გიგანტმა სოციალურმა ქსელმა Facebook-მა “არაავთენტური ქცევისთვის” ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა, რომლებიც კომპანიის განცხადებით რუსეთშია შექმნილი და რომელთა სამიზნეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო წარმოადგენდა.
Facebook განმარტავს, რომ „კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის“ უცხოური ან სახელმწიფო ჩარევის წინააღმდეგ სოციალური ქსელის პოლიტიკის დარღვევისთვის წაშლილია 214 პირადი ანგარიში, 35 გვერდი და 18 ჯგუფი, ასევე სოციალურ ქსელ Instagram-ის 34 ანგარიში.
მათი ცნობით, რუსეთში შექმნილი ყალბი ანგარიშები და ჯგუფები ძირითადად ორიენტირებული იყვნენ სირიასა და უკრაინაზე, ასევე შედარებით მცირე დოზით, თურქეთზე, იაპონიაზე, სომხეთზე, საქართველოზე, ბელარუსსა და მოლდოვაზე. ასევე, აღნიშნული საქმიანობის მცირე ნაწილი მიმართული იყო დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სკენ.
“ფეისბუქის” განცხადებაში ვკითხულობთ, რონ აღნიშნული კამპანიის უკან მდგომი პირები ინფორმაციას მრავალ ენაზე აქვეყნებდნენ, მათ შორის ინგლისურად, უკრაინულად, რუსულად, არაბულად. ისინი ხშირად აქვეყნებდნენ ინფორმაციას ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, მათ შორის სირიის სამოქალაქო ომის, თურქეთის საშინაო პოლიტიკის, ნატო-ს, უკრაინის ომის, ბალტიის ქვეყნებში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აშშ-ში პოლიტიკის შესახებ.
Facebook-ი ყალბი ანგარიშების მოქმედებას რუსეთის სამხედრო უწყებებთან აკავშირებს.
„იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ოპერაციის უკან მდგომმა პირებმა გადადგეს ნაბიჯები, რათა დაემალათ საკუთარი ვინაობა და კოორდინირება, ჩვენმა გამოძიებამ ეს კლასტერები რუსეთის სამხედრო უწყებებთან, მათ შორის სამხედრო სადაზვერვო სამსახურებთან დააკავშირა“, – წერია Facebook-ის განცხადებაში.