უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინულ მხარეს რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულებისთვის მიმდინარე სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებით ახალი, მათ შორის კრეატიული იდეები აქვს.სიბიგამ ამის შესახებ კიევში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამშვიდობო პროცესში მაქსიმალური გააქტიურებაა საჭირო, რადგან ამ ეტაპზე მოლაპარაკებები პაუზის ფაზაშია. სიბიგას განცხადებით, უკრაინას პროცესში აშშ-ის უფრო აქტიური ჩართულობა და ამერიკული ლიდერობა სჭირდება.
„ამერიკელების, შეერთებული შტატების გარეშე, ამ სიტუაციაში პროგრესისა და სამართლიანი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია“, — განაცხადა სიბიგამ.
მინისტრის ინფორმაციით, სამშვიდობო პროცესის საკითხი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ვაშინგტონში გამართული ბოლო შეხვედრის დროს განიხილა.
სიბიგას თქმით, უკრაინული მხარე ასევე ელოდება ამერიკელი მომლაპარაკებლების ჯგუფის უკრაინაში ჩამოსვლას. მისი განცხადებით, კიევს პროცესის გასააქტიურებლად კონკრეტული იდეები, მათ შორის კრეატიული ინიციატივები, აქვს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამშვიდობო პროცესში პაუზა არ უნდა გაგრძელდეს და საჭიროა ახალი, აქტიური პოლიტიკური და დიპლომატიური ეტაპის დაწყება, რომლის მთავარი მიზანიც ომის დასრულება იქნება.
„ერთი სიტყვით: პაუზა არ უნდა იყოს და ახალი აქტიური პოლიტიკური და დიპლომატიური სეზონი, უპირველეს ყოვლისა, ამ ომის დასრულების გზაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ამისთვის ერთი, პრაქტიკულად ერთადერთი დაბრკოლება არსებობს: პუტინი“, — განაცხადა სიბიგამ.



