გერმანია რუსეთის შეკავების მიზნით შორი მოქმედების იარაღის ახალი არსენალის შექმნას გეგმავს, რისთვისაც, სავარაუდოდ, თითქმის 12 მილიარდი ევრო იქნება საჭირო. ამის შესახებ POLITICO თავდაცვის სამინისტროს შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
დოკუმენტების თანახმად, გერმანიის გეგმაში შედის როგორც ფრთოსანი რაკეტები, ისე Tomahawk-ის ტიპის რაკეტები და მომავალში ჰიპერბგერითი იარაღის შესყიდვაც.
ახალი შეიარაღება გერმანიის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობას მისცემს, ფრონტის ხაზიდან ასობით და, ზოგიერთ შემთხვევაში, ათასობით კილომეტრის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე განახორციელონ დარტყმები. მათ შორისაა სამხედროების სამეთაურო ცენტრები, აეროდრომები, სარაკეტო გამშვები დანადგარები და მომარაგების ჰაბები.
POLITICO-ს მიერ მოპოვებული შიდა დოკუმენტების მიხედვით, შორი მოქმედების სარაკეტო შესაძლებლობების განვითარება გერმანიისა და ნატოსთვის ერთ-ერთ უმაღლეს პრიორიტეტად არის შეფასებული.
გეგმა იმ ფონზე განიხილება, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთისგან მომდინარე მზარდი საფრთხის შეკავების მიზნით თავდაცვის შესაძლებლობებს აძლიერებენ.
დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ გერმანიისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მისმა შეიარაღებულმა ძალებმა შეძლონ დარტყმების განხორციელება „მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში“ და შეინარჩუნონ კონვენციური იარაღით საპასუხო მოქმედების შესაძლებლობა „ბირთვული ზღურბლის ქვემოთ“.



