უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტოებმა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს შეუტიეს. ამის შესახებ კვირას, 21 ივნისის ღამეს, Telegram-ში რუსეთის მიერ დანიშნულმა სევასტოპოლის „გუბერნატორმა“ მიხაილ რაზვოჟაევმა განაცხადა.
„სევასტოპოლში სამხედროები უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას იგერიებენ, მუშაობს საჰაერო თავდაცვა და მობილური საცეცხლე ჯგუფები“, — დაწერა მან.
რაზვოჟაევის თქმით, ბალაკლავისა და ფიოლენტის კონცხის რაიონში ოთხი უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, აღნიშნა მან და დაამატა, რომ სამხედროები მოწინააღმდეგის დრონების გასანადგურებლად სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ, „მათ შორის ცეცხლსასროლ იარაღსაც“.
ყირიმის ხიდზე მოძრაობა გადაიკეტა
Telegram-არხში, რომელიც ყირიმის ხიდზე ოპერატიულ ვითარებას აშუქებს, განაცხადეს, რომ ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხიდზე „დროებით გადაიკეტა“. ხიდზე და შემოწმების ზონაში მყოფებს მოუწოდეს, სატრანსპორტო უსაფრთხოების თანამშრომლების მითითებებს დაემორჩილონ.
Telegram-არხები: შესაძლოა, ქერჩის პორტში ტერმინალზე იერიში განხორციელდა
ამასთან, Telegram-არხმა Supernova+-მა ქერჩში ხანძრის შესახებ დაწერა. Exilenova+-ის ცნობით, ცეცხლი პორტის რაიონში გაჩნდა.
წინასწარი მონაცემებით, სამრეწველო ზონაში იწვოდა „ТЭС-Терминал“ — ნავთობპროდუქტებისა და თხევადი გაზის გადატვირთვისა და შენახვის სარკინიგზო კომპლექსი. გარდა ამისა, შესაძლოა, დაზიანდა პორტი „კავკაზიც“.
Exilenova+-ის ცნობით, ხანძრები დაფიქსირდა სოფელ კურორტნოეში, სადაც საჰაერო თავდაცვის ობიექტი მდებარეობს, ასევე ქერჩის რაიონში — სამხედრო ნაწილის №98546 ტერიტორიაზე.
მოგვიანებით რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის „ხელმძღვანელმა“ სერგეი აქსიონოვმა თავის Telegram-არხში განაცხადა, რომ ქერჩის ნახევარკუნძულზე დრონების შეტევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.
მანამდე, 20 ივნისის ღამეს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში დრონების მასირებული შეტევის შედეგად ასევე მრავალი ხანძარი გაჩნდა. OSINT-მონიტორინგის არხ „Крымский ветер“-ის მონაცემებით, იწვოდა ტავრიული თბოელექტროსადგური, ნავთობისა და გაზის საცავი, გაზგამანაწილებელი სადგურები, ასევე ხიდები და გადასასვლელები.















