შპს “საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია და პირველ ეტაპზე მიღებული რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიწოდებას.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფორმების დასაწყობება, უახლოეს დღეებში კი მათი მიწოდება დაიწყება დიდ ქალაქებსა და რეგიონებში.
“უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, სად გაიხსნება სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტები სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონებში.
პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება.
II-VI კლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიღება საქართველოში ორ ეტაპად, 15 ოქტომბერსა და 30 ნოემბერს, განხორციელდება.“–ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში
უკვე დამტკიცდა საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის წესი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის, ფორმების შეძენის, უსასყიდლოდ გადაცემისა და დაბრუნება-გაცვლის წესი განსაზღვრა.
სასკოლო ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება რეალიზაციის პუნქტებსა და ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობით.
ფორმის შეძენისას გადახდა განხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. ფიზიკურ პუნქტებში შესაძლებელი იქნება საბანკო ბარათით გადახდა.
სასკოლო ფორმის შეცვლა ან დაბრუნება შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ამისთვის მშობელმა შესაბამისი ქვითარი უნდა წარადგინოს.
ფორმებს უსასყიდლოდ მიიღებენ;
1. საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია.
2. მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში.
3. მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
შეგახსენებთ, რომ სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის პროცესს სამინისტროს მიერ
დაფუძნებული შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ მართავს, რომელიც პასუხისმგებელია ფორმების დამზადებაზე, შეძენაზე, დასაწყობებასა და გავრცელებაზე.
დეტალური ინფორმაცია რეალიზაციის პუნქტების მისამართებთან დაკავშირებით გამოქვეყნდება შპს “საგანმანათლებლო რესურსების” ოფიციალურ გვერდზე.



