„ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი“ – ამის შესახებ ნინო სუხიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს.
ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ანსამბლის მიმართ ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბვრალდებებს ეხმაურება, თუმცა ამბობს, რომ მათ მიმართ წლების მანძილზე არაერთი უსაფუძვლო ბრალდება გამოთქმულა, რასაც მიჩნეული არიან.
“გავიხსენებდი თუნდაც იმას, რომ თითქოს 26 მაისს რუსთაველის გამზირზე ვიცეკვეთ, როცა არ გვიცეკვია, თუნდაც ეჭვის ქვეშ რუსეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების დაყენებას. ვთვლი, რომ ამას არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჩვენ არაფერი გვჭირს არც თავის სამართლებელი, არც დასაცავი. მით უმეტეს, არავის ბოდიშის მოხდა არ გვჭირდება.
ასევე, მინდა ვახსენო პეტიცია. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გარშემო შექმნილ მოვლენებს გამოეხმაურა. მადლობა სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, მაგრამ ვთვლი, რომ ესეც არ არის საჭირო. ამით უფრო გავამწვავებთ ქვეყანაში ისედაც გამწვავებულ მდგომარეობას და ამას კიდევ უფრო ზედმეტად მოჰყვება ერთმანეთის ლანძღვა-გინება, რასაც უკვე მივეჩვიეთ, მაგრამ ეს ჩვენ ნამდვილად არ მოგვწონს. ვთვლი, რომ საჭირო არ არის ამის გაბუქვა.
მჯერა, ჩემი ხალხის. დიდი მადლობა სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, ჩვენი წარმატების გაზიარებისთვის და დამოკიდებულებისთვის, რასაც ჩვენ ყოველ წუთში ვგრძნობთ, იქნება ეს დარბაზში, კონცერტზე, ქუჩაში, მაღაზიაში, აფთიაქში, კაფეში. ამაზე დიდი ჯილდო ადამიანისთვის არ არსებობს. დიდი მადლობა. ჩვენც ძალიან გვიყვარხარ ყველა, განურჩევლად, რა აზრის ხართ ჩვენზე“, – განაცხადა ნინო სუხიშვილმა ვიდეო-მიმართვაში.



