ქვემო ქართლის ტელევიზიამ პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელე–რადიო კომპანია ტვ4–მა, რომელიც ქვემო ქართლში მაუწყებლობს დღეს მაუწყებლობა შეწყვიტა. არხმა საღამოს ეთერში სპეციალური საინფორმაციო გამოშვება გაუშვა, რომელშიც არხის სპეციალური განცხადება გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ არის მათი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა. თუმცა ტელეარხი არ აკონკრეტებს ვისგან მოდის ეს მცდელობა და რა კონკრეტული საფრთხე ემუქრება ტელეკომპანიას. სპეციალური საინფორმაციო გამოშვების შემდეგ არხმა მაუწყებლობა შეწყვიტა.

“TV4 21 წელია, საკუთარ ქალაქს და მთელ რეგიონს ემსახურება. არაერთხელ დამდგარა ტელევიზია დახურვის საფრთხის წინაშე, თუმცა აქ მომუშავე ადამიანებს ყოველთვის სჯეროდათ, რომ მათ მიერ გაშუქებულ მასალას შედეგი ჰქონდა. ამ არხის ეთერში გასულ პრობლემატურ მასალებს დროული გამოხმაურება მოჰყვებოდა ქალაქის ყველა ხელმძღვანელი პირის მხრიდან . ჩვენ ვასრულებდით მედიატორის როლს მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის.

უმთავრესი მიზეზი ამ ტელევიზიის მუშაობისა და არსებობის მხოლოდ ეს იყო. წლების განმავლობაში ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს ტელევიზია და მაუწყებლობდეს რადიო. თუმცა დღეს, 21 წლის შემდეგ, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით . გარკვეული ძალები ცდილობენ ტელე-რადიო კომპანიამ არსებობა შეწყვიტოს და ამით ინფორმაციის გარეშე დარჩეს ჩვენი ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობა.

დღეს TV4 -ის მუშაობის მთავარ პრინციპს საფრთხე დაემუქრა. ჩვენ ვემიჯნებით გარკვეული ძალების სურვილს, ჩაერიონ არხის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაში. მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა, თუმცა მაუწყებლობა არ შეჩერებულა. დღეს საინფორმაციო გამოშვების დასრულების შემდეგ TV4 და რადიო 4-მა მაუწყებლობას დროებით შეწყვეტს. ჩვენ ასეთი ფორმით გამოვხატავთ პროტესტს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცდილობს, ქალაქი და რეგიონი ტელევიზიისა და რადიოს გარეშე დატოვოს. მადლობას მოგახსენებთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს და ყველას, ვისაც სჯერა, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს საკუთარი არხი.

განსაკუთრებულად მადლობას ვუხდით ჩვენი ქალაქის მერს, ბატონ ირაკლი ტაბაღუას, რომ მაუწყებლობის შეჩერების ფაქტი სწორედ მისი მერობის პერიოდში დაფიქსირდა. რუსთავი ერთადერთი თვითმმართველი ქალაქი იქნება ტელევიზიისა და რადიოს გარეშე. ჩვენ ვწყვეტთ მაუწყებლობას! მხოლოდ მომავალში შეხვედრის იმედით შეგვიძლია დაგემშვიდობოთ”, – ნათქვამია არხის საგანგებო განცხადებაში.