ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებს. თორნიკე მამალაძე ელოდებოდა, რომ საპატრიარქო პრეზიდენტს მისი ძმის შეწყალების თხოვნით მიმართავდა, რადგან სასულიერო პირებმა ამაზე საჯაროდაც ისაუბრეს. თუმცა როგორც ჩანს, სასულიერო პირები საერთო აზრზე ვერ შეჯერდნენ და დეკანოზი აღდგომას ისევ ციხის საკანში შეხვდება. პროტესტის გამოსახატად, დეკანოზის ოჯახი საპატრიარქოს შემდეგ, კიდევ ერთი კარვის გაშლას უკვე მთავრობის ადმინისტრაციასთან აპირებს.
თორნიკე მამალაძე ფიქრობს, რომ საპატრიარქო შეშინებულია იმ ინფორმაციის გამო, რომელიც დეკანოზმა იცის. დეკანოზის ძმის ინფორმაციითვე, სასულიერო პირები დეკანოზისგან წერილობით აღიარებას ითხოვდნენ და სურდათ, რომ მსჯავრდებულ სასულიერო პირს ღიად ეთქვა, რომ საპატრიარქოში კორუფცია არ არსებობს. თორნიკე მამალაძე ფიქრობს, რომ დეკანოის შეწყალების საკითხს პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილი ეწინაღმდეგება. სწორედ თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავება გამოძიება დეკანოზს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა წინასააღდგომოდ შეწყალების აქტი გამოსცა. სალომე ზურაბიშვილმა 19 პატიმარი და 23 პირობითი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულ პატიმრებს შორის არ მოხვდა დეკანოზი გიორგი მამალაძე.