სერბეთის ახალმა ოპოზიციურმა ძალამ, „სტუდენტურმა სიამ“, ხმების 50%-ზე მეტი მიიღო და მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებს.
მმართველი სერბეთის პროგრესული პარტიის თავმჯდომარემ, ალექსანდარ ვუჩიჩმა, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება შედეგების გამოცხადებამდე აღიარა.
სერბეთის რესპუბლიკური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ახალმა ოპოზიციურმა ძალამ, „სტუდენტურმა სიამ“, საპარლამენტო არჩევნებში ხმების 50,84% მიიღო.
ამავე მონაცემებით, ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის სიას მხარი ქვეყნის ამომრჩეველთა 40,41%-მა დაუჭირა.
საარჩევნო ბიულეტენებში სულ 18 პარტია და საარჩევნო სია იყო წარმოდგენილი, თუმცა მათგან 15-მა ხმების 1%-ზე ნაკლები მიიღო.
ვუჩიჩმა დამარცხება მანამდე აღიარა, ვიდრე საარჩევნო კომისია ამ მონაცემებს გამოაქვეყნებდა. ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, „სტუდენტური სია“ 135-დან 140-მდე სადეპუტატო მანდატს მიიღებს.
„მინდა გაცნობოთ, რომ სტრატიფიცირებული შერჩევის საფუძველზე მიღებული მონაცემებით, სრულიად ნათელია: ეს არჩევნები წავაგეთ. გაიმარჯვა საპროტესტო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ჩამოყალიბებულმა „სტუდენტურმა სიამ“. ის 135-დან 140-მდე სადეპუტატო მანდატს მიიღებს, ჩვენ კი — დაახლოებით 105-ს“, — განუცხადა ვუჩიჩმა თავის მხარდამჭერებს.
მისი თქმით, სერბეთის პროგრესულმა პარტიამ მილიონ 720 ათასი ხმა მიიღო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ვუჩიჩმა ასევე განაცხადა, რომ „პარლამენტში არცერთი სხვა პარტია არ გასულა, გარდა, შესაძლოა, ვოივოდინელი უნგრელებისა — სამი მანდატით, ალბანელებისა — ერთი მანდატით და, როგორც ჩანს, დემოკრატიული მოქმედების პარტიისა (SDA)“.
დამარცხების ასე სწრაფად აღიარების საფუძველი ამომრჩეველთა უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა — თითქმის 68% — გახდა.
„დღეს სერბეთის მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე რეკორდული რაოდენობით მივიდნენ, რათა თავიანთი ქვეყნის მომავალი განესაზღვრათ. ვულოცავთ „სტუდენტურ სიას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას, — დაწერა X-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. — მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეფორმებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, კორუფციასთან ბრძოლა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე ერთობლივად ვიმუშაოთ სერბეთის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის“.
„სტუდენტურ სიას“ არჩევნებში გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა მიულოცა. „ახლახან ტელეფონით ვესაუბრე სერბეთის არჩევნებში გამარჯვებული „სტუდენტური სიის“ ლიდერებს, რათა მათთვის მიმელოცა, — დაწერა მან X-ზე. — გამიხარდა იმის მოსმენა, თუ რამხელა ძალა შესძინა მათ ამ რთულ ბრძოლაში აპრილში ჩვენმა გამარჯვებამ“.
მადიარი პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა პარტია „ტისამ“ არჩევნებში დაამარცხა ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“, რომელიც ხელისუფლებაში 16 წლის განმავლობაში იყო. ვუჩიჩი ორბანს ხშირად „მეგობარს“ უწოდებდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ბრძოლა ალექსანდარ ვუჩიჩის მმართველ სერბეთის პროგრესულ პარტიასა და ახალი სტუდენტური მოძრაობის მიერ წარდგენილ სიას — „სტუდენტები იმარჯვებენ“ — შორის გაიმართა.
მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო გამოკითხვები არცერთი მხარის აშკარა უპირატესობას არ აჩვენებდა — თითოეულს ხმების დაახლოებით 40%-ს უწინასწარმეტყველებდნენ — მიმომხილველთა უმრავლესობა ვარაუდობდა, რომ ამომრჩეველთა საბოლოო აქტივობა 65%-ს ან მეტს თუ მიაღწევდა, ეს, დიდი ალბათობით, სტუდენტური მოძრაობის სასარგებლოდ იმუშავებდა.
ექსპერტები თავიდანვე უწოდებდნენ მოძრაობას „სტუდენტები იმარჯვებენ“ პირველ სერიოზულ კონკურენტს, რომელსაც სერბეთის მოქმედი ხელისუფლება 2012 წლის შემდეგ დაუპირისპირდა.
