აქციების დროს დაკავებულ და “ქართული ოცნების” პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ დენის კულანინს 5 წლით საქართველოში შემოსვლა აეკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ“ კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე მიმდინარეობდა ქვეყნიდან გაძევების პროცედურები რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დენის კულანინის მიმართ. აღნიშნული კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიგრაციის დეპარტამენტმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს დენის კულანინის საქართველოდან გაძევების თაობაზე.
მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დენის კულანინის მიმართ საქართველოდან გაძევების თაობაზე ბრძანება მიიღო. ზემოაღნიშნული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირს დაუწესდა 7-დღიანი ვადა საქართველოს ტერიტორიის ნებაყოფლობითი დატოვების მიზნით, მისთვის სასურველი მიმართულებით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი ნებაყოფლობით ვადაში არ დატოვებს ქვეყანას კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაძევების ბრძანება აღსრულდება იძულებით. სასამართლო ბრძანებით, პირს დაუწესდა ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 5 წლის ვადით”. – წერია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

