რუსეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებში, ასევე დაღესტნისა და ადიღეს რესპუბლიკებში, 24 აგვისტოს გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა Ozon-ის ლოგისტიკურ ობიექტებზე განხორციელდა.
პირველი ცნობები Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრებზე დარტყმებისა და ხანძრების შესახებ რუსულ მედიასა და უკრაინულ მონიტორინგულ არხებში დილით გავრცელდა. მოგვიანებით ინფორმაცია რეგიონების ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თავად კომპანიამაც დაადასტურეს.
კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეები
Ozon-ის ინფორმაციით, კრასნოდარში დრონების თავდასხმის შედეგად კომპანიის ლოგისტიკურ ცენტრში ხანძარი გაჩნდა. კომპანიის ცნობით, თანამშრომლების ევაკუაცია დროულად განხორციელდა.
რუსულ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ დამოუკიდებელ გამოცემა ASTRA-ს ცნობით, თვითმხილველების მიერ გადაღებული ვიდეომასალის ანალიზმა აჩვენა, რომ Ozon-ის მსხვილი საწყობი დრონებით სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკშიც დაზიანდა.
დაღესტანი და ადიღე
უკრაინული მონიტორინგული არხის Exilenova+-ის ინფორმაციით, 24 აგვისტოს დრონებით იერიში Ozon-ის ლოგისტიკურ ცენტრზეც განხორციელდა დაღესტნის რესპუბლიკის დაბა ტიუბეში.
დაღესტნის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ფედორ შჩუკინმა განაცხადა, რომ დრონების ფრაგმენტების ჩამოვარდნას საწყობებში ხანძარი მოჰყვა. მას კომპანიის დასახელება არ დაუკონკრეტებია.
მოგვიანებით Ozon-ის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ დაღესტანში თავდასხმის სამიზნე მახაჩყალის ლოგისტიკური ცენტრი გახდა. კომპანიის ცნობით, ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ხოლო ცენტრის მუშაობა გაურკვეველი ვადით შეჩერდა.
ადიღეს რესპუბლიკის ხელმძღვანელმა მურატ კუმპილოვმა ასევე განაცხადა, რომ 24 აგვისტოს დილით ტახტამუკაის რაიონში დრონების შეტევის შედეგად Ozon-ის ლოგისტიკური ცენტრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
თავდასხმების მასშტაბისა და ზარალის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ გავრცელებულა.