გრძელი რიგები და დაძაბული ატმოსფერო
ამ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 6,45 მილიონ ადამიანს ჰქონდა. საარჩევნო უბნებთან დილიდანვე რიგები იდგა არა მხოლოდ თავად სერბეთში, არამედ სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში, მიუნხენში, ლოს-ანჯელესსა და ჩიკაგოშიც. პარიზში სერბი ამომრჩევლები რიგში კოკისპირულ წვიმაში იდგნენ.
ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა ჯერ კიდევ დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად აღემატებოდა წინა არჩევნების უმეტესობის მაჩვენებელს — სერბეთის საარჩევნო კომისიის ცნობით, შუადღისთვის ხმა ამომრჩეველთა დაახლოებით 25%-ს უკვე მიცემული ჰქონდა.
კვირას, დღისით, დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ „კვლევის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ცენტრმა“ (CRTA) განაცხადა „დარღვევების დიდი რაოდენობისა“ და საარჩევნო უბნებთან „ძალადობრივი ინციდენტების“ გახშირების შესახებ.
თუმცა პოლიციას არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობის არცერთი სერიოზული შემთხვევა არ დაუდასტურებია, იუწყება სააგენტო AFP.
ამასთან, სერბეთში ვითარება მთელი დღის განმავლობაში დაძაბული რჩებოდა. ბელგრადში პოლიციამ რესპუბლიკური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა.
მას შემდეგ, რაც ვუჩიჩმა დამარცხება აღიარა, „სტუდენტური სიის“ ათასობით მხარდამჭერი გამარჯვების აღსანიშნავად ქუჩებში გამოვიდა. თვითმხილველთა თქმით, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში შუქნიშანთან გაჩერებული ავტომობილების მძღოლები მინებს სწევდნენ და ხმამაღლა რთავდნენ სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ჰიმნად ქცეულ ხალხურ სიმღერას — „სამი კოცნა მინდა“. სტუდენტებმა ეს სიმღერა იმიტომ შეიყვარეს, რომ „სტუდენტური სია“ საარჩევნო ბიულეტენში მესამე ნომრითაა წარმოდგენილი.
ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ვუჩიჩმა სერბეთის მთავრობის წინადადების საფუძველზე პარლამენტი დაითხოვა. სექტემბრის ბოლოს კი მან პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, რათა თავისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში მთავრობას სათავეში ჩასდგომოდა.
ბევრმა ექსპერტმა ამ ნაბიჯში ხელისუფლების შენარჩუნების აშკარა მცდელობა დაინახა. ვუჩიჩის მეორე საპრეზიდენტო ვადა მომავალი წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, მესამე ვადით კენჭისყრის უფლება კი მას არ ჰქონდა.
ორწლიანი პროტესტი
თითქმის ორი წელია, სერბეთი მწვავე პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის პერიოდს გადის, რომელიც 2024 წლის 1 ნოემბერს ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ დაიწყო.
მაშინ გადახურვის ჩამონგრევის შედეგად 16 ადამიანის დაღუპვას მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
ალექსანდარ ვუჩიჩის კრიტიკოსებმა ტრაგედიის მიზეზად მისი მთავრობის კორუფცია და დაუდევრობა დაასახელეს. ქვეყანაში მასობრივი პროტესტი 2024 წლის დეკემბრიდან გრძელდება.

სტუდენტურმა კომიტეტებმა, რომლებიც საპროტესტო გამოსვლებს კოორდინაციას უწევენ, ეჭვქვეშ დააყენეს ვუჩიჩის ლეგიტიმურობა და მისი გადადგომა და სერბეთის პროგრესული პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორება მოითხოვეს.
ვუჩიჩის მხარდამჭერები, თავის მხრივ, სტუდენტებს უცხოური გრანტებით „ფერადი რევოლუციის“ მომზადებაში ადანაშაულებენ. ვუჩიჩი ამტკიცებს, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ახალი ხელისუფლება დაუყოვნებლივ დააწესებს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
თუმცა სტუდენტური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამაში ამის შესახებ სიტყვაც არ ყოფილა. მისი ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ მოძრაობა აერთიანებს როგორც ლიბერალური, ისე ნაციონალისტური შეხედულებების მქონე ადამიანებს.
ვუჩიჩი, რომელიც მხარს უჭერს სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარს ამბობს, ამომრჩევლებს პენსიებისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდას, ასევე სახელმწიფო ჯანდაცვაში ინვესტიციების გაზრდას დაჰპირდა.
ოპოზიცია ამას პოპულიზმს უწოდებს და მიიჩნევს, რომ კორუფციის ის დონე, რომელსაც ქვეყანამ ვუჩიჩის მმართველობისას მიაღწია, რეფორმების გატარების შანსს არ ტოვებს.


