ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა მოსკოვის ოლქზე დრონების მასშტაბური შეტევის შედეგად. რეგიონის თავზე 249 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, — დაწერა კვირას, 20 სექტემბრის დილით, მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა Telegram-ზე.
ვორობიოვის თქმით, სოფინოში შეტევის შემდეგ საწყობების კომპლექსში ხანძარი გაჩნდა. Telegram-არხი Astra წერს, რომ იქ მთლიანად იწვის ლოგისტიკური კომპლექსი „Современные складские технологии“, რომლის ფართობიც დაახლოებით 850 ათასი კვადრატული მეტრია. გუბერნატორმა ასევე განაცხადა, რომ დრონები მოხვდა სამ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლსა და ერთ კერძო სახლს, სადაც ხანძრები გაჩნდა.
„დრონების შეტევის შედეგად სამედიცინო დახმარება 20 ადამიანს დასჭირდა, მათ შორის სამ ბავშვს. 15 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, კიდევ ექვსმა კი დახმარების მიღების შემდეგ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა“, — განაცხადა მოგვიანებით ვორობიოვმა.
სობიანინმა შეტევას ყველაზე მასშტაბური უწოდა
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე 450 დრონი ჩამოაგდეს.
„მოსკოვზე მტრის უპილოტო საფრენი აპარატების ყველაზე მასშტაბური შეტევა მოვიგერიეთ. გუშინდელი დღიდან ყველა მიმართულებით 1600-ზე მეტი უპილოტო აპარატის შეტევა იქნა მოგერიებული. მათგან 450 — მოსკოვისკენ მიმავალ გზაზე. რამდენიმე დრონმა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიას მიაღწია, ერთი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. დაღუპულები არ არიან“, — დაწერა სობიანინმა.
შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა მოსკოვის კაპოტნიას რაიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ეს ქარხანა ივნისშიც გახდა თავდასხმის სამიზნე.
Telegram-არხი „Осторожно, новости“, ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით, კოტელნიკებში საცხოვრებელ კომპლექსში ხანძრის შესახებ იუწყება. ისტრაში კი დრონის ნამსხვრევებმა საცხოვრებელ სახლში ბინა დააზიანა, — განაცხადა მუნიციპალური ოლქის ხელმძღვანელმა ტატიანა ვიტუშევამ.
მუშაობა დროებით შეაჩერეს მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებმა.


