შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანია ,,გლოვოს” კურიერზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების განმარტებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ორ თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კომპანია ,,გლოვოს” კურიერს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
„დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით კი შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს“,-ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დავით დვალიშვილს თავს პარასკევს საღამოს, ყაზბეგის გამზირის 25 ნომერთან მაშინ დაესხნენ, როცა შეკვეთა მიიტანა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გაავრცელა, რომელიც ამბობდა, რომ არასრულწლოვანთა ჯგუფი მას აედევნა, რადგან ჩათვალა, რომ კურიერმა მათი საეჭვო ქცევის გამო პოლიციაში დარეკა.
ადვოკატის ინფორმაციით, დავით დვალიშვილს, სავარაუდოდ მინიმუმ ხუთკაციანი არასრულწლოვანთა ჯგუფი დაესხა თავს. შემთხვევა პროდუქტის მიტანის შემდეგ, სადარბაზოდან გამოსვლისას მოხდა.
„ტელეფონი გვაჩვენეო, გინდა თუ არაო, სად რეკავო. მან ანახა ტელეფონი, დაუწყეს დამცირება…დაიწყეს მოკლედ მუქარა, რომ ცემდნენ და შემდგომ წაართვეს ტელეფონი ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, უღებდნენ ვიდეოს და დამამცირებლად ეპყრობოდნენ.
როგორც გავიგე, ცემის დროსაც კი უღებდნენ ვიდეოს. კეფის არეში მოკიდეს ხელი, ძირს დააგდეს და ასფალტზე ატყმევინეს გამეტებით თავი, კეფაში ურტყამდნენ, თავში ურტყამდნენ, სხვადასხვა სხეულის დაზიანება აქვს მიღებული ჩემს დაცვის ქვეშ ყოფნის“, – ამბობს ადვოკატი.
დავით დვალიშვილი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჰყვება, რომ შეკვეთის მისამართზე მისვლისთანავე შეამჩნია ახალგაზრდების ჯგუფი.
მას შემდეგ, რაც ამანათი შემკვეთთან დატოვა და საცხოვრებელ კორპუსს ტოვებდა, მეორე შეკვეთის დეტალების გარკვევის მიზნით, მობილურზე დარეკა. ამ დროს ახალგაზრდების ჯგუფიდან ერთი მიუახლოვდა და ჰკითხა: რას აკეთებდა.
„ეჭვი ჰქონდათ, რომ პოლიციაში ვრეკავდი…შენ ვის ურეკავო? დაგვასმინეო? არა მეთქი, ჩემს შეკვეთაზე ვრეკავ…ტელეფონი ვანახე, შეკვეთაც ვანახე და ადამიანურად ვუთხარი, რომ კარგი ყველაფერს კარგს გისურვებთ შეკვეთაზე მივდივართ მეთქი.. მოუმატეს ტონს, დამამცირებელი სიტყვები იყო, შენ იცი ჩვენ რა ცხოვრებით ვცხოვრობთო?“, – იხსენებს დაზარალებული.
ის იხსენებს, რომ როცა მოპედს ქოქავდა და წასვლას აპირებდა, ახალგაზრდები კიდევ უფრო გაღიზიანდნენ.
„ტელეფონი ამოიღეს, თითქოს მიღებდა, მე ვფიქრობ რომ მიღებდა, ფანარს რისთვის გაანათებდა?… თან ტონს აუწიეს და ვიფიქრე, რომ საქმე სერიოზულად იყო…ტელეფონი წამართვეს…აბსოლუტურად ლაჩრულად ზურგსუკან დამესხენ თავს…პირდაპირი მნიშვნელობით ასფალტზე თავი მარტყმევინეს…შოკში ვიყავი“, – იხსენებს ის.



