{{ARTICLEIMAGE}}
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული სკანდალურ სტატიაზე პირველ კომენტარს Newsreport.ge-სთან აკეთებს.
საუბარია Foreign Policy-ს სტატიაზე, რომელშიც წერია, რომ სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნას ბლოკავს, რადგან მას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილად მიიჩნევს.
“ეს არის საშინელი გადაწყვეტილება. იმით, რომ ის არ ეთანხმება საქართველოში აშშ-ს ელჩად ბრინკის დანიშვნას, საქართველოს მთავრობა უნებლიედ წარმოაჩენს, რომ თავს გრძნობს სუსტად და შეშინებულად პროსააკაშვილისეული კონსპირაციით, რომელიც არ არსებობს. შესაბამისად, ის აზიანებს საქართველოს ურთიერთობებს მის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან. ბრიჯიტ ბრინკი არის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი დიპლომატი, საქართველოსა და მიზი მეზობელი ქვეყნების საკითხების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მცოდნე ექსპერტი, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია. გარდა ამისა, მას ძალიან უყვარს საქართველო და ყოველთვის ობიექტურია. არასოდეს ავლენდა პროსააკაშვილისეულ დამოკიდებულას და არ იყო მიკერძოებული რომელიმე პოლიტიკური ლიდერის მიმართ. ბრიჯიტი ნამდვილი პროფესიონალია, პირველ რიგში, ყოველთვის კარგად ახსოვს ამერიკის ეროვნული ინტერესები”,უთხრა მეთიუ ბრაიზამ Newsreport.ge-ს.
შეგახსენებთ, ამერიკული ონლაინგამოცემა Foreign Policy წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკული მხარე საქართველოში აშშ-ს ელჩის პოზიციაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში მას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად მიიჩნევდა.
ამერიკული მედია ასევე წერს, რომ მისი წყაროები ვაშინგტონში მოქმედი, ასევე ყოფილი ოფიციალური პირები არიან. რაც შეეხება ოფიციალურ კომენტარებს, არც საქართველოში და არც ვაშინგტონში ისურვეს ამ თემაზე გამოცემასთან საუბარი.
საქართველოს მთავრობა რომ შესაძლოა, ქვეყანაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებულ კანდიდატურას ეწინააღმდეგებოდეს, ამის შესახებ პირველად “ტვპირველის” ეთერში ეკა გიგაურმა, საერთაშორისო გამჭვირავლობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა, რასაც მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის კრიტიკა მოჰყვა.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი განცხადებებით გიგაური ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს:
“მე ბევრჯერ მიპასუხია მისთვის, მაგრამ დღეს უფრო კარდინალური ვიქნები. მისი გამოსვლებით ის ცდილობს, ქვეყანა შიგნით და გარეთ დააზიანოს. ახლა საერთოდ მოუკრეფავში გადავიდა, თურმე ამერიკის ელჩს აღარ ნიშნავს ივანიშვილი”.
თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა ჟურნალისტებთან ასეთი კომენტარი გააკეთა:
“როგორ წარმოგიდგენიათ? როგორ შეიძლება, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ასეთი მაღალი დონის ურთიერთობა გვაქვს. საქართველო სხვა ქვეყნების ელჩების შერჩევის პროცესში მონაწილებას არ იღებს, ეს არის სპეკულაცია და არასერიოზულია ამაზე ლაპარაკი”.
ქართველი მაღალჩინოსნების გარდა, ამერიკის ელჩის დანიშვნის საკითხზე ჟურნალისტებმა ამერიკის ოფიციალურ პირსაც ჰკითხეს, როდესაც ის საქართველოში ვიზიტით იყო. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ “ეს რთული პროცესია”.
“ეს უკავშირდება სენატის მიერ ელჩის დამტკიცების რთულ პროცესს. მეორე მხრივ, ელიზაბეთ რუდი შესანიშნავად ართმევს თავს ელჩის მოვალეობის შესრულებას. ის გადასარევად უძღვება საელჩოს, ვიდრე ახალ ელჩს დაამტკიცებენ”.
უკვე 8 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოვიდა როს უილსონი, რომელიც ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ითვლება. ექსპერტების ვარაუდით, სწორედ როს უილსონი შესაძლოა, დარჩეს ამერიკის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელად.