ე.წ. უკანონო მოსმენების საქმეზე ფორმულას ჟურნალისტს, ნინო ჟიჟილაშვილს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. ჟიჯილაშვილი პროკურატურაში დღეს, 3 აგვისტოს, სუს-ის მასალების გაჟონვიდან თითქმის 1 წლის თავზე დაიბარეს.
მასალებში ნინო ჟიჟილაშვილი 19-ჯერ არის ნახსენები. ასახულია მისი საუბარი რესპონდენტებთან. ჟურნალისტის თქმით, უსმენდნენ გადაცემა პოლიტმეტრის ყველა თანამშრომელს, მათ შორის, სტაჟიორებსაც. ჟიჟილაშვილი ამბობს, რომ ეს პროფესიული საქმიანობის შეზღუდვაა.
“ახლა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რა სისწრაფით წავა გამოძიება. ჩვენი ადვოკატებისგან ვიცით, რომ შესაძლებელია ამ საქმის გაცილებით სწრაფ ტემპში წარმოება. ვნახოთ, როგორ პოლიტიკურ ნებას გამოავლენს დღეს საგამოძიებო უწყება, რომელიც, სამწუხაროდ. ხშირად ეს სწორედ პოლიტიკურ დაკვეთაზეა დამოკიდებული.
კითხვები იყო საქმესთან დაკავშირებით. მე სუს-ის ფაილებში დაახლოებით 20-ჯერ ვარ ნახსენები, აქედან 5 არის სრული სატელეფონო ჩანაწერი სასულიერო პირებთან. იყო კითხვები, სად ვნახე მე ეს ჩანაწერები, როგორ მოვიპოვე, როგორ დავაიდენტიფიცირე, გადმომცა თუ არა ვინმემ, მე გადავეცი თუ არა სხვას. მე მივაწოდე ჩემ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია გამომძიებელს.
ყველა ჩანაწერი, რომელიც კრებსებში ჩემთან დაკავშირებით ვნახე, არის ავთენტური, ეს ჩანაწერები ნამდვილად იყო”. – თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა გამოკითხვის დასრულების შემდეგ.
დღესვე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს ოპოზიციონერ პოლიტიკოს ეკა ბესელიას.