“ბიზნესის სკოლა ჩვენია”, ამ ლოზუნგით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია სასწავლო დაწესებულების შენობაში გაიმართა.
სტუდენტები უნივერსიტეტში რეორგანიზაციის შეწყვეტას მოითხოვენ.
სტუდენტებმა წაიკითხეს ილიაუნის მოწვეული ლექტორების განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბიზნესსკოლისთვის პირვანდელი სტატუსის დაბრუნებასა, რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შექმნას და მასში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვას მოითხოვენ.
აქციაზე მივიდა უნივერსიტეტის რექტორი. გიგა ზედანიამ სტუდენტებს სხვა ფორმატში შეხვედრა შესთავაზა.
სტუდენტებმა რექტორს ჰკითხეს, რატომ მიიღო უნივერსიტეტმა გადაწყვეტილება მათი ჩართულობის გარეშე, რასაც ხმაური მოჰყვა.
“კომუნიკაციის პრობლემას ვერ მიგვარებ, რა უნდა მომიგვარო” – მიმართა აქციის მონაწილე სტუდენტმა რექტორ ზედანიას, რის შემდეგაც მიკროფონთან მივიდა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, ემზარ ჯგერენაია. სტუდენტებმა მისი მოსმენა არ ისურვეს და სთხოვეს, შეეწყვიტა საუბარი.
“ავიდეთ აუდიტორიაში და ერთმანეთს გავაგებინოთ. არც თქვენ გესმით ჩემი და მეც არ მესმის თქვენი”,-ამ სიტყვებით ხმაურის ფონზე დატოვა სტუდენტების შეკრების ადგილი ზედანიამ და შეხვედრა აუდიტორიაში მოითხოვა, თუმცა უნივერსიტეტის რექტორის ამ მოთხოვნას სტუდენტები არ დათანხმდნენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს მათი მხრიდან დათმობა იქნება. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, რექტორმა უნივერსიტეტის შენობა უკვე დატოვა.
“ზედანიას სურს, იყოს ბელადი, ცდილობს დაემსგავსოს სტალინს და ჰიტლერს, მაგრამ არ გამოსდის”, – ასეთი იყო ერთ-ერთი სტუდენტის რეპლიკა.