{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას ისურვებდა.
მისი თქმით, კარგი იქნება, თუ ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნდება. ამის შესახებ მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, როცა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას ჰკითხეს, რამდენად დადებითი მოვლენა იქნება ქვეყნისთვის პრემიერად ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება.
“როდესაც გიორგი კვირიკაშვილი წავიდა თანამდებობიდან, მაშინვე ვთქვი რომ სწორი და ადეკვატური იქნებოდა, რომ პარტიის ლიდერი და ადამიანი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიაჩნიათ ლიდერად საკუთარ პარტიაში, უნდა დაბრუნდეს და აიღოს პასუხისმგებლობა. იმიტომ, რომ რაც ახლა ხდება და რაც წლების განმავლობაში კითხვის ნიშანს ბადებდა ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ, ელემენტარულად გახდებოდა ბევრად უფრო გასაგები. ჩვენს პარტნიორებს არაერთხელ დაუსვამთ კითხვა, რომ რა სახელმწიფო მოწყობა გაქვთ. იციან მონარქიები, იციან საკონსტიტუციო მონარქიები, იციან საპარლამენტო და საპრეზიდენტო რესპუბლიკები, იციან ფედერალური მოწყობა. ეს მოწყობა ჯერჯერობით ასე ნათლად არცერთ სახელმწიფო სისტემაში არ არის აღწერილი. ბუნებრივია, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს საქართველოს მიმართ. გავიგეთ, რომ ყველა უნდა შევარყიოთ, პრემიერ-მინისტრები უნდა მიდიოდნენ ისე, რომ გაუგებარი იყოს, ვისთან მოუვიდათ კონფლიქტები, პრეზიდენტს უნდა ვებრძოდეთ იმიტომ, რომ მისი ხასიათი არ მოგვწონს და ასე შემდეგ. მაგრამ, რა ჰქვია ამ სახელმწიფო მოწყობას? ჯერ ასეთი სახელი ამ სისტემისთვის არ არის მოგონილი”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მარგველაშვილის თქმით, არასდროს გაუკეთებია განცხადებები იმის შესახებ, თუ რა როლს ასრულებს ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში, რადგან სურს ილაპარაკოს პოლიტიკაზე, პოლიტიკოსების განცხადებებზე, პარტიების ხედვებზე და პოლიტიკური დებატების თემებზე და არა ჭორებზე.
გიორგი მარველაშვილის თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება, დასრულდება “უხერხული ღიმილიც,” რომლითაც პოლიტიკოსები პასუხობდნენ ივანიშვილის როლზე დასმულ შეკითხვებს.
“ამის გარდა, მე მიმაჩნია, რომ პარტიაში ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია. ნამდვილად მომწონდა მასთან ერთად მუშაობა ოპოზიციაშიც და მინისტრადაც”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.