, მედიის თავისუფლების, მიგრაციის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და უკრაინის დახმარების საკითხებზე.
ამიტომ სრულიად რეალურია, რომ მისი წინააღმდეგობა სწორედ ევროპელი მუდმივი წევრებისგან – საფრანგეთისგან ან დიდი ბრიტანეთისგან — წამოვიდეს.
ერთ-ერთმა მათგანმაც რომ გადაწყვიტოს ორბანის დაბლოკვა, ტრამპის, რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერა საკმარისი აღარ იქნება.
თუ პარიზი და ლონდონი გადაწყვეტენ, რომ ორბანი გაეროს ხელმძღვანელად მათთვის მიუღებელია, მისი კანდიდატურის საკითხი პრაქტიკულად დასრულდება.
თუ ისინი მის წინააღმდეგ არ წავლენ, მაშინ ვითარება სრულიად იცვლება და ორბანი მართლაც ერთ-ერთ სერიოზულ კანდიდატად გადაიქცევა.
რამდენად რეალურია ორბანის არჩევა?
დღეს მისი ფავორიტად გამოცხადება აშკარად ნაადრევია. ჯერ ერთი, ორბანი ოფიციალური კანდიდატიც არ არის. მეორეც, კონკურსში უკვე არიან გამოცდილი დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც თვეებია საკუთარი კანდიდატურისთვის მხარდაჭერას აგროვებენ.
მაგრამ მათ აქვთ ერთი პრობლემა, რომელიც ორბანისთვის შესაძლებლობას ქმნის: დიდ სახელმწიფოებს შორის არც ერთ მათგანზე შეთანხმება ჯერ არ არსებობს.თუ ტრამპის ადმინისტრაცია მართლაც შეძლებს ორბანის გარშემო აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის გაერთიანებას, ის კონკურსში ძალიან ძლიერი პოზიციიდან შევა.შემდეგ ყველაფერი საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
ზუსტი „არჩევნების დღე“ ჯერ დანიშნული არ არის. უშიშროების საბჭოს კონსულტაციები გაგრძელდება მანამდე, სანამ ერთ კანდიდატზე შეთანხმება არ მოხდება, ხოლო პროცესი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, რადგან ახალი გენერალური მდივანი თანამდებობას 2027 წლის 1 იანვარს იკავებს.


